|
11 ივლისს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე მოსმენილი იქნა კომიტეტის წევრის მარიამ საჯაიას მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია, რომელიც ეხებოდა ,,დინამო არენას” სტადიონთან დაკავებულ პირებს.
კომიტეტმა დღის წესრიგში დამატებით შეიტანა აღნიშნული საკითხი საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლების თხოვნით, გაიმართა საკითხის რამდენიმესაათიანი განხილვა და მათ მიერ წარმოდგენილი ვიდეო მასალის ჩვენება. ასევე კომიტეტმა ნახა შსს–ს მიერ მოწოდებული ვიდეო მასალაც. საკომიტეტო მოსმენა წარიმართა ძალზედ ემოციურ და დაძაბულ ვითარებაში, ხშირად ირღვეოდა სხდომის თავმჯდომარის მოთხოვნა, შეუთანხმებლად და თვითნებურად ხდებოდა სიტყვით გამოსვლა და ირღვეოდა რეგლამენტით დადგენილი პროცედურები. კომიტეტის წევრთა უმრავლესობამ შეაფასა წარმოდგენილი ინფორმაცია, ვიდეო მასალა იყო უხარისხო, უმეტესად შეუძლებელი იყო გარჩევა ინდივიდების და წარმოდგენილი მასალით ვერ დადასტურდა ის ბრალდებები, რის დადასტურებასაც ითხოვდნენ უმცირესობის წარმომადგენლები. მათი ზეპირი განცხადება, რომ მოხდა უკანონო დაკავება და ფიზიკური შეურაცყოფა აქციის მონაწილე პირებისა პოლიციის თანამშრომლების მიერ, წარმოდგენილი მასალით არ დასტურდებოდა, უფრო მეტიც, შს-ს მიერ გამოგზავნილი ვიდეო მასალიდან კარგად ჩანდა აქციის ერთ ერთი მონაწილე, შემდგომ დაკავებული პირი როგორი უშვერი სიტყვებით აყენებდა შეურაცყოფას პოლიციის თანამშრომლებს. სასამართლომ აღნიშნულ ფაქტზე მიიღო გადაწყვეტილება და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად შეაფასა მომხდარი ფაქტი. ამდენად, კომიტეტი სამართლებრივ შეფასებას ვერ მისცემს ამ ფაქტს, მით უფრო, როცა ქ-ნ საჯაიას მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი დამადასტურებელი ფაქტები, ასევე არ ყოფილა არანაირი მასალა წარმოდგენილი გარდა ზეპირი პოლიტიკური განცხადებისა სხვა პირების დაკავების თაობაზე. კომიტეტის ყველა წევრმა, ასევე სხვა დეპუტატებმაც შეუზღუდავად ისარგებლეს საკომიტეტო მოსმენის ფორმატით, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ წინა მოწვევის პარლამენტში არ ყოფილა არც ერთი შემთხვევა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე განხილულიყო აქციებისა და მანიფესტაციების დარბევის, უკანონო დაკავებების რომელიმე შემთხვევა. კომიტეტი აძლევს შესაძლებლობას ყველა წევრს და დაინტერესებულ პირებს, მაქსიმალურად გამჭვირვალე და საქმიან გარემოში ითანამშრომლონ ადამიანის უფლებათა დასაცავად და აქვე მოუწოდებს უმცირესობის წევრებს პატივის სცენ საქართველოს რეგლამენტს საკომიტეტო სხდომების დროს. |