აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომა | Print |
Thursday, 11 July 2013 20:09

სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში დასაქმებულ და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის დამატებითი საგადასახადო შეღავათები დაწესდება, რასაც ხელს შეუწყობს აგრარულ საკითხთა კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე პირველი მოსმენით განხილული კანონპროექტი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში“ ცვლილების შეტანის თაობაზე“.

აღნიშნული კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს მეწარმეთა მხრიდან განხორციელებული ქველმოქმედების წახალისებას და სიგარეტებზე აქციზის არსებული განაკვეთის გაზრდას. კანონპროექტის ავტორები იმედოვნებენ, რომ აქციზის ზრდა ნაწილობრივ ხელს შეუწყობს თამბაქოს მოხმარების შემცირებას.
კოდექსში შესატანი ცვლილება ითვალისწინებს ფილტრიანი სიგარეტებისათვის (როგორც ადგილობრივი, ასევე იმპორტირებული) აქციზის არსებული განაკვეთის გაზრდას 0,6-დან 0,75 ლარამდე, ხოლო უფილტრო სიგარეტისათვის - 0,15-დან 0,20 ლარამდე. როგორც სხდომაზე ითქვა, აღნიშნული ცვლილება მიმართულია თამბაქოს კონტროლის ღონისძიებების გამკაცრებისკენ.
სხდომაზე შედგა ელექტრონული ჯანდაცვის პროექტის პრეზენტაცია, რომელიც კომიტეტის წევრებს პროექტის ხელმძღვანელმა ალეკო ტურძილაძემ წარუდგინა. პროექტი ჯანდაცვის სფეროს მოიცავს, თუმცა მისი გამოყენება სხვა სფეროებშიც შეიძლება. პროქტის ფარგლებში არსებული მოდულები საშუალებას იძლევა ერთიან სისტემაში მოაქციოს ინფორმაცია სოფლის მეურნეობის ცალკეული დარგების მიხედვით. აღსანიშნავია, რომ სისტემა რეალურ დროში მუშაობს, რაც იმას ნიშნავს, რომ მომხმარებელს შეუძლია ყოველთვის განახლებადი ინფორმაცია მიიღოს.
როგორც სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა პაატა ჩეკურიშვილმა განაცხადა, სოფლის მეურნეობის სამინისტროში მუშავდება ანალოგიური პროგრამა, რომელიც სექტემბრისთვის განხორციელდება, თუმცა იგი უფრო ვიწრო მიმართულებისაა და ეხება მხოლოდ ცხოველთა იდენტიფიკაციასა და რეგისტრაციას. შემოთავაზებული პროექტი კი მართლაც საყურადღებოა, რადგან იგი უფრო მრავალფეროვანია. ელექტრონული ჯანდაცვის პროექტის მიხედვით შეიძლება გაკეთდეს ვეტერინარიის, ვაქცინაცია- ინსპექტირების, ვეტპრეპარატებისა და პესტიციდების, ვეტაფტიაქებისა და კლინიკების რეესტრები და ა.შ.
როგორც აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ გიგლა აგულაშვილმა განაცხადა, კომიტეტი სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიმართავს რეკომენდაციით, დაინტერესდეს აღნიშნული პროექტით სოფლის მეურნეობის სფეროში დანერგვის მიზნით.
კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე ასევე განიხილეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში. სააგენტოს უფროსმა პაატა ჩეკურიშვილმა კომიტეტის წევრებს მუშაობის 6 თვის შედეგები გააცნო და დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ქვეყანაში სურსათის უვნებლობის უზრუნველყოფისათვის გაწეული საქმიანობისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის, ქვეყანაში შექმნილი ეპიზოოტიური მდგომარეობის, ვეტერინარიაში მიმდინარე რეფორმების და მცენარეთა მავნებლების წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებების შესახებ.
როგორც სხდომაზე აღინიშნა, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ საქმიანობა წინა წლებთან შედარებით მნიშვნელოვნად გააუმჯობესა, თუმცა გარკვეული სახის შენიშვნები მაინც გამოითქვა. კომიტეტმა წარმოდგენილი ანგარიში ცნობად მიიღო.

Last Updated on Friday, 12 July 2013 00:50