საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის, საგარეო ურთიერთობათა, ევროპასთან ინტეგრაციის და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტების გაერთიანებული სხდომა | Print |
Thursday, 11 July 2013 15:03

ჟენევის მოლაპარაკებებზე მსჯელობდნენ პარლამენტში ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის, საგარეო ურთიერთობათა, ევროპასთან ინტეგრაციისა და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე.

საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, დავით ზალკანიანმა დეპუტატებს დეტალური ინფორმაცია წარუდგინა ბოლო ორი რაუნდის დროს გამართული დისკუსიების შესახებ. მისივე განცხადებით, ჟენევის მოლაპარაკებები უმთავრესი ფორმატია, სადაც სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულება განიხილება იმ ფონზე, როდესაც რუსეთი აღებულ ვალდებულებებს არ ასრულებს.
ზალკანიანის განცხადებით მიუხედავად იმისა, მხარეებიდან ვინმე მიიღებს თუ არა მასში მონაწილეობას, ჟენევის ფორმატი განსაზღვრულია და ის აუცილებლად გაგრძელდება. "მას ჩამოშლა არანაირად არ ემუქრება და ჩვენ ჟენევის ფორმატში დაწყებულ პროცესებს აუცილებლად, ლოგიკურ დასასრულამდე მივიყვანთ", - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ. გამოსვლის დასრულების შემდეგ მინისტრის მოადგილემ ამომწურავად უპასუხა პარლამენტართა შეკითხვებს.
ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის თავმჯდომარის, გიორგი ვოლსკის განცხადებით, მომავალ სხდომაზე სავარაუდოდ კომიტეტები ამავე საკითხზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელს მოუსმენენ.
დღევანდელ სხდომაზე კომიტეტებმა საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი "კორუფციის შესახებ სისხლის სამართლის კონვენციის“ დამატებითი ოქმი განიხილეს, რომელიც სხდომაზე საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ბარამიძემ წარმოადგინა. მისი განცხადებით, დამატებითი ოქმი აფართოებს ძირითადი კონვენციის მოქმედების სფეროს, მასში განსაზღვრულია მონაწილე მხარეებისთვის კორუფციის კრიმინალიზაციის ვალდებულება არბიტრაჟის სფეროში. დოკუმენტი ითვალისწინებს მხარეების ვალდებულებას მოახდინოს ნაფიცი მსაჯულების წინააღმდეგ ან ნაფიცი მსაჯულების მიერ განხორციელებული კორუფციული ქმედების კრიმინალიზაციაც. კომიტეტებმა მხარი დაუჭირეს ოქმის პლენარულ სხდომაზე სარატიფიკაციოდ გატანას.

კომიტეტბმა საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი კიდევ ერთი დოკუმენტი განიხილეს, ტექნიკური შეთანხმება "საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ევროპაში მეკავშირე ძალების უმაღლეს შტაბბინას შორის ავღანეთში NATO-ს ეგიდით საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდამჭერი ძალების (ISAF) ოპერაციებში საქართველოს შეიარაღებული ძალების მონაწილეობის“ შესახებ.
საქართველოს შეიარაღებული ძალების კონტიგენტი ჩართულია ავღანეთში NATO-ს ეგიდით მიმდინარე საერთაშორისო უსაფრთხოების ძალების ოპერაციაში, რაც პრიორიტეტული და მნიშვნელოვანი ასპექტია ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისათვის კომიტეტების შეფასებით აუცილებელია აღნიშნულ ოპერაციაში საქართველოს მონაწილეობასთან დაკავშირებული საკითხების შემდგომი რეგულირება და დეტალიზაცია, ამიტომ მათ მხარი დაუჭირეს საკითხის პლენარულ სხდომაზე გატანას.

Last Updated on Friday, 12 July 2013 00:38