საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის შეხვედრა ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, კრისტიან ვიგენინისთან | Print |
Thursday, 11 July 2013 22:10

საქართველო ევროინტეგრაციის გზაზეა და ბულგარეთი მხარს უჭერს ამ პროცესებს, როგორც ევროპულ, ისე ევროატლანტიკურ მისწრაფებებს - განაცხადა ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კრისტიან ვიგენინიმ  საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, დავით უსუფაშვილთან გამართულ შეხვედრაზე.

ბულგარელმა დიპლომატმა კმაყოფილება გამოთქვა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების მიმართ და მიესალმა ქვეყნის მიერ გამოცხადებულ საგარეო პრიორიტეტებს. შეხვედრაზე ხაზი გაესვა შავი ზღვის რეგიონის ქვეყნების განსაკუთრებით მჭიდრო თანამშრომლობის აუცილებლობას ევროსტრუქტურებში ინტეგრაციის კუთხით. 
პარლამენტის თავმჯდომარემ კრისტიან ვიგენინის ახალი ხელისუფლების გარკვეული შედეგები გააცნო და საარჩევნო რეფორმის, საყოველთაო ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის განვითარების და ახალი საკონსტიტუციო კომისიის შექმნის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„საკონსტიტუციო კომისიასთან დაკავშირებით უნდა შეიქმნას ახალი პლატფორმა, სადაც ერთი მხრივ ფართო კონსენსუსი იქნება და მეორე მხრივ, ჩვენი საზოგადოება იმსჯელებს და იკამათებს არა მხოლოდ წარსულზე, არამედ საქართველოს მომავალზე“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
შეხვედრის დასასრულს ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პარლამენტის თავმჯდომარე ოფიციალური ვიზიტით ბულგარეთში მიიწვია. მიწვევა დავით უსუფაშვილმა კმაყოფილებით მიიღო.

Last Updated on Friday, 12 July 2013 00:28