საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის

2013 წლის 14 მაისის სხდომის

ოქმი #20

 

ქ. ქუთაისი 20013 წლის 14 მაისი

 

სხდომას ესწრებოდნენ: გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ცაგარეიშვილი - სხდომის თავმჯდომარე; კომიტეტის წევრები – ბიძინა გუჯაბიძე, გიორგი ჟვანია, გია გაჩეჩილაძე, მალხაზ წერეთელი, დავით ჭავჭანიძე, სერგო ხაბულიანი, ზურაბ ჩილინგარაშვილი. 
საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი თაბუაშვილი.

კომიტეტის აპარატის უფროსი ნანა თალაკვაძე, აპარატის წამყვანი სპეციალისტი მანანა მოსიძე – სხდომის მდივანი.

 

დღის წესრიგი: საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის მოსმენა.


მოისმინეს: გიორგი ცაგარეიშვილის ინფორმაცია სხდომის დღის წესრიგის თაობაზე. მან აღნიშნა, რომ 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო პარამეტრები ასი პროცენტით შესრულდა. ეს იყო პირველი წელი, როცა სახელმწიფო ბიუჯეტის დამტკიცება პროგრამული ბიუჯეტის ფარგლებში განხორციელდა. სიტყვა გადასცა გიორგი თაბუაშვილს.

 

მოისმინეს: გიორგი თაბუაშვილის ინფორმაცია „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის“ თაობაზე. მისი განმარტებით, ანგარიშში პროგრამების შესრულების ინფორმაცია ცალკეული მხარჯავი ერთეულების პროგრამების მიხედვით არის წარმოდგენილი.
წინა წელთან შედარებით, 2012 წელს მთლიანი შიდა პროდუქტი 6,1%-ით გაიზარდა და 26,1 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 2011 წლის მაჩვენებელს 1,8 მილიარდი ლარით აღემატება. ბიუჯეტის დეფიციტი თავდაპირველად დაგეგმილი იყო 3,5%-ის მოცულობით, თუმცა წლის განმავლობაში მიღებულმა ცვლილებებმა ბიუჯეტის დეფიციტის მაჩვენებელი 2,9%-მდე შეამცირა. შემოსულობების მოცულობა 8 004 006,1 ათასი ლარია, რაც დაზუსტებული გეგმის მონაცემზე 1,9%-ით ნაკლებია. გადასახდელების მოცულობა დაზუსტებულ გეგმაზე 3,5%-ით ნაკლებია.
წარმოდგენილი წლიური ანგარიშის მიხედვით, სოფლის მეურნეობის სფეროს დაფინანსებაზე - 228 მილიონ 360 ათას 100 ლარი დაიხარჯა, აქედან, სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამაზე - 172 მილიონ 451 ათას 100 ლარი, სოფლის მეურნეობის განვითარების პოლიტიკის შემუშავებასა და მართვაზე - 7 მილიონ 200 ათას რვაასი ლარი, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის განახლებაზე - 74 მილიონ 749 ათას 800 ლარი, სასოფლო-სამეურნეო წარმოების ინტენსიფიკაციაზე - 46 მილიონ 956 ათას 600 ლარი, სამელიორაციო სისტემის მოდერნიზაციაზე - 13 მილიონ 850 ათასი ლარი, მევენახეობა-მეღვინეობის განვითარებაზე - 46 მილიონ 947 ათას 900 ლარი. რეგიონებში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების სავარგულების ათვისების ხელშეწყობა 23 მილიონი ლარით განხორციელდა, აგროსექტორის განვითარების ხელშეწყობა კი - 3 მილიონ 432 ათას 800 ლარით. რაც შეეხება გარემოს დაცვის სამინისტროს, მასზე დამტკიცებული გეგმით 19 მილიონ 386 ათას 100 ლარი გაიწერა, გეგმა 19 მილიონ 873 ლარით დაზუსტდა, ხოლო 16 მილიონ 831 ათას 500 ლარით შესრულდა.

 

გადაწყვიტეს: (ერთხმად) მიზანშეწონილად განისაზღვრა საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განსახილველად წარდგენა.


სხდომის თავმჯდომარე გიორგი ცაგარეიშვილი


სხდომის მდივანი მანანა მოსიძე