პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარული სხდომა | Print |
Wednesday, 10 July 2013 22:06

საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების შესაბამისად, დღეს პარლამენტის რიგგარეშე სესია გაიხსნა. ამ მოვლენის აღსანიშნავად პლენარულ სხდომათა დარბაზში საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი აჟღერდა.

მას შემდეგ, რაც პარლამენტმა 10-12 ივლისის პლენარული სხდომების დღის წესრიგი დაამტკიცა, პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, გარკვეული დრო პარლამენტის წევრთა განცხადებებს დაეთმო.
საპარლამენტო უმცირესობის წევრი გიორგი გაბაშვილი, თავის განცხადებაში მთავარი პროკურორის ბრიფინგს გამოეხმაურა და ვლადიმერ ბედუკაძის გამო მისი პასუხისმგებლობის საკითხი წამოჭრა. გიორგი გაბაშვილის თქმით, ციხის სკანდალის შემდეგ დაპატიმრებული რამდენიმე პირი უკვე გათავისუფლებულია, ხოლო წამებისა და არაადამიანური მოპყრობისთვის გასამართლებული ერთ-ერთი პირი თავდაცვის სამინისტროში მუშაობს. გაჩნდა მრავალი კითხვა, რომლებსაც გიორგი გაბაშვილის თქმით, პასუხები აუცილებლად უნდა გაეცეს. იგი მერიის თანამდებობის პირების დაკავების საკითხსაც შეეხო და ეს ფაქტი პოლიტიკურ დევნად შეაფასა.
ეკა ბესელიას, როგორც ფოთის მაჟორიტარი დეპუტატის განცხადება იმ ახალ პროექტებს შეეხო, რომლის განხორციელებაც რეგიონში იწყება. „იმ ოპონენტების საყურადღებოდ მსურს განვაცხადო, რომლებიც ამბობენ, თითქოს ქვეყანაში ყველა პროექტი შეჩერდა, იწყება მნიშვნელოვანი, 60 მილიონიანი პროექტის განხორციელება ქუთაისის, ფოთისა და ანაკლიის წყალმომარაგებასთან დაკავშირებით, რის შედეგადაც ეს საკითხი წელიწადნახევარში სამუდამოდ გადაიჭრება“, - განაცხადა ეკა ბესელიამ. იგი იპოთეკის შედეგად დაზარალებული მოქალაქეების საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ კომიტეტში ამ მიმართულებით გარკვეული გეგმები უკვე დასახეს და უახლოეს ხანში პრობლემის გადაჭრის სამართლებრივ მექანიზმებსაც ჩამოაყალიბებენ.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დეპუტატების განცხადებები, ძირითადად, ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს და მთავრობის საქმიანობის კრიტიკას დაეთმო. მათვე ამ საკითხებზე პარლამენტის მხრიდან რეაგირება და საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნა მოითხოვეს.
საპარლამენტო უმცირესობას გამოეხმაურა და მათი განცხადებები დაგმო პარლამენტის წევრმა, გედევან ფოფხაძემ. მისი თქმით, ის პოლიტიკური ძალა, რომელმაც სადისტების მთელი კასტა შექმნა, ხელს იმ პოლიტიკური გუნდისკენ იშვერს, რომელმაც ეს სადიზმი დაასრულა. მისივე შეფასებით, 1 ოქტომბერს არჩევნების შედეგად, "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობა რომ არ დამთავრებულიყო, უმრავლესობა იმ დღეში აღმოჩნდებოდა, რა დღეშიც პატიმრები იყვნენ.
თორმეტი დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატის სახელით განცხადება სენაკის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ყოფილმა გუბერნატორმა, გურამ მისაბიშვილმა გააკეთა და აღნიშნა, რომ საპარლამენტო უმცირესობის მხრიდან მათ მიმართ გაკეთებული განცხადებები ყოველგვარ ფარგლებს სცდება და ცინიზმის გამოვლენას წარმოადგენს. მან ოპოზიცია ცილისმწამებლური კამპანიის წარმოებაში დაადანაშაულა. გურამ მისაბიშვილის თქმით, საპარლამენტო უმცირესობა დამოუკიდებელ მაჟორიტარებს ცილს სწამებს.
„იმას, რაც შოთა მალაშხიამ იკადრა, არც პოლიტიკასთან, არც კრიტიკასთან და არც ზნეობასთან საერთო არაფერი აქვს. მალაშხია რატომღაც ნაძირლებად გვამკობს იმ 12 დეპუტატს, რომლებმაც პარლამენტში საქმიანობის გაგრძელება დამოუკიდებელი სტატუსით ვარჩიეთ. ბოლოდროინდელი კადრების გახმაურების შემდეგ, კიდევ უფრო მეტად დავრწმუნდით, რომ არჩევანში არ შევმცდარვართ. ამგვარ უზნეობაზე, ამორალურ, სახელმწიფოებრივ - სისტემურ დანაშაულზე უარის თქმა თუ უზნეობად მიგაჩნიათ,  მირჩევნია, ნაძირალა მიწოდოთ რომელიმე დახურულ პარტიულ შეკრებაზე, თუნდაც არაკაცური, ბინძური ეპითეტებით შემამკოთ, მაგრამ ქართველი ხალხის წინაშე სუფთა და მართალი კაცის სახელი მქონდეს, რომელიც ამ სიმახინჯეს გაემიჯნა. ასეთივეა ჩემი კოლეგების პოზიცია, რომლებსაც წამების ამსახველი კადრების შემდგომ გაუმძაფრდათ შეგრძნება, რომ სწორი სამოქალაქო პოზიცია დაიკავეს, როცა დამოუკიდებელი დეპუტატები გახდნენ", - განაცხადა გურამ მისაბიშვილმა, რომელიც შოთა მალაშხიასგან ბოდიშის მოხდას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სამართლებრივი ზომების მიღებას აპირებს.
მისივე თქმით, სამართლდამცავი სტრუქტურები აუცილებლად უნდა დაინტერესდეს, თუ რისთვის მზადდებოდა იარაღის სამალავები და ამ საკითხზე შოთა მალაშხიას საგაზეთო მასალასაც გაეცნონ.
განცხადებების შემდეგ, კანონმდებლებმა დღის წესრიგით განსაზღვრული საკითხების განხილვა დაიწყეს.
საბოლოო, მესამე მოსმენით განიხილეს კანონპროექტი „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, რომლის მიხედვით „ბორჯომისა“ და „ნაბეღლავის“ მინერალური წყლისთვის მოსაკრებლის ოდენობა იცვლება.
პარლამენტის უფლებამოსილებებს თავდაცვის სფეროში ემატება ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის დამტკიცება. ამას უზრუნველყოფს „საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი, რომელიც ასევე საბოლოო - მესამე მოსმენით განიხილეს. კანონპროექტით ასევე ზუსტდება იმ სამართლებრივი აქტების ჩამონათვალი, რომელთა საფუძველზეც თავდაცვის ორგანიზაცია უნდა განხორციელდეს.
აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გიგლა აგულაშვილმა მესამე მოსმენით განსახილველად წარმოადგინა კანონპროექტი „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ და მისი თანმდევი კანონპროექტები. მთავარი კანონპროექტის მიხედვით რეგულირდება სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების სტატუსის მოპოვების, შეწყვეტის, მონიტორინგის, მათთვის შეღავათების დაწესებისა და მათი საქმიანობის საკითხები.
თინათინ ხიდაშელმა მეორე მოსმენით განსახილველად ორი კანონპროექტი „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს დედაქალაქის - თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ გამოიტანა. აღსანიშნავია, რომ მუნიციპალური საბავშვო ბაღები მთლიანად სახელმწიფო დაფინანსებაზე გადადის.
კანონპროექტების მიხედვით, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების საქმიანობის ორგანიზება, ასევე სასწავლო-აღმზრდელობითი და სამუშაო რეჟიმის დადგენა თვითმმართველი ერთეულის უფლებამოსილებად განისაზღვრება. აღნიშნულ დაწესებულებებში გადასახადის, ტარიფის ან რაიმე სხვა საფასურის შემოღება იკრძალება. ორ კანონში პირდაპირ იწერება, რომ თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე არსებულ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში ძირითად სასწავლო-აღმზრდელობითი და კვებითი მომსახულებისთვის გადასახადის, ტარიფის ან რაიმე სხვა საფასურის შემოღება აკრძალულია. საკანონმდებლო პაკეტი ძალაში 2013 წლის პირველი სექტემბრიდან შევა.
სხდომაზე სარატიფიკაციო დოკუმენტებიც განიხილეს. ესენია საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება და საქართველოსა და საერთაშორისო განვითარების ასოციაციას შორის დაფინანსების შეთანხმება, რომლებიც აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გაუმჯობესების მეოთხე პროექტს წარმოადგენს. აღნიშნული პროექტი აგარა-ზემო ოსიაურის მონაკვეთზე ახალი ოთხზოლიანი გზის მშენებლობას, აღნიშნული მონაკვეთის მიმდებარედ დაახლოებით 3,4 კმ სიგრძის მდინარის ნაპირდაცვითი სამუშაოების განხორციელებას ითვალისწინებს. ასევე გათვალისწინებულია რიკოთი-ზესტაფონის მონაკვეთის და რიკოთის ახალი გვირაბის მშენებლობის მიზნით წინასაპროექტო სამუშაოების განხორციელება. პროექტის დასაფინანსებლად მსოფლიო ბანკის მიერ შეღავათიანი პირობებით, დაახლოებით 75 მლნ. აშშ დოლარის ოდენობის სესხის გამოყოფაა გათვალისწინებული. საკითხი განსახილველად ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი თაბუაშვილმა გამოიტანა.
კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, მარინე მიზანდარმა „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი და მისი თანმდევი კანონპროექტები მეორე მოსმენით განსახილველად წარმოადგინა. აღნიშნული კანონპროექტები საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის, თბილისში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე სამუშაოების ნებართვის გაცემასთან, ასევე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭებასა და მოხსნასთან დაკავშირებულ საკითხებს განსაზღვრავს.
კანონპროექტების განხილვა პარლამენტმა შესვენების შემდეგაც გააგრძელა. კანონმდებლებმა მეორე მოსმენით განიხილეს კანონპროექტი „საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“.
პარლამენტის წევრმა, ზაქარია ქუცნაშვილმა პირველი მოსმენით განსახილველად წარმოადგინა საარჩევნო საკითხებზე მომუშავე ინტერფრაქციული ჯგუფის მიერ შემუშავებული კანონპროექტი „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“. მისი თქმით, განსახილველად წარმოდგენილია ის საკითხები, რომლებზეც მიღწეულია შეთანხმება როგორც საპარლამენტო, ისე არასაპარლამენტო პარტიების წარმომადგენლებთან. ზაქარიას ქუცნაშვილმა კანონპროექტის ზოგად პრინციპებზე საუბრისას აღნიშნა, რომ კანონპროექტის ძირითადი არსია ახლებურად განისაზღვროს ამომრჩეველთა ერთიანი სიის დაზუსტების წესი 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს და საქართველოს დედაქალაქის - თბილისის მერის არჩევნებისათვის. კანონპროექტით განისაზღვრა არჩევნების პრინციპი, ხდება წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილე პირთა დაზუსტება. კანონპროექტით ზუსტდება ასევე პარტიების მიერ დანიშნული და ცესკო-ს მიერ დროებით არჩეული საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების დაკისრების წესი და პირობები.
დეპუტატებმა პირველი მოსმენით, ძირითადი პრინციპების დონეზე, განიხილეს კობა დავითაშვილის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“.
კობა დავითაშვილის განცხადებით, კანონპროექტის მიღების საჭიროება განაპირობა არსებული რეგულაციის პირობებში საქართველოში ხორცის ფასის ზრდამ, არაკონკურენტიანი გარემოს არსებობამ. კანონპროექტით ზუსტდება ოჯახური წარმოებისა და ოჯახური წარმოების სუბიექტის ცნებები, განისაზღვრება ცხოველის დაკვლის პროცესზე ზედამხედველობისა და შეთანხმების პროცედურა საოჯახო წარმოების სუბიექტსა და ვეტერინარულ სანიტარს შორის.
აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გიგლა აგულაშვილმა აღნიშნულ კანონპროექტზე კომიტეტის დასკვნა წარმოადგინა და განაცხადა, რომ კანონპროექტი ეწინააღმდეგება სურსათის უვნებლობის სფეროში საქართველოს სტრატეგიას, ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების დადების პროცესს, საერთაშორისო სამართლის სტანდარტებს და საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. მისი თქმით, დიდი რისკის ქვეშ დავაყენებთ მომხმარებელს, ვინაიდან ოჯახურ პირობებში ვერ განხორციელდება ვეტერინარულ დაავადებებზე ცხოველის სრულყოფილი დაკვლისწინა და დაკვლისშემდგომი კონტროლი, ვინაიდან ოჯახურ პირობებში სტანდარტებით დადგენილი სანიტარულ-ჰიგიენური მოთხოვნები ვერ იქნება უზრუნველყოფილი.
მთავრობის პოზიცია სხდომაზე მთავრობის საპარლამენტო მდივანმა, შალვა თადუმაძემ წარმოადგინა და განაცხადა, რომ წარმოდგენილი კანონპროექტი ეწინააღმდეგება სურსათის უვნებლობის სფეროში ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების დადების პროცესს. გარდა ამისა, ოჯახურ პირობებში ვერ იქნება უზრუნველყოფილი საქართველოს კანონმდებლობით და საერთაშორისო აქტებით დადგენილი ვეტერინარულ - სანიტარული და სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნები.
დღესვე პარლამენტმა პირველი მოსმენით განიხილა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმარლესი საბჭოს ინიციატივა - კანონპროექტი „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, ხოლო მეორე მოსმენით - კანონპროექტი „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“.
ამის შემდეგ გაიმართა კენჭისყრის პროცედურა. პარლამენტმა სხდომაზე განხილულ კანონპროექტებს, რამდენიმეს გამოკლებით, კენჭი უყარა და მიიღო.
კენჭისყრის წინ კობა დავითაშვილმა პარლამენტს მის მიერ წარმოდგენილ კანონპროექტზე „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კენჭისყრის პარასკევისთვის გადადების თხოვნით მიმართა იმ მოტივით, რომ მანამდე საპარლამენტო უმრავლესობა ამ საკითხზე კონსულტაციებს გამართავს. კენჭი არ უყარეს ასევე კანონპროექტს „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“, ვინაიდან ავტორის განცხადებით, კანონპროექტი რედაქციულ ჩასწორებებს საჭიროებს.
პარლამენტმა კენჭისყრის დასრულების შემდეგ კვლავ გააგრძელა კანონშემოქმედებითი საქმიანობა. განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ სანიკიძემ მეორე მოსმენით განსახილველად წარმოადგინა კანონპროექტი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, თუმცა მისი განხილვა რეგლამენტით გათვალისწინებული დროის ამოწურვის გამო ვერ დაასრულეს.
პარლამენტის რიგგარეშე სესიის მორიგი სხდომა პარასკევს, 12 ივლისს გაიმართება.

Last Updated on Wednesday, 10 July 2013 22:47