საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტისა და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის გაერთიანებული სხდომა | Print |
Thursday, 11 July 2013 17:29

მკაცრი ადმინისტრაციული სახდელები დაწესდება ალკოჰოლური სასმელებით ვაჭრობის წესების დარღვევისთვის, არასრულწლოვანის დათრობისთვის, საზოგადოებრივ ადგილებში მთვრალ მდგომარეობაში ყოფნისთვის, სამართალდამცველისათვის სიტყვიერი შეურაცხყოფისა და სხვა ადმინისტრაციული დარღვევებისთვის. ამას ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“. კანონპროექტი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ზოგიერთ შემთხვევაში ამკაცრებს, ზოგ შემთხვევაში კი ამსუბუქებს პასუხისმგებლობას.
კანონპროექტი განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტისა და სპორტისა და ახლგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრებმა დღეს პირველი მოსმენით განიხილეს და კონცეფციას მხარი დაუჭირეს, თუმცა კანონპროექტის მიმართ დეპუტატებმა არსებითი შენიშვნები გამოთქვეს, რომლებიც მეორე მოსმენისთვის წარმოდგენილ კანონპროექტში უნდა გაითვალისწინოს ინიციატორმა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ.
საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტები „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე და „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა. პროექტი ითვალისწინებს გამოცდების ეროვნული ცენტრის სახელწოდების შეცვლას და მისი საქმიანობის შესაბამისად შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი დაერქმევა. კანონპროექტი კომიტეტს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ სანიკიძემ წარუდგინა.
კომიტეტმა მესამე მოსმენით განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონპროექტები „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტები: „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს დედაქალაქის - თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.
მესამე მოსმენით განიხილეს საქართველოს პარლამენტის წევრის, თინათინ ხიდაშელის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტები: „ადგილობრივი თვითთმმართველობის შესახებ“ და „საქართველოს დედაქალაქის-თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და პარლამენტის წევრის, ივანე კიღურაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტის: „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტების პლენარულ სხდომაზე განსახილველად გატანას.

Last Updated on Thursday, 11 July 2013 19:07