საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა | Print |
Tuesday, 09 July 2013 20:17

საქართველოსა და მსოფლიო ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულება ფორმდება.

საქართველოსა და რეკონსტრუქციის და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის 2013 წლის 6 ივნისს ხელმოწერილი „სასესხო შეთანხმება“ და საქართველოსა და საერთაშორისო განვითარების ასოციაციას შორის 2013 წლის 6 ივნისს ხელმოწერილი „დაფინანსების შეთანხმება“ რატიფიკაციისთვის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წევრებს დღეს ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი თაბუაშვილმა წარუდგინა.
ხელშეკრულების თანახმად, აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გაუმჯობესების მეოთხე პროექტი აგარა-ზემო ოსიაურის მონაკვეთზე ახალი ოთხზოლიანი გზის მშენებლობას ითვალისწინებს, აღნიშნული მონაკვეთის მიმდებარედ დაახლოებით 3,4 კმ სიგრძის მდინარის ნაპირდაცვითი სამუშაოების განხორციელებას და ასევე ავტომაგისტრალის ნატახტარი-რუისის მონაკვეთის მოვლა-შენახვის ღონისძიებების განხორციელებას. პროექტით ასევე, გათვალისწინებულია რიკოთი-ზესტაფონის მონაკვეთის და რიკოთის ახალი გვირაბის მშენებლობის მიზნით წინასაპროექტო სამუშაოების განხორციელება.
პროექტის დასაფინანსებლად მსოფლიო ბანკის მიერ დაახლოებით 75 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სესხის შეღავათიანი პირობებით გამოყოფაა გათვალისწინებული, საიდანაც 38 მილიონი აშშ დოლარი გამოყოფილი იქნება მსოფლიო ბანკის რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკის (IBRD) პირობებით, ხოლო დაახლოებით 37 აშშ დოლარი - მსოფლიო ბანკის განვითარების საერთაშორისო ასოციაციის (IDA) პირობებით.
აღნიშნული პროექტი წარმოადგენს აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გაგრძელებას.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტს შორის „შესყიდვებზე და მომსახურებაზე“ ხელშეკრულება ფორმდება. აღნიშნული შეთანხმების დადება აქამდე მოქმედი ხელშეკრულების ვადის ამოწურვამ (06.06.2013) განაპირობა. თავდაცვის სამინისტროს პარლამენტთან ურთიერთობისა და სამართლებრივ საკითხთა დეპარტამენტის უფროსის, მირზა დევიძის განმარტებით, აღნიშნული ხელშეკრულების რატიფიცირება საქართველოსა და აშშ-ს შორის ლოგისტიკის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებასა და სამხედრო სფეროში მჭიდრო თანამშრომლობის გაძლიერებას შეუწყობს ხელს.
კომიტეტმა მხარი დაუჭირა აღნიშნული ხელშეკრულებების პლენარულ მსხდომაზე რატიფიცირებისთვის გატანას.

Last Updated on Tuesday, 09 July 2013 20:47