|
ჭიათურმანგანუმის ირგვლივ განვითარებულ პროცესებს გამოეხმაურა ჭიათურის მაჟორიტარი დეპუტატი მალხაზ წერეთელი დღევანდელ პრესკონფერენციაზე და ხელისუფლებას ადგილობრივი მოსახლეობის დახმარებისთვის მიმართა.
მალხაზ წერეთლის ინფორმაციით, ჭიათურმანგანუმის საწარმოს 675 თანამშრომელმა განცხადებით მიმართა, რომელშიც ისინი საწარმოს ხელმძღვანელობას ადამიანებისადმი ცინიკურ დამოკიდებულებაში უჩივიან. რეორგანიზაციის მოტივით, ხელმძღვანელობა მათ ალტერნატიულ სამსახურს სთავაზობს, ფაქტობრივად კი, მძიმე ფიზიკურ სამუშაოზე გადაჰყავთ, რაც მათ იძულებულს გახდის დატოვონ სამსახური. „ვითარების გამოსწორებისთვის რამდენიმე თვის წინ გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა, მაგრამ ამან დროებითი ხასიათი მიიღო, ვინაიდან შრომის პირობები კიდევ უფრო გაუარესდა, ხელფასების მატებაზე ლაპარაკიც ზედმეტია. ახლა კი საწარმოს ისეთი რეორგანიზაცია ხდება, რომ ადამიანებს აიძულებენ დატოვონ სამსახური“, - განაცხადა მალხაზ წერეთელმა. დეპუტატის განცხადებით, რეგიონის მდგომარეობას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ის, თუ კი სახელმწიფო დააწესებს შესაბამის გადასახადებსა და მოსაკრებლებს, რაც ჭიათურის რაიონის ბიუჯეტის მნიშვნელოვნად გაზრდას შეუწყობს ხელს, რაც ადგილობრივი მოსახლეობის კეტილდღეობაზე აისახება. მისი თქმით, მიწის გადასახადი საწარმოსთვის ერთ ჰექტარზე სულ 3 ლარია, მაშინ როცა გლეხები 56 ლარს იხდიან. მალხაზ წერეთლის განცხადებით, უნდა დაწესდეს ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის რეალური მოსაკრებელი და მიწის რეალური გადასახადი და იგი იმედოვნებს, რომ შესაბამისი სამსახურები ამ საკითხს ყურადღების მიღმა არ დატოვებენ. მალხაზ წერეთელი მიმართავს უფლებადამცველ ორგანიზაციებს, პროფკავშირებს, სახელმწიფო უწყებებს, რომ ერთობლივი ძალისხმევა არ დაიშურონ იმისათვის, რომ პროცესებმა უმართავი ხასიათი არ მიიღოს. |