თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომა | Print |
Friday, 12 July 2013 15:51

სარატიფიკაციოდ პარლამენტში წარმოდგენილი ორი დოკუმენტი განიხილეს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე.

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ევროპაში მეკავშირე ძალების უმაღლეს შტაბბინას შორის ავღანეთში NATO-ს ეგიდით მიმდინარე საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდამჭერი ძალების (ISAF) ოპერაციებში საქართველოს შეიარაღებული ძალების მონაწილეობის შესახებ“ ტექნიკურმა შეთანხმებამ ქართული კონტინგენტის აღნიშნულ ოპერაციაში მონაწილეობასთან დაკავშირებული იურიდიული და ფინანსური საკითხები უნდა დაარეგულიროს.
საქართველო 2009 წლიდან მონაწილეობს საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდამჭერი ძალების (ISAF) ოპერაციებში, ამის მიუხედავად, უშუალოდ ევროპაში მეკავშირე ძალების უმაღლეს შტაბბინასთან ორმხრივი შეთანხმება დღემდე არ ყოფილა გაფორმებული. როგორც სხდომაზე აღინიშნა, ეს შეთანხმება, მიუხედავად იმისა რომ ძირითადად სტანდარტული სახისაა, წარმოადგენს კიდევ ერთ წინგადადგმულ ნაბიჯს საქართველოს ნატოსთან ურთიერთობის გზაზე.
საქართველო-ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სამხედრო სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებასა და მჭიდრო ურთიერთობის განმტკიცებას შეუწყობს ხელს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტს შორის „შესყიდვებზე და მომსახურებაზე (საქართველო-აშშ 02) შეთანხმება. როგორც სხდომაზე აღნიშნა, ანალოგიური ხელშეკრულება 2003 წელს იქნა რატიფიცირებული და მისი მოქმედების ვადა 6 ივნისს ამოიწურა, რაც მხარეებს შორის ახალი ხელშეკრულების გაფორმების მიზეზი გახდა.

Last Updated on Friday, 12 July 2013 15:57