ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა | Print |
Thursday, 11 July 2013 14:13

სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდებიან ის პირები, რომლებიც კანონის ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში საგამოძიებო ორგანოებში გამოცხადდებიან და ნებაყოფლობით ჩააბარებენ სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე და 159-ე მუხლებით გათვალისწინებულ კერძო კომუნიკაციის ჩანაწერს, ტექნიკური საშუალებით მოპოვებულ ინფორმაციას, კომპიუტერულ მონაცემს, პირადი მიმოწერის ამსახველ მასალას, საფოსტო გზავნილს, ტელეფონით ან სხვა ტექნიკური საშუალებით საუბრის ჩანაწერს, ასევე ტელეგრაფით, ფაქსით ან სხვა ტექნიკური საშუალებით მიღებულ ან გადაცემულ ინფორმაციას და ზემოჩამოთვლილი მასალების ასლებს. ფარულ ჩანაწერებთან და უკანონო მოსმენებთან დაკავშირებით მომზადებული „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი დღეს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განიხილეს. სხდომაზე გამოითქვა მოსაზრება, ამნისტია გავრცელდეს ასევე 157-ე მუხლით გათვალისწინებულ პირადი ან ოჯახური საიდუმლოს უკანონოდ მოპოვებასა და შენახვაზე. კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განმარტებით, 157-ე მუხლში პირადი ან ოჯახური საიდუმლოს უკანონოდ მოპოვებისა და შენახვის გარდა საუბარია ასევე გავრცელებაზეც, თუმცა მისივე თქმით, გავრცელების შემთხვევევაში ამნისტია პირებს არ შეეხებათ.

ამნისტია გავრცელდება პირებზე, რომლებმაც სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე და 159-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული 2012 წლის 31 დეკემბრამდე ჩაიდინეს. როგორც კომიტეტის სხდომაზე აღინიშნა, 157-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემთხვევაში, ამნისტია შეეხება პირებსს, რომლებმაც აღნიშნული მასალა მოიპოვეს 2012 წლის 1 ივლისამდე, ხოლო შენახვის შემთხვევაში - კანონის ამოქმედებამდე.
სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლი კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევას ითვალისწინებს. კერძოდ, კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერა ან მიყურადებას, აგრეთვე კომპიუტერულ სისტემაში ან სისტემიდან კერძო კომუნიკაციისას გადაცემული კომპიუტერული მონაცემის ან ამგვარი მონაცემის მატარებელი ელექტრომაგნიტური ტალღების უნებართვო მოპოვებას ტექნიკური საშუალების გამოყენებით.
სისხლის სამართლის კოდექსის 159-ე მუხლი კი პირადი მიმოწერის, ტელეფონით საუბრის ან სხვაგვარი ხერხით შეტყობინების საიდუმლოების დარღვევას ითვალისწინებს, კერძოდ, პირადი მიმოწერის ან საფოსტო გზავნილის, ტელეფონით ან სხვა ტექნიკური საშუალებით საუბრის ან ტელეგრაფით, ფაქსით ან სხვა ტექნიკური საშუალებით მიღებული ან გადაცემული შეტყობინების ამსახველ მასალას.
კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე განხილვას.

Last Updated on Thursday, 11 July 2013 15:39