|
საქართველოში ვიზიტად მყოფმა გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარმა, შტეფან ფულემ სასტუმრო „შერატონ ბათუმში“ ორმხრივი შეხვედრები გამართა. პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის და ევროკომისრის შეხვედრისას საუბარი ვილნიუსის სამიტის მოსალოდნელ შედეგებს და ქვეყნის შიგნით მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს შეეხო. შეხვედრის დასრულების შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ იგი უკვე მეექვსედ შეხვდა ევროკომისარს და ყოველი შეხვედრა უფრო და უფრო პროდუქტიულ ხასიათს ატარებს.
„ახლოვდება ვილნიუსის სამიტი, როდესაც უნდა შეჯამდეს საქართველო-ევროკავშირის მრავალწლიანი თანამშრომლობის შედეგები. ბატონ ფულესგან და მისი კოლეგებისგან მივიღე დაპირება იმისა, რომ ევროკავშირი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ვილნიუსის სამიტზე მოხდეს იმ შეთანხმების საბოლოო გაფორმება, რაც გულისხმობს ევროპასთან ჩვენი ქვეყნის კიდევ უფრო და მნიშვნელოვნად დაახლოებას. ასოცირების წევრობის ხელშეკრულება მოითხოვს სერიოზულ მუშაობას, მათ შორის, პარლამენტის მხრიდანაც და შეხვედრაზე ჩვენ ვისაუბრეთ თუ რამდენადაა მზად პარლამენტი ამ საკანონმდებლო ცვლილებებისთვის“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა. მისივე ინფორმაციით, შტეფან ფულესთან შეხვედრისას ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესებიც შეფასდა და ევროკომისარმა კმაყოფილებით აღნიშნა, რომ ის ხედავს მნიშვნელოვან პოზიტიურ მოვლენებს.
ორმხრივი შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნების მზადებაზე. დავით უსუფაშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ წინასაარჩევნოდ ქვეყანაში იყოს მშვიდი გარემო, რათა ყველას ჰქონდეს პოლიტიკური აქტივობის თანაბარი საშუალება. „ქვეყანაში დასახვეწია დემოკრატიული ინსტიტუტები, საპარლამენტო კონტროლი მთავრობასთან, თავდაცვის, უშიშროების და პოლიციის სტრუქტურებზე. ვიცით, რომ მემკვიდრეობით ბევრი პრობლემა გადმოგვყვა და ამ მიმართულებებით გრძელვადიანი დროით საქართველოში ექსპერტების ჩამოსვლასთან დაკავშირებით დახმარების შეპირება მივიღეთ“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ. დღესვე ევროკომისარმა ორმხრივი შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან და სხვადასხვა სამინისტროს ხელმძღვანელთან გამართა. ხვალ კი სასტუმრო „შერატონი“ მე-10 საერთაშორისო კონფერენციას „საქართველოს ევროპული გზა“ უმასპინძლებს.
|