|
საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებული სხდომა |
| Print | |
|
Friday, 12 July 2013 14:01 |
|
საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი „საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ევროპაში მეკავშირე ძალების უმაღლეს შტაბბინას შორის ავღანეთში NATO-ს ეგიდით მიმდინარე საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდამჭერი ძალების (ISAF) ოპერაციებში საქართველოს შეიარაღებული ძალების მონაწილეობის შესახებ“ ტექნიკური შეთანხმების განხილვას დღეს აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა საფინანსო-საბიუჯეტო და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე.
თავდაცვის სამინისტროს პარლამენტთან ურთიერთობისა და სამართლებრივ საკითხთა დეპარტამენტის უფროსის, მირზა დევიძის განცხადებით, საქართველოს შეიარაღებული ძალების კონტინგენტი ჩართულია ავღანეთში ნატოს ეგიდით მიმდინარე საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდამჭერი ძალების ოპერაციებში, რაც მისივე თქმით, მნიშვნელოვან ასპექტს წარმოადგენს ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრირებისთვის. „მიუხედავად უკვე არსებული ოპერაციისა, ამ დრომდე ქართულ მხარეს არ გააჩნდა შეთანხმება ნატოსთან, რომელიც დაარეგულირებდა ქართული კონტინგენტის ოპერაციაში მონაწილეობასთან დაკავშირებულ იურიდიულ და ფინანსურ საკითხებს“, - განმარტა მირზა დევიძემ. თუმცა დეპუტატის, კობა დავითაშვილის შეფასებით, შეთანხმებაში არ არის ზუსტად და ნათლად მითითებული, თუ რა ოდენობის თანხებზეა საუბარი. „ეს არის წინა ხელისუფლების დროინდელი დოკუმენტი, ეს არის მათ მიერ აღებული ვალდებულება, რომელიც 2010 წლიდან არ შესრულებულა. ამიტომ საჭიროა მოგვაწოდოთ ზუსტი ფინანსური გათვლა, თუ რა რაოდენობის ვალზეა საუბარი“, - აღნიშნა კობა დავითაშვილმა.
დღესვე კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განიხილეს საქართველოს პარლამენტის წევრის, ნოდარ ებანოიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. |
|
Last Updated on Friday, 12 July 2013 14:08 |