|

პარლამენტმა დღევანდელ სხდომაზე პრეზიდენტის მიერ ოთხ კანონპროექტზე დადებული ვეტო დაძლია. სამი კანონპროექტი: „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ერთ პაკეტად იყო წარმოდგენილი. დეპუტატებმა არ გაიზიარეს პრეზიდენტის მიერ მოწოდებული მოტივირებული შენიშვნები და კენჭისყრების შედეგად მხარი დაუჭირეს პროექტების პირვანდელ რედაქციას. თითოეულ კანონპროექტს მხარი 94 დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო 9 დეპუტატმა ხმა წინააღმდეგი მისცა. "მაუწყებლობის შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებით პრეზიდენტს ოთხი ძირითადი შენიშვნა ჰქონდა. ესენია: საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი; სამეურვეო საბჭოსთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხი; მაუწყებლის მიერ კომისიისთვის წარსადგენ ინფორმაციასთან დაკავშირებული დამატებითი ვალდებულებები და საზოგადოებრივი მაუწყებლის მოქმედი სამეურვეო საბჭოსთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი. მეოთხე კანონპროექტი, რომელზეც პარლამენტმა ასევე პრეზიდენტის ვეტო დაძლია იყო „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი. აღნიშნული პროექტის პირვანდელ რედაქციას მხარი 94 დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო 9 წინააღმდეგი იყო. პრეზიდენტმა ხელი იმ ცვლილებებს არ მოაწერა, რომლის საფუძველზეც, ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრების თანამდებობაზე მოხსნა-დანიშვნის უფლებამოსილება პრეზიდენტიდან პრემიერ-მინისტრის ხელში გადავა. ამავე ცვლილებების ფარგლებში, პრეზიდენტის ნაცვლად, პრემიერ-მინისტრი კომისიის წევრთაგან ერთ-ერთს კომისიის თავმჯდომარის პოსტზე დანიშნავს.
დღევანდელ სხდომაზე მეორე მოსმენით, 90 ხმით 8-ის წინააღმდეგ მიღებული იქნა კანონის პროექტი „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. კანონპროექტით, აკადემიური პერსონალის შემადგენლობას ემატება ასისტენტის აკადემიური თანამდებობა, რომელიც განახორციელებს სასემინარო და კვლევით სამუშაოებს, განისაზღვრება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორის, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელისა და დეკანის თანამდებობრივი სარგოს გაანგარიშების წესი. კანონპროექტითვე რეგულირდება ასევე, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა და სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბიუჯეტის ფორმირებისა და დამტკიცების წესი. საპარლამენტო უმცირესობას წარმოდგენილ კანონპროექტთან მიმართებაში მრავალი შენიშვნა ჰქონდა, თუმცა მთავარი კრიტიკის საგანი პროექტის ის მუხლი იყო, რომელიც პრემიერ-მინისტრის მიერ რექტორის მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნას ითვალისწინებდა. განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ სანიკიძემ სხდომაზე ამ მუხლის ახალი რედაქცია წარმოადგინა, რომლის თანახმად: ,,საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში რექტორის მოვალეობის შემსრულებელს ირჩევს საარჩევნო კოლეგია, რომლის შემადგენლობაში შედის ყველა ის პირი, ვისაც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში უჭირავს აკადემიური ან სამეცნიერო თანამდებობა და ფლობს დოქტორის ან მასთან გათანაბრებულ აკდემიურ ხარისხს“.
დეპუტატებმა მესამე მოსმენით, 96 ხმით 3-ის წინააღმდეგ მიიღეს კანონის პროექტი „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“. კანონპროექტით რეგულირდება სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების სტატუსის მოპოვების, შეწყვეტის, მონიტორინგის, მათთვის შეღავათების დაწესებისა და მათი საქმიანობის საკითხები.
სხდომაზე პირველი მოსმენით, 94 ხმით ერთის წინაამდეგ მიღებული იქნა კანონპროექტი „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. კანონპროექტით ,,საქართველოს შეიარაღებული ძალების სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ საერთაშორისო ოპერაციებში ან სხვა სახის სამშვიდობო საქმიანობის განხორციელებისას გარდაცვლილი ან მიყენებული ჯანმრთელობის დაზიანების გამო გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურეთა ოჯახის წევრებისათვის დგინდება ერთჯერადი ფულადი დახმარება 100 000 ლარის ოდენობით. დეპუტატებმა პირველი მოსმენით, 96 ხმით ერთის წინააღმდეგ მიიღეს კანონპროექტი „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. კანონპროექტით განისაზღვრება „საქართველოს შეიარაღებული ძალების სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის შესახებ“ კანონით გათვალისწინებულ საერთაშორისო ოპერაციებში ან სხვა სახის სამშვიდობო საქმიანობის განხორციელებისას გარდაცვლილი ან ამ მისიებში მიღებული ჯანმრთელობის დაზიანების გამო გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურეებისათვის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის, აგრეთვე 1998 წლის მაისსა და 2004 წლის 22–24 აგვისტოს მოვლენებისას დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახის წევრებისათვის სახელმწიფო კომპენსაციის მიღების წესი და პირობები. ასევე პირველი მოსმენით, 98 ხმით ერთხმად დღევანდელ სხდომაზე მიღებული იქნა კანონპროექტი „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზოუკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. კანონპროექტი ითვალისწინებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთ ოჯახის წევრების სახელმწიფო კომპენსაციით უზრუნველყოფას „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
პარლამენტის რიგგარეშე სესიის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე დეპუტატებმა ოცამდე საკითხი განიხილეს და კენჭი უყარეს. |