პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის გამოსვლა მე-10 საერთაშორისო კონფერენციაზე „საქართველოს ევროპული გზა“ ევროკავშირის აღმოსავლეთ ევროპელი პარტნიორები ვილნიუსის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტისკენ“ | Print |
Friday, 12 July 2013 16:52

პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი მე-10 საერთაშორისო კონფერენციაზე „საქართველოს ევროპული გზა“ ევროკავშირის აღმოსავლეთ ევროპელი პარტნიორები ვილნიუსის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტისკენ“ სიტყვით გამოვიდა.
გამოსვლის დასაწყისში პარლამენტის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა უცხოელ და ადგილობრივ სტუმრებს და განსაკუთრებულად უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, კონსტანტინე კუბლაშვილს მიესალმა და ხაზი გაუსვა, რომ იგი წარმოადგენს ხელისუფლების შტოს, რომელიც არჩევნების შემდეგ არ შეცვლილა და განაგრძობს საქმიანობას ახალი ხელისუფლების პირობებში. „წინა კონფერენციაზე სხვა პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენლები საუბრობდნენ და ცდილობდნენ მიეყვანათ ეს ქვეყანა უფრო ახლოს ევროპასთან. იმ დროს საერთაშორისო საზოგადოებიდან საქართველოს ბევრი მეგობრისთვის რთული იყო იმის წარმოდგენა, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ასეთი დრამატული ცვლილებები მოხდებოდა და ახალი პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები დაიკავებდნენ ამ ადგილებს, ისაუბრებდნენ იგივე მიმართულებით და შეეცდებოდნენ დაეჩქარებინათ ეს პროცესი. მე მჯერა, რომ ეს არის ქართველი ერის დიდი მიღწევა, ეს არის ჩვენი პოლიტიკური გუნდის მიღწევა და ჩვენ უნდა კიდევ უფრო მდგრადი გავხადოთ ეს პროცესი“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა. კონფერენციაზე გამოსვლისას პარლამენტის თავმჯდომარემ ვილნიუსის სამიტისთვის საქართველოს მზაობაზე ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ მოლაპარაკებების ხანგრძლივი პროცესი ქვეყნისთვის სასიკეთოდ დასრულდება. პარლამენტის თავმჯდომარე ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის გამოსვლასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ იგი სრულიად იზიარებს ურმას პაეტის სიტყვებს, რომ სირცხვილია არჩევნების დროს დემოკრატიულ ტესტებზე საუბარი და არჩევნები და პოლიტიკური თავისუფლებები დემოკრატიული სახელმწიფოსთვის ყოველდღიური, ჩვეულებრივი საქმიანობა უნდა გახდეს.
დავით უსუფაშვილი საქართველოს ევროპულ გზაზე მსვლელობის წინასაუკობრივ მოვლენებს შეეხო და განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია ის ფაქტები თუ როდის დაიწყო საქართველომ ამ გზაზე მოგზაურობა. „ისტორიკოსებს შეიძლება ქონდეთ საკუთარი მოსაზრებები, პოლიტიკოსები ალბათ ამ პროცესს თავიანთ მოღვაწეობას დაუკავშირებენ, მაგრამ მე მჯერა, რომ ამ გზის გავლა 1921 წელს დაიწყო, როდესაც საქართველოს დამოუკიდებელმა რესპუბლიკამ კონსტიტუცია მიიღო. ეს იყო ევროპული ქვეყნის კონსტიტუცია, რომელიც სიკვდილით დასჯას აუქმებდა. კონსტიტუცია, რომელიც ევროპულ ფასეულობებს ეფუძნებოდა და კანონის წინაშე ქალსა და მამაკაცს შორის თანასწორობას აყალიბებდა. ეს ხდებოდა მაშინ, როდესაც ევროპის რიგ ქვეყნებში ამ უფლებებით ბევრი ვერ სარგებლობდა და მხოლოდ იწყებოდა მათი აღმოცენება. საქართველოს პოლიტიკური მოაზროვნეები იღებდნენ ევროპულ ფასეულობებს, როგორც სტანდარტებს, განიხილავდნენ მათ მიზნებს და ცდილობდნენ მათ მიღწევას“, - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა. მისივე განცხადებით, სამწუხაროდ შემდეგი 70 წელი საქართველომ სულ სხვაგან გაატარა და ევროპული მისწრაფებები ყურადღების მიღმა დარჩა, თუმცა ახლა დადგა დრო, რომ დასრულდეს დისკუსია - არის თუ არა საქართველო ევროპა!
„ჩვენ გვაქვს მხარდაჭერა ჩვენი მეგობრებისგან და მოვისმინეთ განცხადებები, რომ ევროპა მზად არის დაგვეხმაროს, მაგრამ ჩვენც უნდა ვიყოთ მზად, რომ მივიღოთ ეს დახმარება. ჩვენ ვართ გაცილებით უფრო მზად ამ დახმარებისთვის, ვიდრე ეს იყო წინა წლებში. ჩვენ ნაკლებად ამპარტავნები ვართ და ვიცით ის, რომ არ ვიცით ყველაფერი, შესაბამისად მზად ვართ მივიღოთ თქვენი წინადადებები და რეკომენდაციები“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა გამოსვლის დასასრულს.

Last Updated on Friday, 12 July 2013 17:23