დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა | Print |
Thursday, 11 July 2013 16:19

საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანას ითვალისწინებს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი, რომელიც დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე პირველი მოსმენისთვის განიხილა. 

წარმოდგენილი კანონპროექტი ითვალისწინებს ბავშვობიდან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის, აგრეთვე მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული დასაბეგრი 6000 ლარამდე შემოსავლის, ასევე სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში დასაქმებულის ხელფასისა და სოფლის მეურნეობის პროდუქციის პირველადი მიწოდებით მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადისაგან გათავისუფლებას. პროექტის თანახმად, 2017 წლის 1 იავრამდე სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში დასაქმებული პირის მიერ მიღებული მოგება, რომელიც წლის განმავლობაში არ აღემატება 200 000 ლარს - მოგების გადასახადისაგან გათავისუფლდება. ცვლილება ეხება ასევე ფილტრინი და უფილტრო სიგარეტებისთვის აქციზების არსებული განაკვეთის გაზრდის საკითხს. კერძოდ, იგეგმება ფილტრიანი სიგარეტებისთვის აქციზის არსებული განაკვეთის გაზრდა 0.6-დან 0.75 ლარამდე, ხოლო უფილტრო სიგარეტისთვის აქციზის არსებული განაკვეთის გაზრდას 0.15-დან 0.20 ლარამდე. მოქმედი საგადასახადო კოდექსი არ ითვალისწინებს ტერმინის ,,შემოწირულობა“ განმარტებას. წარმოდგენილი კანონპროექტით ზუსტდება აღნიშნული ტერმინი. განმარტების თანახმად, ორგანიზაციის მიერ უსასყიდლოდ მიღებული საქონელი/მომსახურება ისევე წარმოადგენს შემოწირულობას, როგორც უსასყიდლოდ მიღებული ფულადი სახსრები.

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა მესამე მოსმენისთვის განიხილა მთავრობის მიერ საკანონდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტები: „საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.
კანონპროექტის „საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ თანახმად, ხდება ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორისა და SAFA-ს ინსპექტორის ფუნქციების დაზუსტება. კოდექსს ემატება მუხლი, რომელიც ეხება საავიაციო უსაფრთოხების პროგრამასა და უსაფრთხოების მართვის სისტემას, საავიაციო მოვლენასა და მისი შეტყობინების წესს, ასევე სააერნაოსნო მომსახურებას, ზუსტდება სამოქალაქო ავიაციაში სერტიფიცირებისა და საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტი სახელმწიფოს მიერ გაცემული ავიასპეციალისტის მოწმობის, საჰაერო ხომალდის ვარგისობის ან/და რადიოსადგურის მოწმობის აღიარების წესი.
„ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტით ზუსტდება ინციდენტების სამსახურებრივი მოკვლევის პირობები და იმ ინციდენტის მომკვლევ სუბიექტად, რომელშიც არ იკვეთება საავიაციო შემთხვევა და სერიოზული ინციდენტის მაღალი ალბათობა, განისაზღვრება საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტი ან/და ავიასაწარმო.
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა მხარი დაუჭირა განხილული კანონპროექტების პლენარულ სხდომაზე გატანას.

Last Updated on Friday, 12 July 2013 00:22