განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის სხდომა | Print |
Tuesday, 09 July 2013 14:58

ქალაქ თბილისში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე განსახორციელებელ სამუშაოებზე ნებართვას ადგილობრივი თვითმმართველობა კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით გასცემს. ცვლილება, რომელიც „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონში და მისგან გამომდინარე კანონპროექტებში შედის, დღეს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომაზე განიხილეს. მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით მომზადებული კანონპროექტთა პაკეტი კომიტეტების წევრებს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილემ, მარინე მიზანდარმა წარუდგინა. მომხსენებლის განცხადებით, 2009 წელს მიღებული ცვლილებების შედეგად, ქალაქ თბილისში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე განსახორციელებელ სამუშაოებზე ნებართვის გაცემას მხოლოდ ქალაქის თვითმმართველობა ახორციელებს და აღნიშნულ პროცესში სამინისტრო და მისი ექსპერტები სრულყოფილად ვერ მონაწილეობენ. წარმოდგენილი ცვლილებებით კი ნებართვის გაცემას, ისევე როგორც საქართველოს სხვა ქალაქებში, ასევე თბილისშიც ადგილობრივი თვითმმართველობა სამინისტროსთან შეთანხმებით განახორციელებს.
რაც შეეხება ობიექტებისათვის ძეგლის სტატუსის მინიჭებასა და მოხსნას, იგი საბჭოს შესაბამისი დასკვნის საფუძველზე, მინისტრის ინდივიდუალური ადმიანისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე მოხდება. ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე არსებული ობიექტებისთვის სტატუსის მინიჭება ან მოხსნა საბჭოს დასკვნის საფუძველზე, სამინისტროს წარდგინებით, საქართველოს მთავრობის განკარგულებით მოხდება.

Last Updated on Wednesday, 10 July 2013 12:03