საქართველოს პარლამენტის ბიუროს სხდომა | Print |
Friday, 12 July 2013 13:05

პარლამენტის რიგგარეშე სესიის დღევანდელი სხდომის დღის წესრიგი განიხილეს დღეს ბიუროს სხდომაზე. დღევანდელ სხდომაზე სულ ოცდაოთხი კანონპროექტის განხილვაადაგეგმილი, მათ შორის „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებების შესახებ კანონპროექტი, რომლის განხილვაც წინა სხდომაზე დაიწყო, მაგრამ ხანგრძლივი კამათის გამო მისი დასრულება ვერ მოხერხდა. 
პარლამენტი დღეს ასევე ორ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას შეეცდება. ესენია კანონპროექტები: „მაუწყებლობის შესახებ“ და „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ კანონებში შესატან ცვლილებებზე. კანონმდებლები დღევანდელ რიგგარეშე სესიაზე აღნიშნულ კანონპროექტებზე პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილ შენიშვნებს განიხილავენ, რის შემდეგაც კენჭისყრით შეეცდებიან ორივე კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას.
პარლამენტის წევრმა გიგა ბუკიამ ბიუროს სხდომაზე განცხადება გააკეთა იმის თაობაზე, რომ მარტვილის მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრაზე პარლამენტის წევრმა შოთა მალაშხიამ მუქარის შემცველი განცხადება გააკეთა, კერძოდ ბუკიას განცხადებით, სანდო წყაროს ინფორმაციით, არსებობს აუდიო ჩანაწერი, სადაც შოთა მალაშხია მობილიზაციისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ სამეგრელოში კიდევ ბევრი იარაღის სამალავი არსებობს და, რომ ყველა საკრებულოს ფლობს, ხობის რაიონის გარდა, სადაც პრობლემებია, თუმცა იქაც აპირებენ სიტუაციის შეცვლას.
როგორც ბუკია აცხადებს, ამ ინფორმაციას სამართალდამცველ ორგანოებსაც მიაწვდის და იმ პიროვნებასაც დაასახელებს, ვისგანაც მიიღო ეს ინფორმაცია.
ბიუროს სხდომაზე უმრავლესობის კიდევ ერთმა წევრმა ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ მსგავსი ინფორმაცია მასაც აქვს, თუმცა სხვა წყაროებისგან. მისი თქმით, ამაზე შესაბამისი რეაგირებაა საჭიროა.
ბიუროზე დაისვა საკითხი, რომ წარმოდგენილი ინფორმაცია სამართალდამცავ ორგანოებს უნდა მიეწოდოს საკითხის შესასწავლად და გამოსაძიებლად.
ბიურომ რამდენიმე საორგანიზაციო საკითხზეც იმსჯელა.

Last Updated on Friday, 12 July 2013 13:10