ოქმი #15

საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის

2013 წლის 2 აპრილის სხდომის

ოქმი # 15

 

ქ. ქუთაისი 2013 წლის 2 აპრილი

 

სდომას ესწრებოდნენ: გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ცაგარეიშვილი - სხდომის თავმჯდომარე; კომიტეტის წევრები: ბიძინა გუჯაბიძე, გიორგი ჟვანია, ზურაბ ზვიადაური, სერგო ხაბულიანი, მალხაზ წერეთელი; მოწვეული სტუმრები: საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრი ხათუნა გოგალაძე, საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო შარაშიძე; კომიტეტის აპარატის უფროსი ნანა თალაკვაძე, აპარატის წამყვანი სპეციალისტი ელისო შანავა – სხდომის მდივანი.

 

დღის წესრიგი:
1. საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის ხათუნა გოგალაძის საანგარიშო მოხსენება გაწეული საქმიანობის შესახებ;
2. საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტსა და ქ. ქუთაისის 25-ე საჯარო სკოლას შორის, გარემოს დაცვის საკითხებზე ურთიერთშეთანხმების მემორანდუმის გაფორმება;
3. ქ. ქუთაისის 25-ე საჯარო სკოლის ტერიტორიასა და ქ. ქუთაისის ეროვნულ პარკში გამწვანების აქციის ჩატარება, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტისა და ქ. ქუთაისის 25-ე საჯარო სკოლის მოსწავლეთა და პედაგოგთა მონაწილეობით.


მოისმინეს: გიორგი ცაგარეიშვილი - ინფორმაცია დღის წესრიგის თაობაზე: აღნიშნა, რომ პარლამენტის თავმჯდომარე დაინტერესებულია გარემოს დაცვის საკითხებით და სრულ მხარდაჭერას უცხადებს გარემოს დაცვის სამინისტროს. მინისტრს სთავაზობს ყოველი სესიის ბოლოს (საშემოდგომო და საგაზაფხულო) ჩააბაროს ანგარიში გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტს გაწეული საქმიანობის შესახებ. მიესალმება სამინისტროს რეფორმას. ასევე აღნიშნა, რომ ფორმდება მემორანდუმი საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტსა და ქ. ქუთაისის 25-ე საჯარო სკოლას შორის. გამოთქვამს სურვილს შეიქმნას „მწვანე კომიტეტი“.

მოისმინეს: ხათუნა გოგალაძე – მადლობას უხდის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტს გამომდინარე იქიდან, რომ ვრცელი საკანონმდებლო პაკეტი იქნა შემოსული პარლამენტში დასამტკიცებლად. ეს ტვირთი ძირითადად გადაიარა გარემოს დაცვის კომიტეტზე, ხდებოდა კანონების გადამუშავება. აღნიშნა, რომ მათი გუნდის სამინისტროს სათავეში მოსვლის პირველი დღიდან დაიწყო მზადება სისტემური რეფორმისათვის, რომლის მიზანი სამინისტროს ფუნქციური, ინსტიტუციური და ფინანსური გაძლიერება. რეფორმა ორი ძირითადი მიმართულებით მიმდინარეობს:
პირველ რიგში, მომზადდა საკანონმდებლო პაკეტი, რომლის ძირითადი არსი, ერთი მხრივ, სამინისტროს რეორგანიზაცია, ხოლო მეორე მხრივ, იმ არამართებული სამართლებრივი ბაზის სრულყოფა იყო, რომლის შედეგადაც აიკრძალება ნადირობა სამონადირეო მეურნეობებს გარეთ, აიკრძალება ნადირობა გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ სახეობებზე, გაუქმდება სრულიად არაგონივრული შეთანხმებების დადების შესაძლებლობა იმ დანაშაულებზე, რომლებიც ჩადენილია გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში, რაც თავისთავად კორუფციული გარიგებების დადების შესაძლებლობას იძლეოდა. ამასთანავე, კანონმდებლობის დონეზე გასწორდა სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისას ფუნქციათა დუბლირება სამინისტროსა და ენერგეტიკის სამინისტროს შორის. რეორგანიზაციის შემდგომ, სამინისტროს უბრუნდება მნიშვნელოვანი ფუნქციები, კერძოდ, იგი განახორციელებს არამარტო გარემოს დაცვის სახელმწიფო მართვას, არამედ ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სახელმწიფო მართვასაც, გარდა ნავთობისა და გაზისა. სამინისტროს ფუნქცია იქნება სახელმწიფო კონტროლის განხორციელება გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობაზე, დაემატა ბირთვული და რადიაციული საქმიანობის რეგულირების კომპეტენცია და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის ლიცენზირების ორგანიზების ფუნქცია.
სამინისტროს შემადგენლობაში შევა ხუთი საჯარო სამართლის იურიდიული პირი: დაცული ტერიტორიების სააგენტო, გარემოს ეროვნული სააგენტო, სატყეო-საბაზისო სანერგე მეურნეობა, სატყეო სააგენტო და გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი.
ასევე აღნიშნა, რომ სამართლებრივი რეფორმის მეორე ეტაპის მიზანი, რაც სამინისტროს რეორგანიზაციის პროცესის დასრულების შემდგომ დაიწყება, დარგობრივი კანონმდებლობის სრულ რევიზიაში მდგომარეობს. მიუხედავად იმისა, რომ რომ შემუშავების პირველ ეტაპზე (90-იანი წლები) საქართველოს გარემოსდაცვითი კანონმდებლობა (და არა აღსრულება) საკმაოდ დახვეწილი და საერთაშორისო სტანდარტებთან მიახლოებული იყო, მომდევნო, განსაკუთრებით კი ბოლო წლებში განხორციელებულმა სამართლებრივმა და ინსტიტუციურმა ცვლილებებმა, სამართლის ეს მიმართულება აბსოლიტურად არათანმიმდევრული, არაგონივრული და ბუნდოვანი გახადა. დაკნინდა მდგრადი განვითარების მიდგომებზე დაფუძნებული სამართლებრივი აქტების შემუშავების პრაქტიკა. გარემო აღიქმებოდა მხოლოდ, როგორც მოხმარების რესურსი და არა ადამიანის არსებობა/განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი. ამასთან, კანონმდებლობა იცვლებოდა ყველანაირი ეკონომიკურ/ფინანსური დასაბუთების გარეშე და ხშირად, როდესაც სამართლებრივი ინიცირების მიზეზად ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის გაძლიერება, მათ შორის ტურიზმისა და საინვესტიციო გარემოს ხელშეწყობა სახელდებოდა, არ არსებობდა არანაირი ფინანსურ-ეკონომიკური დასაბუთება. არამართებულმა ცვლილებებმა სამართლებრივ აქტებში, ქვეყანა დააშორა საერთაშორისო სამართლით დამკვიდრებულ მიდგომებს, რამაც ერთი მხრივ, გააჩანაგა ბუნებრივი რესურსები, პრაქტიკულად მინიმუმამდე დაიყვანა ისედაც გადაშენების წინაშე მყოფი სახეობების რიცხოვნობა, რასაც უახლოესი კვლევები ადასტურებს. კანონმდებლობა, გაჯერებულია კერძო ინტერესებზე მორგებული ცვლილებებით, რომელთა ნაწილი სამინისტროს ინიციატივით, როგორც ზემოთ მოგახსენეთ, უკვე გაუქმებულია. დარგისა და ქვეყნის შემდგომი განვითარების მიზნებიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ სრულდება საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულებაზე მუშაობის პროცესი, სამინისტრო გეგმავს, შესაბამისი ცვლილებების შეტანას არსებულ სამართლებრივ აქტებში და ახლების ინიცირებას. ამასთან, სამინისტროს ინიციატივით, დაგეგმილია ამ პროცესში ყველა დაინტერესებული პირის აქტიური ჩართვა, მათ შორის არასამთავრობო სექტორის.
კანონშემოქმედებითი გეგმის ფარგლებში, მიმდინარე წელს მომზადებული და წარდგენილი იქნება ხუთი სრულიად ახალი კანონის პროექტი, რომელთა მიზანია ისეთი საკითხების რეგულირებაა, რომლებიც საერთოდ უგულველყოფილი იყო აქამდე, კერძოდ მზადების დასკვნით ეტაპზე კანონის პროექტი 1. ”ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ”, რომლის მიღება, მათ შორის ქვეყანაში ენდემური ჯიშების გადაშენების საფრთხეს მინიმუმამდე დაიყვანს. ასევე, ევროკავშირის მხარდაჭერის ფარგლებში, მიმდინარეობს აქტიური მუშაობა 2. ”ნარჩენების მართვის შესახებ” კანონპროექტზე, რაც რევოლუციუირი ნაბიჯია საქართველოს სამართლებრივი სისტემისათვის. ასევე, აქტიური მუშაობა მიმდინარეობს კანონპროექტზე 3. ”წყლის რესურსების მართვის შესახებ”, რომლის ძირითადი მიზანი მათ შორის, წყალსარგებლობის სფეროში შესაბამისი უფლებააღმჭურველი აქტების აღების ვალდებულების აღდგენაა. ამასთანავე, დაცული ტერიტორიების განვითარების მიზნით შემუშავებულია 4. „მეფეთა კანიონის ბუნების ძეგლების შექმნისა და მართვის შესახებ" და 5. „მყინვარის ეროვნული პარკის შექმნისა და მართვის შესახებ” კანონის პროექტები.
საერთაშორისო სტანდარტებთან და ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის მიზნით დაგეგმილია არსებითი ცვლილებების შეტანა ”გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ” საქართველოს კანონში, რაც უპირველეს ყოვლისა მოწესრიგებს გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების ჩართულობის პროცესს და დაარეგულირებს იმ საქმიანობათა ჩამონათვალს, რომლებიც ექვემდებარა გარემოზე ზემოქმედების შეფასებას.
გარემოს დაცვის სამინისტრო დაარეგულირებს იმ საქმიანობათა ჩამონათვალს, რომლებიც ექვემდებარა გარემოზე ზემოქმედების შეფასებას. გარდა ამისა, სამინისტროში შემუშავების დასკვნით ეტაპზეა ცვლილებათა პროექტი „საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონში, რაც ითვალისწინებს გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ სახეობათა ბუნებიდან ამოღების მკაცრ რეგლამენტირებასა და დარეგულირებას. სამინისტროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია იმ კანონქვემდებარე აქტების, მათ შორის მთვარობის დადგენილებებისა და მინისტრის აქტების რევიზია/გასწორება, რომლებიც პროცედურული დეტალების დონეზე არეგულირებენ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის საკითხებს. უპირველეს ყოვლისა, დაიწყება შესაბამისი პროცედურები საქართველოს მთავრობის შემდეგ დადგენილებებში ცვლილებების შეტანის თვალსაზრისით:
„სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე”;
,,თევზჭერის ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე”;
,,ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე”;
,,ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ”;
და ა.შ.....
ამასთანავე, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ვადაში საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მიერ გამოიცემა ის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები, რომლებიც დაარეგულირებს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების კონტროლის კუთხით გარემოსთვის მიყენებული ზიანის განსაზღვრის წესს, ასევე, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოებისათვის დოკუმენტების ფორმების და მათი შევსების ზოგადი წესსა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელების მიერ სალიცენზიო პირობების შესრულების ანგარიშის წარმოდგენის წესსა და ვადებს.
ამასთანავე, მინისტრის ბრძანებით განისაზრვრება ხე-ტყის
მოძრაობის, მარკირებისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების სავალდებულო მოთხოვნები და შემუშავებულ იქნება გარემოსდაცვითი ინსპექტირების ახალი წესიც.
დარგობრივი მიმართულებების რეგულირების სამართლებრივი ბაზის დახვეწის მიზნით მინისტრის მიერ გამოიცემა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები ატმოსფერული ჰაერის დაცვის, წყლის რესურსის, ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების და წიაღით სარგებლობის კუთხით.

ასევე აღნიშნა, რომ მინისტრის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით ხელახლა დამტკიცდება სტუქტურული ქვედანაყოფების, სამინისტროს სისტემაში არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების დებულებები. აღნიშნული საკითხიც არანაკლებ მნიშვნელოვანია, თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ მაგალითად - სატყეო-საბაზისო სანერგე მეურნეობის დებულება, მას შემდეგ, რაც ის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში გადავიდა, არც ყოფილა ხელახლა დამტკიცებული და ეს უკანასკნელი, ისევ გარემოს დაცვის მინისტრის ბრძანების საფუძველზე დამტკიცებული, ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს მოკლებული აქტით ხელმძღვანელობდა. ამგვარი დეტალებით თავს არ შეგაწყენთ, რამეთუ მოქმედი გარემოსდაცვითი, როგორც, ტექნიკური, ასევე არსებითი ხასიათი სამართლებრივი აქტები, სამწუხაროდ სავსეა ამგვარი სამართლებრივი კოლიზიებით, რომელთა აღმოფხვრა დაუყოვენებლივ უნდა დაიწყოს.

 

აზრი გამოთქვა: ნოდარ ებანოიძე - აღნიშნა, რომ ხარაგაულის რაიონში არჩევნებამდე და არჩევნების შემდგომაც ხდებოდა ხე-ტყის მოპოვება არალეგალური გზით. ამჟამად ამუშავებულია შესაბამისი სამსახური და მიდის კონტროლი. ადამიანთა დიდი ნაწილი ხვდება რეალური საფრთხის წინაშე. ხდება დაჯარიმებები საკმაოდ მსხვილი თანხებით. ითხოვს ლეგალიზება გაკეთდეს იმ მასალის, რაც ამჟამად მოსახლეობაშია რაიმე ფორმით, თუნდაც შესაბამისი თანხის გადახდით. ვინაიდან, მოსახლეობას ტყიდან ვერ გამოაქვთ მოჭრილი ხე და ფაქტობრივად ფუჭდება. ასევე, აინტერესებს რკინიგზასთან დაკავშირებით რა მდგომარეობაა.

 

აზრი გამოთქვა: გიორგი ჯაფარიძე – აინტერესებს, შეიძლება თუარა მოსახლეობას მიეცეს საშუალება გარკვეული რაოდენობის ხის მოჭრის და მისი გატანის უფლება. ხეების დიდი რაოდენობა ხმება და ითხოვს შეწამვლას. ასევე, ითხოვს მდინარე რიონს ჩაუტარდეს ნაპირსამაგრი სამუშაოები. აღნიშნავს, რომ შემოვიდა ინფორმაცია, თითქოს რაჭაში შენდება კაშხალიანი ჰესები, რომლის სიმაღლე იქნება 120 მ. ამ სიმაღლის ჰესი სრულიად დაფარავს სოფლებს: ღებს, გნოლას და ჭიორას. ითხოვს გაითვალისწინოს სამინისტრომ.

 

აზრი გამოთქვა: გიორგი გოზალიშვილი – ლაგოდეხში არსებული დაცულ ტერიტორიების 5000 ჰა. მიწიდან 2612 ჰა გახლავთ ალპური საძოვარი. გთხოვთ აღნიშნული მიწის ნაკვეთი ა/წ 10 მაისამდე გამოცხადდეს აღკვეთილად, რადგანაც ადგილობრივ მოსახლეობას ჰყავს დაახლოებით 40000 სული ცხვარი და ტრადიციულად საძოვრებზე აჰყავთ მაისის თვეში. ასევე, აღნიშნა, რომ ჭიაურის აღკვეთილი არის საკმაოდ დიდი. ამ ტერიტორიაზე 1500 ჰა ტყე გახმა, იმის გამო რომ მდინარე კაბალი არ გაიწმინდა. ითხოვს სამინისტრომ მონიტორინგი ჩაატაროს, თუ რა დღეშია მდინარეები. ასევე აღნიშნავს, რომ საკარმიდამო ნაკვეთზე ხის მოჭრა არის გართულებული. ითხოვს, ეს პროცედურა გამარტივდეს.


აზრი გამოთქვა: სერგო ხაბულიანი – ითხოვს ნამხვანზე მოწვეული იქნეს უცხოელი ექსპერტები. ნამახვანის ჰესი არის დაკონსერვების სტადიაში. იგეგმება მისი განახლება, რომესაც მოყვება ნახევარი ლეჩხუმის დატბორვა. ასევე, ითხოვს საშეშე გზების გაყვანას და გზის გაყვანის კომპენტენცია დაევალოს გარემოს დაცვის სამინისტროს. ასევე ითხოვს გამკაცრდეს აპარატით თევზჭერა.

 

აზრი გამოთქვა: მალხაზ წერეთელი - მიესალმება სატყეო სააგენტოს შექმნას. ითხოვს გაკონტროლდეს ჭიათურის რაიონში ტყის უკანონო ჭრა. აიკრძალოს ნარჩენების მიწაში ჩამარხვა ან დასაწყობება, მდინარე ყვირილაში მანგანუმის შემცველი ქანების ჩაშვება. აღნიშნავს, რომ არ ხდება საბადოს რაციონალური დამუშავება ხარისხების მიხედვით. გადასახედია მოსაკრებლები.

 

აზრი გამოთქვა: გიორგი გაჩეჩილაძე – გამოთქვა მოსაზრება, რომ ტყეების ნაწილი გადაეცეს ადგილობრივ თვითმმართველობას, ხოლო დანარჩენი იყოს ფედერალური საკუთრება. სთხოვს გარემოს დაცვის სამინისტროს ლიცენზირებისა და ნებართვების შესახებ კანონში შეიტანონ ცვლილებები. ასევე, ითხოვს მოძებნონ შეშის ჩანაცვლების საშუალება და გამონახონ რაიმე ალტერნატიული გზა, როგორც ყველა ცივილიზებულ ქვეყნებში და არ გაიჩეხოს ტყე.

აზრი გამოთქვა: გიორგი ჟვანია – აღნიშნავს, რომ ჰესების პრობლემა არის გლობალურად გადასაწყვეტი. ითხოვს დაიბარონ გარემოს დაცვის სამინისტრო, ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო და ასევე დარგობრივი კომიტეტები და უნდა ჩატარდეს ერთობლივი სხდომა. შეიქმნას კომისია, რომელიც განსაზღვრავს ენერგეტიკის განვითარების გრძელვადიან გეგმას და ამ გეგმის მიხედვით უნდა იმოქმედოს ხელისუფლებამ.

 

მოისმინეს: ხათუნა გოგალაძე – პასუხი გასცა პარლამენტის მიერ დასმულ შეკითხვებს. აღნიშნა, რომ ჭიათურასთან დაკავშირებით პრობლემაა, რომ ძალიან ბევრი საკითხებია მოსაგვარებელი. რეგიონულ სამსახურებთან დაკავშირებით ზედამხედველობის დეპარტამენტი შეიქმნება და რეგიონული წარმომადგელობები ეყოლება და იქნება ერთი მიმართულება საწარმოების ინსპექტირების მიმართულებით. იზრდება ინსპექტორების რაოდენობა. ლიცენზიებისა და ნებართვების კანონთან დაკავშირებით თხოვნით მიმართა პარლამენტის წევრებს, შემოვიდნენ ინიციატივით. კიოტოს პროტოკოლთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ ის არის კლიმატის ცვლილების ოქმი, რომელიც გვთავაზობს მექანიზმებს კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული ღონისძიებების შერბილების შესახებ. ერთ-ერთი არის სუფთა განვითარების მექანიზმები და ამის ფარგლებში შეიძლება ტყეს თუ გააშენებს, რომელიც ნახშიროჟანგის შთანთქმელია ამისთვის თანხა მიიღო სპეციალური ფონდებიდან. ეკოსისტემებს რაც შეეხება შეფასება და კომპენსაცია სხვადასხვა ქვეყანაში მიდგომები სხვადასხვანაირი არსებობს. მაგ: არის ასეთი მიდგომაც, რომელიმე მეწარმე, რომელიც აშენებს რაგაცას და ის თუ რამეს აზიანებს შეიძლება იმას დაევალდებულოს, რომ თუ რამე გააფუჭა მაგრამ ეს ქვეყნისთვის იყო აუცილებელი, ევალება ოვსეტები, რომ სადღაც, ვთქვათ წავიდეს და რაღაგაც სხვა ადგილი გააშენოს.

საკითხი 2: გაფორმდა ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტსა და ქ. ქუთაისის 25-ე საჯარო სკოლას შორის.

 

სხდომის თავმჯდომარე გიორგი ცაგარეიშვილი


სხდომის მდივანი ელისო შანავა