|
ქუთაისში, სასტუმრო "ბაგრატში" საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტების საყოველთაო-სახალხო განხილვა მოეწყო. მსჯელობა საკონსტიტუციო ცვლილების სამ პროექტზე გაიმართა. ერთი პროექტი ეხება საქართველოს იმ მოქალაქის მიერ საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობის დაკავების საკითხს, რომელიც იმავდროულად უცხო ქვეყნის მოქალაქეა. მეორე პროექტი ეხება მთავრობის მიერ ინიცირებულ კანონპროექტებთან დაკავშირებით პარლამენტის წინაშე მთავრობის ნდობის საკითხის დასმას, ხოლო მესამე კანონპროექტი საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტსა და კონსტიტუციური კანონის პროექტზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევისთვის საჭირო კვორუმის საკითხებს. განხილვაში მონაწილეობდნენ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტების გამოქვეყნებისა და მათი საყოველთაო–სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის ხელმძღვანელი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ აბაშიძე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები თამარ კორძაია და გიორგი კახიანი, საპარლამენტო უმცირესობის წევრები გიორგი ღვინიანიძე და თინათინ ბოკუჩავა, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგნელები და მოქალაქეები.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა დამსწრე საზოგადოებას დეტალურად გააცნეს საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტები, მათი შემუშვების მიზეზები და მიზნები. საპარლამენტო უმცირესობის წევრების განცხადებით, წარმოდგენილი ცვლილებათა პაკეტი ერთ პიროვნებაზეა მორგებული. ეს შეეხება როგორც ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირის მიერ საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის ან პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობის დაკავების საკითხს, ასევე კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტსა და კონსტიტუციური კანონის პროექტზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევისთვის საჭირო კვორუმის 3/4 -დან 2/3 -მდე დაწევას. ,,ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესი წარიმართოს კონსტრუქციულად, ვნებათაღელვის გარეშე და ადგილი აღარ ჰქოდეს ისეთი ძალადობის ფაქტებს, როგორსაც ადგილი წინა საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის დროს ჰქონდა“,-განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის წევრმა, თინათინ ბოკუჩავამ. საკონსტიტუციო ცვლილებთან დაკავშირებით განხილვის პროცესში განსხვავებული მოსაზრებები გამოითქვა. შეხვედრის დასრულების შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ აბაშიძემ განაცხადა, რომ დისკუსია იყო ღია და ჯანსაღი. მისივე შეფასებით, ქუთაისელების ინტერესი ამ ცვლილებების მიმართ საკმაოდ მაღალია. "კმაყოფილება მინდა გამოვთქვა, რომ საზოგადოება პოლიტიკურად იზრდება საქართველოში და ჩვენ ვეგუებით იმ აზრს, რომ განსხვავებული მოსაზრებები შეიძლება მოვისმინოთ და დავაფიქსიროთ კიდეც", - აღნიშნა კონსტიტუციური კანონის პროექტების გამოქვეყნებისა და მათი საყოველთაო–სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის ხელმძღვანელმა, ზურაბ აბაშიძემ. საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო–სახალხო განხილვის პროცესი ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ორგანიზებით მიმდინარეობს. შემდეგი შეხვედრა 13 ივლისს, ბათუმში, სასტუმრო "შერატონში" გაიმართება. |