პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტში უმაღლესი განათლების სფეროში ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებებით დაინტერესებულ პირებთან შეხვედრა გაიმართა | Print |
Thursday, 11 July 2013 23:55

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის წევრები უმაღლესი განათლების სფეროში ინიცირებულ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით აკადემიური წრეებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ.
დისკუსია გაიმართა საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივაზე ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე. კანონპროექტით აკადემიური პერსონალის შემადგენლობას ემატება ასისტენტის აკადემიური თანამდებობა, რომელიც განახორციელებს სასემინარო და კვლევით სამუშაოებს, განისაზღვრება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორის, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელისა და დეკანის თანამდებობრივი სარგოს გაანგარიშების წესი. კანონპროექტითვე რეგულირდება ასევე, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა და სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბიუჯეტის ფორმირებისა და დამტკიცების წესი. წარმოდგენილი ცვლილებების თანახმად, რექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში საქართველოს პრემიერ-მინისტრი დასანიშნად წარადგენს რექტორის მოვალეობის შემსრულებლის კანდიდატურას. შეხვედრაში მონაწილე აკადემიური წრეებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების აზრით, აღნიშნული ნორმა ეჭვქვეშ აყენებს სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლების ავტონომიურობის საკითხს. გამოითქვა მოსაზრებები, შენიშვნები და რეკომენდაციები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორის, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელისა და დეკანის თანამდებობრივი სარგოს გაანგარიშების წესთან და დეკანის არჩევის საკითხთან დაკავშირებით. შეხვედრის მონაწილეთა ნაწილის აზრით, ცვლილებების მიღება არ უნდა მოხდეს დაჩქარებული წესით და უნდა იყოს სრულყოფილად განმარტებული, რამ განაპირობა ცვლილებების ინიცირება და რა კრიტერიუმებით განისაზღვრა ეს ცვლილებები.
შეხვედრაზე მოწვეული სტუმრების შეკითხვებს უპასუხეს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, ივანე კიღურაძე, კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ალექსანდრე ქანთარიამ და კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ სერგო რატიანმა.
როგორც ალექსანდრე ქანთარიამ განაცხადა, ხვალ პლენარულ სხდომაზე, კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვის დროს იგი აპირებს იმ მუხლის ახალი რედაქციის წარდგენას, რომელიც პრემიერ-მინისტრის მიერ დასანიშნად რექტორის მოვალეობის შემსრულებლის კანდიდატურის წარდგენას ითვალისწინებს. მისი თქმით, აღნიშნულ ნორმას ექნება შემდეგი სახე: ,,საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში რექტორის მოვალეობის შემსრულებელს ირჩევს საარჩევნო კოლეგია, რომლის შემადგენლობაში შედის ყველა ის პირი, ვისაც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში უჭირავს აკადემიური ან სამეცნიერო თანამდებობა და ფლობს დოქტორის ან მასთან გათანაბრებულ აკდემიურ ხარისხს“.
პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის წევრების აკადემიური წრეებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა ორგანიზებული იყო ეროვნულ-დემოკრატიულ ინსტიტუტის (NDI) აქტიური მონაწილეობით.

Last Updated on Friday, 12 July 2013 00:10