გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომა | Print |
Thursday, 11 July 2013 20:54

პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის განიხილა მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი "საქართველოს ტერიტორიაზე ნარჩენების ტრანზიტისა და იმპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. პროექტის თანახმად, საქართველოს ტერიტორიაზე დასაშვები იმპორტირებული ნარჩენების ნუსხას ემატება აქროლადი ნაცარი, წარმოქმნილი თბოელექტროსადგურებიდან. ამასთან, აქროლადი ნაცარი საქართველოს ტერიტორიაზე დაიშვება მხოლოდ მთავრობის მიერ განსაზღვრულ შემთხვევებში. 
კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს წარმოდგენილი კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე გატანას იმ დათქმით, რომ საქართველოს მთვრობამ კონკრეტულ თარიღამდე - 2013 წლის 1 ოქტომბრამდე ან 1 ნოემბრამდე უნდა წარმოადგინოს მკაცრი რეგულაციები, რომელიც აისახება კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტში. კერძოდ, ნორმატიული აქტით უნდა განისაზღვროს აქროლადი ნაცრის შემოტანის რაოდენობა, ხარისხი, სიხშირე, მისი დასაწყობების პირობები, დაცვის რეჟიმი და სხვა. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის, გიორგი ცაგარეიშვილს შეფასებით, წარმოდგენილი პროექტი არის იმის ძალიან კარგი მაგალითი, თუ როგორ შეიძლება ითანამშრომლო საქართველოს მთავრობის შესაბამის სტრუქტურებთან. ,,კანონპროექტზე მსჯელობა თვეზე მეტია მიმდინარეობს. პირველადი შემოსული ვარიანტი მკაცრ კრიტიკას დაექვემდებარა როგორც ჩვენი მხრიდან, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდანაც. ნაბიჯ-ნაბიჯ მთავრობასთან ერთად წავედით კონსენსუსის მიღწევის გზით. ენერგეტიკის სამინისტრო წამოვიდა შემხვედრ ნაბიჯზე და ჩამონათვალიდან თბოელექტროსადგურებიდან წარმოქმნილი აქროლადი ნაცრის გარდა ამოიღო ყველა სხვა ნარჩენი, რომლის იმპორტსაც პროექტის პირველად ვარიანტში ითხოვდა, ესენია: საცეცხლე წიდა და მძიმე ნაცარი. აუცილებელია, რომ გამოირიცხოს ყველა ის რისკი გარემოსთვის, რომელიც შეიძლება არსებობდეს მომავალში“, - განაცხადა გიორგი ცაგარეიშვილმა.

Last Updated on Thursday, 11 July 2013 21:24