|
საგაზაფხულო სესიაზე პარლამენტმა 137 კანონპროექტი და 500-ზე მეტი დადგენილება მიიღო, რვა კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო დაიძლია, განხორციელდა სამოცდაათამდე ოფიციალური ვიზიტი საზღვარგარეთ, ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა დღეს ჟურნალისტებთან ტრადიციულ შეხვედრაზე განაცხადა.
მისი განცხადებით, კანონპროექტების სიმრავლე მიუთითებს, რომ პარლამენტი და დეპუტატები საგაზაფხულო სესიაზე სრული დატვირთვით მუშაობდნენ. პარლამენტის თავმჯდომარემ იმ კანონპროექტებზე გაამახვილა ყურადღება, რომლებმაც განსაკუთრებული დისკუსია გამოიწვია პარლამენტში და რომლების მიმართაც დიდი იყო საზოგადოების ინტერესი, მათ შორის შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებები, პროცესი უკვე დასრულებულია და მიღებულია კანონის ოპტიმალური ვარიანტი. ასევე მნიშვნელოვანია კანონი საერთო სასამართლოების შესახებ, რის საფუძველზეც, ცოტა ხნის წინ, მოსამართლეთა არჩევნები ჩატარდა. მნიშვნელოვანია ცვლილებები პროკურატურის შესახებ კანონსა და სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობაში, რაც პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით სერიოზული წინ გადადგმული ნაბიჯია, თუმცა მისივე განცხადებით ის არ არის სრულყოფილი, პარლამენტი ამ მიმართულებით კვლავ გააგრძელებს მუშაობას და კიდევ იქნება სიახლეები. დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ მან უკვე მიმართა საქართველოს პრეზიდენტს პარლამენტის რიგგარეშე სესიის მოწვევის თაობაზე და ხვალ, 10 ივლისს დაიწყება რიგგარეშე სესიის სხდომები, სადაც კიდევ მრავალი ახალი ინიციატივაა განსახილველად შემოსული. საქართველოს მთავრობიდან შემოსულია ახალი საკანონმდებლო ინიციატივები "პოლიციის შესახებ კანონი“ და "კანონი საგზაო მოძრაობის შესახებ“. კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი ინიციატივაა შემოსული, რომლებზეც პარლამენტი რიგგარეშე სესიაზე იმუშავებს. რიგგარეშე სესიაზე იმსჯელებენ პარლამენტის საარჩევნი კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებითაც. "მინდა ხაზი გავუსვა ერთ გარემოებას, რომ საპრეზიდენტო არჩევნების წინ ჩვენ თავი შევიკავეთ საარჩევნო კოდექსის ფუნდამენტური ცვლილებებისგან, ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, იმისათვის, რომ არჩევნების წინ არ მომხდარიყო რაიმე სერიოზული ცვლილება თამაშის წესებში. ეს არ ნიშნავს, რომ მოქმედი კანონმდებლობა ბევრი მიმართულებით დახვეწას არ საჭიროებს, მაგრამ გადავწყვიტეთ, რომ ამ შემთხვევაში უმჯობესი იქნებოდა ამ ცვლილებებზე მუშაობა გაგრძელდეს და საშემოდგომო სესიაზე მივიღოთ სათანადო ცვლილებები, მათ შორის საარჩევნო ადმინისტრაციაში და ასე შემდეგ. პროექტი მზად არის ამომრჩეველთა სიებთან დაკავშირებით და ამაზეც მივიღებთ გადაწყვეტილებებს, შეჯერებულია ინტერფრაქციულ ჯგუფში. იუსტიციის სამინისტრო, საჯარო რეესტრი მუშაობენ ინტენსიურად, და ის რისთვისაც წინა ხელისუფლების პირობებში 5-6 წელი იყო საჭირო მოქალაქეთა საყოველთაო აღრიცხვისთვის, ვხედავთ, რომ შესაძლებელია პროცესი მომავალი წლის გაზაფხულისთვის დასრულდეს და ამით წერტილი დაესვას ყველა იმ სპეკულაციას და გაუგებრობას, რაც ამომრჩეველთა სიებთან არის დაკავშირებული. ასე, რომ ადგილობრივი არჩევნებისთვის ჩვენ გევქნება, გამართული, აღრიცხული, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით შექმნილი ამომრჩეველთა სია, რომლის მონიტორინგი გაცილებით მარტივია, ვიდრე ეს იყო აქამდე“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე.
დავით უსუფაშვილმა კომენტარი გააკეთა პრემიერ-მინისტრთან გამართული კონსულტაციების თაობაზეც, რომელშიც ასევე მონაწილეობდა საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე. მისი შეფასებით ეს იყო ნაყოფიერი შეხვედრა, სადაც რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე გაიმართა კონსტრუქციული მსჯელობა. უსუფაშვილის განცხადებით, თვის ბოლომდე შეიქმება სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია, რომელიც ფუნდამენტურ საკონსტიტუციო ცვლილებებზე ერთი წლის განმავლობაში იმუშავებს. მისივე თქმით, შედგა მსჯელობა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის პროცესში გაკეთდება ყველაფერი, რათა არჩევნები სამართლიანად და თავისუფლად ჩატარდეს. იმსჯელეს რიგგარეშე სესიაზე განსახილველ საკითხებზეც. გარდა ამისა, კონსულტაციებისას საუბარი შეეხო ამნისტიის თემას, რომელიც გასულ წელს გამოცხადდა და საკუთრივ წინასაარჩევნო პერიოდში კონტროლის პალატის მიერ გატარებულ ზომებს შეეხო. პარლამენტის თავმჯდომარემ საგაზაფხულო სესიის შედეგების შეფასებისა და რიგგარეშე სესიასთან დაკავშირებით საუბრის დასრულების შემდეგ უპასუხა ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვებს. საუბარი საპრეზიდენტო კანდიდატებს, ამნისტიის განხორციელების შემდეგ ქვეყანაში არსებულ კრიმინალურ სიტუაციას, პარლამენტის ადგილმდებარეობასთან დაკავშირებით განსახორციელებელ საკონსტიტუციო ცვლილებებს შეეხებოდა. ჟურნალისტებმა ასევე შეკითხვები ბედუკაძის საქმესთან დაკავშირებით მთავრი პროკურორის გადაწყვეტილების თაობაზეც დაუსვეს პარლამენტის თავმჯდომარეს. მისი განცხადებით ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს უკანონო გადაწყვეტილება და კანონის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილება, რომელზეც ვინმეს შესაძლოა განსხვავებული ხედვა აღმოაჩნდეს. "არჩილ კბილაშვილს ბედუკაძის საქმეზე კანონი არ დაურღვევია და ამის მთავარი მტკიცებულება არის ის, რომ გაფორმებული საპროცესო შეთანხმება მოსამართლემ დაამტკიცა. პროკურორის საპროცესო შეთანხმება კი ძალაში მას შემდეგ შევიდა, რაც ის მოსამართლემ განიხილა და დაამტკიცა“, - განაცხადა უსუფაშვილმა. მისივე განმარტებით - "ვისთანაც მომიწია აზრთა ურთიერთგაცვლა კოალიციის შიგნით ამ თემაზე, მე ვერ ვიხსენებ პიროვნებას, რომელიც თვლის, რომ ეს იყო სწორი გადაწყვეტილება. უმრავლესობა მიიჩნევს და მეც ვთვლი, რომ ამ ტიპის საქმეზე მსგავსი გადაწყვეტილება, ალბათ, არ არის მიზანშეწონილი".
|