საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის

2013 წლის 13 ივნისის გასვლითი სხდომის

ოქმი # 26

 

ქ. ჭიათურა 2013 წლის 13 ივნისი

 

სხდომას ესწრებოდნენ: გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ცაგარეიშვილი - სხდომის თავმჯდომარე; კომიტეტის წევრები: ბიძინა გუჯაბიძე, გიორგი ჟვანია, სერგო ხაბულიანი, მალხაზ წერეთელი, გიორგი გაჩეჩილაძე, გიორგი ფეიქრიშვილი; მოწვეული სტუმრები: საქართველოს გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე ნინო შარაშიძე, ნელი კორკოტაძე – გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების საზედამხედველო სამსახურის მთავარი ინსპექტორი, თამარ შარაშენიძე – ლიცენზიებისა და ნებართვების დეპარტამენტის უფროსის მ/შ; კომიტეტის აპარატის უფროსი ნანა თალაკვაძე, აპარატის წამყვანი სპეციალისტი ელისო შანავა – სხდომის მდივანი.

 

დღის წესრიგი:
1. ქ. ჭიათურაში შექმნილი მძიმე ეკოლოგიური მდგომარეობის თაობაზე

 

მოისმინეს: გიორგი ცაგარეიშვილი - ინფორმაცია დღის წესრიგის თაობაზე: აღნიშნა, რომ მოხდა ადგილზე დათვალიერება ქ. ჭიათურის სოფლების, სადაც მძიმე ეკოლოგიური მდგომარეობაა შექმნილი. დათვალიერებისას აღმოჩნდა, რომ წინა ხელისუფლების მიერ არ იყო რეაგირება კანონდარღვევაზე. კომიტეტი არ ებრძვის მეწარმეობას და მეწარმეებს. დღევანდელი ხელისუფლების მიზანია მოქალაქეებმა, მეწარმეებმა დაიცვან საქართველოს კანონმდებლობა გარემოს დაცვის სფეროში. სამინისტრომ უნდა გაამკაცროს ჯარიმები. ქართული ოცნების სახელით ყველა დაპირება იქნება აღსრულებული, რომელიც ეხება გარემოს დაცვას სამინისტროს და კომიტეტის ერთობლივი მუშაობით. მოხდა სამინისტროს სტრუქტურის შეცვლა. უმძიმესი მემკვიდრეობა დაგვხვდა და ვცდილობთ დანგრეულის აღდგენას. გარემოს სფეროში რაც ხდება უნდა იყოს გამჭვირვალე, ნებისმიერი ფენის თუ ასაკის მოქალაქეებს უნდა ჰქონდეთ ინფორამცია. ადგილობრივ თვითმმართველობას და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად უნდა იმუშაონ ჭიათურის პრობლემის მოსაგვარებლად. კომიტეტის სურვილია სამინისტრომ ლიცენზიები, რომლებიც გაიცა ჭიათურის ხე-ტყეზე შემოწმდეს. ვადა დაწესდება. სახელმწიფო წესრიგი ამ სფეროში უნდა დამყარდეს. პრემიერ-მინისტრის ამოცანაა მეწარმეებს შეუწყონ ხელი, ოღონდ კანონის სრული დაცვით. მუდმივი მეთვალყურეობა და კონტროლი ექნება კომიტეტს.

 

მოისმინეს: მალხაზ წერეთლის აზრით, ბუნებრივი რესურსებით ყველაზე მდიდარი ქალაქი, ჭიათურა განადგურებულია. ასეული მილიონით ღირებული პროდუქცია გადის ქვეყნის გარეთ და არაფერი შემოსავალი არ რჩება რაიონს. წინა ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება 10-ჯერ შემცირებულიყო მოსაკრებელი გადასახდელებზე. ჭიათურმანგანუმი ძალით გააკოტრეს. ითხოვს, საკანონმდებლო ჩარჩოში მოექცეს მოსახლეობა. ფეროშენადნობთა მასალა არის მეორე ადგილზე. რეკულტივირებულ მიწაზე მოსავლის მოყვანა შეუძლებელია. ითხოვს საბაგირო გზის გაყვანას.

 

მოისმინეს: ბიძინა გუჯაბიძე ითხოვს ლიცენზიების და მემორანდუმის გადახედვას. პირობების გადახედვის დროს აღმოჩენილი ხარვეზის შემთხვევაში შეიძლება შეიცვალოს ის. 500 ათასი ტონა მანგანუმი გატანილია ჭიათურიდან, სადაც ნახევარ მილიარდზე მეტი თანხა მიიღეს ინვესტორებმა, რომლებიც რეკულტივაციას არ უკეთებენ მიწას. კომიტეტმა სამინისტროსთან ერთად უნდა შეისწავლოს აღნიშნული საკითხი.

 

მოისმინეს: ნინო შარაშიძე მადლობას უხდის კომიტეტს, რომ სამინისტროსთან ერთად ადგილზე გადიან და ნათლად ჩანს, თუ რა მძიმე ეკოლოგიურ მდგომარეობაშია ჭიათურის გარემო. აღნიშნავს, რომ სამინისტრომ შექმნა ზედამხედველობის სამსახური, რომელიც კონტროლს გაუწევს კანონის დარღვევას. სამსახურს არ ექნება სადამსჯელო ფუნქცია, მისი უფლებამოვალობა იქნება აღკვეთოს ყველა კანონდარღვევა და მოსახლეობას მიეცეს ჯანსაღ გარემოში ცხოვრების საშუალება. სახელმწიფომ გარემოსდაცვითი კუთხით უნდა უზრუნველყოს მოქალაქეების უფლებები, რომ იცხოვრონ დაცულ და სუფთა გარემოში. მოხდება რეგულარული ინსპექტირება, შემოწმდება კომპანიები თუ რამდენად კეთილსინდისიერად ასრულებენ თავიანთ უფლებამოვალეობებს. Aრ უნდა ამოიწუროს ბუნებრივი რესურსები, რათა მომავალმა თაობამ მიიღოს სარგებელი გარემოდან.

 

მოისმინეს: შოთა გაფრინდაშვილი აღნიშნავს, რომ ქ. ჭიათურაში დგას წყლის პრობლემა. მანგანუმის დამუშავების დროს ქუდის ახსნის შემთხვევაში ჩადის და იმღვრევა წყალი. საშიშროებაა ინფექციური დაავადების გავრცელების. შესწავლილი იქნა აღნიშნული საკითხი და დაიდო სახიფათო დასკვნა. დადგინდა, რომ ამ წყლით სარგებლობის შემთხვევაში შესაძლოა გავრცელდეს ნაწლავური ინფექცია. ეს ყველაფერი იმის შედეგია, რომ არ ხდება დამუშავებული მიწის რეკულტივაცია. სამინისტროს და კომიტეტს სთხოვს, მოხდეს ლიცენზიანტების შემოწმება.

 

მოისმინეს: ნელი კორკოტაძე აღნიშნავს, რომ შოკისმომგვრელი იყო ის სურათი, რაც ხდება ქ. ჭიათურაში. საქართველოს კანონმდებლობით კომპანიას, რომელიც ასრულებს წიაღის მოპოვებას, სარგებლობის შემთხვევაში პირდაპირ აქვს ვალდებულება მოახდინოს მიწის რეკულტივაცია. შახტების შემთხვევაში, როცა მორჩება რესურსის მოპოვებას, აუცილებლად უნდა მოხდეს დაკონსერვება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და გარემოს და ბუნებრივი რესურესბის დაცვის სამინისტროსათან ერთად უნდა მოხდეს მიწისქვეშა გამონაბოლქვების შემოწმება. კომპანიას მიწისქვეშა წყლებით სარგებლობის შემთხვევაში ესაჭიროება ლიცენზია. ამასთან დაკავშირებით სამინისტრო განახორციელებს ინსპექტირებას.

 

მოისმინეს: თამარ შარაშენიძე აღნიშნა, რომ „ჯორჯიან მანგანეზ“-ს გზშ-გან და ეკოლოგიური ექსპერტიზისგან ეკისრება პასუხსმგებლობა. მათ დაარღვიეს ხელშეკრულება და საჩხერის სასამართლოს მიერ მოხდა მათი დაჯარიმება 5000 ლარის ოდენობით.

 

მოისმინეს: როსტომ ცარციძე აღნიშნა, რომ მაღაროებში არის უმძიმესი მდგომარეობა. უსაფრთხოების დაცვა უზრუნველყოფილი არ არის, სანთლის შუქზე მუშაობენ. ითხოვს, მუშა-მოსამსახურეების სამუშაო პირობებით უზრუნველყოფას.

 

მოისმინეს: გიორგი ცაგარეიშვილი ტყის ფართობების გაცემა საქართველოში არ შეიძლება, რადგან ფიზიკურად არ არსებობს ამის საშუალება. გამხმარი, დაავადებული ხეები დგას და იჭრება წაბლის უზარმაზარი ჯანსაღი ხეები. არის იმის აუცილებლობა, რომ უნდა გაიზარდოს ჯარიმები. პარლამენტი მხარს დაუჭერს კანონში ცვლილებას. მოხდება ლიცენზიების გადახედვა, ასევე შემუშავდება ინსპექტირების გეგმა.

 

გადაწყვიტეს: (ერთხმად)
გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ მოახდინოს:
1.ქ. ჭიათურასა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე წიაღით მოსარგებლე კომპანია „ჯორჯიან მანგანეზი“-ს ლიცენზიის პირობები და ლიცენზიის პირობების დარღვევის შემთხვევაში გაატაროს კანონით გათვალისწინებული ზომები.

2. წარმოადგინოს წინადადებები „ლიცენზიისა და ნებართვების შესახებ“, „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონებში, აგრეთვე „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექს“-ში ცვლილების შეტანის თაობაზე. (გამკაცრდეს დღეს არსებული საჯარიმო სანქციები ან მოხდეს გრადაცია ლიცენზიის დადგენილი მოცულობების შესაბამისად).
3. წარმოადგინოს კომპლექსური გეგმა იმ ღონისძიებებისა, რომლებიც მინიმუმადე დაიყვანენ ქ. ჭიათურაში გარემოზე უარყოფით ზემოქმედებას.


სხდომის თავმჯდომარე გიორგი ცაგარეიშვილი


სხდომის მდივანი ელისო შანავა