საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა | Print |
Thursday, 11 July 2013 19:27

„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონში ცვლილება შედის, რომლის საფუძველზე „საქართველოს შეიარაღებული ძალების სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის შესახებ“ კანონით განსაზღვრულ საერთაშორისო ოპერაციებში ან სხვა სახის სამშვიდობო საქმიანობის განხორციელებისას გარდაცვლილი ან ამ მისიებში მიღებული ჯანმრთელობის დაზიანების გამო გარდაცვლილი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მომსახურეების, ტერიტორიული მთლიანობისთვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის, აგრეთვე 1998 წლის მაისსა და 2004 წლის 22-24 აგვისტოს მოვლენების დროს დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახის წევრების დამატებითი სოციალური უზრუნველყოფის გარანტიების განსაზღვრა ხდება. პროექტის თანახმად, გასაცემი კომპენსაციის მაქსიმალური ოდენობა 2014 წელს არ უნდა აღემატებოდეს 500 ლარს, ხოლო 2015 წლიდან - 1000 ლარს. კომიტეტის სხდომაზე გამოითქვა შენიშვნა რომ მოხდეს გასაცემი კომპენსაციის ზუსტი ოდენობის დადგენა. პროექტში უნდა დაზუსტდეს როგორ გაიცემა კომპენსაცია იმ შემთხვევაში, თუ ოჯახიდან ორი წევრია გარდაცვლილი. 
ცვლილება შედის „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ კანონპროექტში, რომლის მიზანია, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას „საქართველოს შეიარაღებული ძალების სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის შესახებ“ კანონით განსაზღვრულ საერთაშორისო ოპერაციებში ან სხვა სახის სამშვიდობო საქმიანობის განხორციელებისას, აგრეთვე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურის ოჯახის მარჩენალი წევრის გარდაცვალებით გამოწვეული საფინანსო-ეკონომიკური პრობლემების დაძლევის მიზნით გასაცემი ერთჯერადი დახმარება 15 000 ლარის ნაცვლად განისაზღვროს 100 000 ლარის ოდენობით.
სხდომაზე „ნარკოტიკული საშუალების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი განიხილეს. ინიციატორის, თამაზ ავდალიანის ინფორმაციით, საქართველოში გავრცელება დაიწყო ე.წ. სპაისების მოხმარებამ, რაც სინთეზური კანაბინოიდებით გაჟღენთილ მცენარეულ სუბსტანციას წარმოადგენს. ქართული კანონმდებლობით, მათი ბრუნვა აკრძალულია, თუმცა მათი მოხმარების კრიმინალიზაცია არ ხდება. აკრძალულ ნივთიერებათა ნუსხას ემატება 6 ჯგუფის (JWH-018, JWH-398, JWH-073, JWH-200, HU-210, CP-47,497)სპაი. პროექტით, ასევე განისაზღვრება მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობები.

კომიტეტის სხდომაზე არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ადვოკატები საკანონმდებლო ინიციატივისთვის“ წარმომადგენელმა საკანონმდებლო წინადადება წარადგინა, რომელიც „საქართველოს შრომის კოდექსში“ ცვლილებებს უკავშირდება.
დღესვე კომიტეტის წევრებმა საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი 2012 წლის 21 დეკემბერს ხელმოწერილი „საქართველოსა და პორტუგალიის რესპუბლიკას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“ კონვენცია განიხილეს.

Last Updated on Thursday, 11 July 2013 20:02