|
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის შეხვედრა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ურმას პაეტთან |
| Print | |
|
Friday, 12 July 2013 15:21 |
|
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე ვიზიტად მყოფ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ურმას პაეტს შეხვდა.
ორმხრივი შეხვედრისას ესტონელმა დიპლომატმა საქართველოს ევროკავშირში და ნატოში ინტეგრაციის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა. მისი განცხადებით, საქართველო წარმატებულად განაგრძობს დემოკრატიული განვითარების გზაზე მსვლელობას და შემოდგომაზე დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნები ბოლო ლაკმუსის ქაღალდი იქნება მისი დემოკრატიულობის ტესტის თვალსაზრისით. „არჩევნების შემდეგ ამ თემაზე საუბარი უნდა შეწყდეს და ყოველი შემდგომი არჩევნები უნდა გახდეს ჩვეულებრივი მოვლენა და აღარ უნდა შეფასდეს, როგორც ქვეყნის დემოკრატიულობის ტესტი“, - აღნიშნა ურმას პაეტმა.  პარლამენტის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა საგარეო საქმეთა მინისტრს იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ესტონეთი სხვადასხვა საერთაშორისო ფორუმზე საქართველოს მიმართ გამოხატავს. დავით უსუფაშვილმა ესტონელ სტუმარს ქვეყნის შიგნით მიმდინარე პოლიტიკური პროცესები გააცნო და გაკვირვება გამოხატა მიმდინარე კოაბიტაციის ფარგლებში კონფერენციაზე ოპოზიციის წარმომადგენლების არ დასწრებასთან დაკავშირებით. პარლამენტის თავმჯდომარემ ქვეყნის მართვაში პლურალიზმის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღევანდელი ხელისუფლება დაინტერესებულია, რომ მეტ პოლიტიკურ პარტიას მიეცეს პროცესებში ჩართვის საშუალება. „ახალი ხელისუფლება უზრუნველყოფს არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებას, რათა ადგილობრივ არჩევნებში მრავალპარტიული ძალები იყოს წარმოდგენილი. ასევე მნიშვნელოვანია, რომ უახლოეს პერიოდში შეიქმნება ახალი ფორუმი საკონსტიტუციო კომისიის სახით, რომელშიც მონაწილეობის მიღება როგორც პარლამენტში წარმოდგენილ, ასევე არასაპარლამენტო პოლიტიკურ პარტიებს შეეძლებათ“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
|
|
Last Updated on Friday, 12 July 2013 16:49 |