დემოკრატიული კანონშემოქმედების პროცესის პრინციპების საკითხებზე საუბრობდნენ ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) მიერ ორგანიზებულ სემინარზე. სემინარის მეორე დღის თემა იყო „საზოგადოებრივი კონსულტაციები და საკანონმდებლო ხელისუფლებაზე ზედამხედველობა, როგორც დემოკრატიული კანონშემოქმედების მნიშვნელოვანი ასპექტები“. წარმოდგენილი მოხსენებები მიზნად ისახავს გამჭვირვალე და ეფექტიანი საკანონმდებლო პროცესების ხელშეწყობას, საქართველოში კანონმდებლობის ხარისხის შემდგომი გაუმჯობესებისა და უკეთესი საჯარო ადმინისტრირების მიზნით.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, საკანონმდებლო ინიციატივების მომზადებისა და მიღების პროცესში, პარლამენტი მთავრობის ოპონენტია. „თუ საკანონმდებლო საქმიანობაში მთავრობა და პარლამენტი ერთმანეთთან არ ოპონირებს, სრულიად ეკარგება აზრი ხელისუფლების დაყოფისა და დანაწილების პრინციპს. მისივე თქმით, ასევე არსებობს არასამთავრობო სექტორი, რომელიც ორივე ამ შტოსთან ოპონირების რეჟიმში იმყოფება, რაც აუცილებლად ასე უნდა იყოს. ამ ოპონირებასა და დებატებში იბადება სწორი აზრი. ამასთან, ჩვენ არ გვინდა ოპონირება ოპონირებისათვის და დებატები - დებატებისთვის. გვინდა ამ პროცესის შედეგი დემოკრატიულ სტანდარტებთან მეტად მიახლოებული კანონმდებლობა იყოს, ჩვენ ყველამ დავინახოთ, კანონის მიღებას მაშინ აქვს აზრი, თუ ამ კანონის აზრი გათავისებული აქვს საზოგადოებას, თავს მოხვეული და ნაჩქარევად მიღებული საკანონმდებლო აქტები განწირულია იმისთვის, რომ ისინი ვერ იმუშავებს", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა. მან სემინარზე ასევე განაცხადა, რომ კანონი უზენაესი ხდება არა ძალით, არამედ შეგნებითა და გააზრებით. "ძალა და კანონის აღსრულების ის ინსტრუმენტები, რომლებიც ექსკლუზიურად მხოლოდ სახელმწიფოს აღსრულებაშია, იშვიათ შემთხვევაში უნდა ჩაერთოს. ყველა დანარჩენ შემთხვევაში, კანონი უნდა სრულდებოდეს, როგორც გააზრებული აუცილებლობა. თუკი გადავხედავთ ჩვენ უახლოეს ან უფრო შორეულ ისტორიას, დავინახავთ, რომ ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რის გამოც ვერ დამკვიდრდა ქვეყანაში კანონის უზენაესობა და სამართლებრივი კულტურა არის ის, რომ მთელ ამ პროცესს საზოგადოება მოწყვეტილია", - აღნიშნა შეხვედრაზე დავით უსუფაშვილმა. სასტუმრო "ჰოლიდეი ინნში" გამართულ სემინარზე საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, უცხოელი სტუმრები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები დემოკრატიული კანონშემოქმედებითი პროცესის პრინციპებზე და ამ თვალსაზრისით, საქართველოში არსებული ვითარების გაუმჯობესებაზე მსჯელობდნენ. სემინარის დასრულების შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა სემინარის მნიშვნელობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ აქ მოსმენილი მოხსენებები მნიშვნელოვნად წაადგება კანონშემოქმედებითი საქმიანობის პროცესს. მან ასევე უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვებს. NDI-ს ბოლო კვლევის შედეგებთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე პარლამენტის თავმჯდომარემ უპასუხა, რომ ის უკიდურესად შეშფოთებულია. დავით უსუფაშვილის განმარტებით, მისი შეშფოთების მიზეზი ისაა, რომ "გასულ წელს, ამ დროს რასაც ანალოგიური კვლევები "ქართულ ოცნებას" უწინასწარმეტყველებდა, არჩევნებზე დაახლოებით სამჯერ მეტი მივიღეთ, ახლა თუ კვლევით ამ შედეგს ვიღებთ და არჩევნებზე ორჯერ მეტ შედეგს მაინც მივიღებთ, ეს ქვეყნისთვის დემოკრატიის დასასრული იქნება, რადგან ალბათ 100%-ს გადავაჭარბებთ", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.