|
სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდებიან ის პირები, რომლებიც კანონის ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში საგამოძიებო ორგანოებში გამოცხადდებიან და ნებაყოფლობით ჩააბარებენ სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე და 159-ე მუხლებით გათვალისწინებულ კერძო კომუნიკაციის ჩანაწერს, ტექნიკური საშუალებით მოპოვებულ ინფორმაციას, კომპიუტერულ მონაცემს, პირადი მიმოწერის ამსახველ მასალას, საფოსტო გზავნილს, ტელეფონით ან სხვა ტექნიკური საშუალებით საუბრის ჩანაწერს, ასევე ტელეგრაფით, ფაქსით ან სხვა ტექნიკური საშუალებით მიღებულ ან გადაცემულ ინფორმაციას და ზემოჩამოთვლილი მასალების ასლებს. ფარულ ჩანაწერებთან და უკანონო მოსმენებთან დაკავშირებით მომზადებული „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განიხილეს. ამნისტია გავრცელდება ასევე 157-ე მუხლით გათვალისწინებულ პირადი ან ოჯახური საიდუმლოს უკანონოდ მოპოვებასა და შენახვაზე. კანონპროექტის ინიციატორის, ეკა ბესელიას განმარტებით, 157-ე მუხლში პირადი ან ოჯახური საიდუმლოს უკანონოდ მოპოვებისა და შენახვის გარდა საუბარია ასევე გავრცელებაზეც, თუმცა მისივე თქმით, გავრცელების შემთხვევევაში ამნისტია პირებს არ შეეხებათ.
კომიტეტის სხდომაზე გამოითქვა მოსაზრება, რომ ამნისტიის მოქმედების ვადა 1 თვიდან 3 თვემდე გაიზარდოს.
ამნისტია გავრცელდება პირებზე, რომლებმაც სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე და 159-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული 2012 წლის 31 დეკემბრამდე ჩაიდინეს. როგორც კომიტეტის სხდომაზე აღინიშნა, 157-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემთხვევაში, ამნისტია შეეხება პირებს, რომლებმაც აღნიშნული მასალა უკანონოდ მოიპოვეს 2012 წლის 1 ივლისამდე, ხოლო უკანონოდ შენახვის შემთხვევაში - კანონის ამოქმედებამდე. სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლი კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევას ითვალისწინებს. კერძოდ, კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერა ან მიყურადებას, აგრეთვე კომპიუტერულ სისტემაში ან სისტემიდან კერძო კომუნიკაციისას გადაცემული კომპიუტერული მონაცემის ან ამგვარი მონაცემის მატარებელი ელექტრომაგნიტური ტალღების უნებართვო მოპოვებას ტექნიკური საშუალების გამოყენებით. სისხლის სამართლის კოდექსის 159-ე მუხლი კი პირადი მიმოწერის, ტელეფონით საუბრის ან სხვაგვარი ხერხით შეტყობინების საიდუმლოების დარღვევას, ითვალისწინებს, კერძოდ, პირადი მიმოწერის ან საფოსტო გზავნილის, ტელეფონით ან სხვა ტექნიკური საშუალებით საუბრის ან ტელეგრაფით, ფაქსით ან სხვა ტექნიკური საშუალებით მიღებული ან გადაცემული შეტყობინების ამსახველ მასალას. ცვლილებები შედის „სისხლის სამართლის კოდექსში“ , რომელიც დაარეგულირებს მესაკუთრის ნების საწინააღმდეგოდ მისი კანონიერი მფლობელობიდან გასულ სისხლის სამართლის საქმეზე ამორებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებებთან დაკავშირებით არსებულ პრობლემებს. მოქმედი კანონმდებლობით, იმ შემთხვევაში თუ მესაკუთრე არ იბრუნებს ავტომანქანას ან ავტომანქანის მესაკუთრის ვინაობა დაუდგენელია, პროკურორი შუამდგომლობით მიმართავს სასამართლოს ავტომანქანის სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევის შესახებ. ეკა ბესელიას მიერ წარმოდენილი კანონპროექტით,პროკურორს დაეკისრება ვალდებულება, ორივე შემთხვევაში მიმართოს სასამართლოს შუამდგომლობით ავტომანქანის სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევის შესახებ, ხოლო სასამართლო განიხილავს დაინტერესებული პირის მონაწილეობით, შეაფასებს საქმის გარემოებას, მტკიცებულებებს და მათ საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას სახელმწიფო საკუთრებაში მიიქცეს თუ გადაეცეს იმ პირს, რომელმაც ეს სატრანსპორტო საშუალება შეიძინა და შეძენის მომენტისთვის არ იყო და არც შეიძლებოდა ყოფილიყო ინფორმირებული სატრანსპორტო საშუალებასთან დაკავშირებით ჩადენილი დანაშაულის შესახებ. |