ოქმი # 8

საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების 2013 წლის 21 თებერვლის სხდომის

ოქმი # 8

 

ქ. ქუთაისი 20013 წლის 21 თებერვალი

 

სხდომას ესწრებოდნენ: გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ცაგარეიშვილი - სხდომის თავმჯდომარე; ბიძინა გუჯაბიძე - კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე; კომიტეტის წევრები: გიორგი ჟვანია, გია გაჩეჩილაძე, ზურაბ ზვიადაური, ვიქტორ ჯაფარიძის ადგილმონაცვლე კარლო კოპალიანი, ნოდარ ებანოიძის ადგილმონაცვლე გიგლა აგულაშვილი, გიორგი ხაჩიძე, სერგო ხაბულიანი, ზურაბ ჩილინგარიშვილი; გარემოს დაცვის სამინისტროს საპარლამენტო მდივანი შალვა ამირეჯიბი, ამავე სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი მაია ბითაძე; არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივის“ ქუთაისის ოფისის წევრი ხვიჩა ვაშაყმაძე; საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრების ქუთაისის ოფისის წევრი თემურ კეპულაძე; კომიტეტის აპარატის უფროსი ნანა თალაკვაძე, აპარატის წამყვანი სპეციალისტები ფიქრია რობაქიძე, მანანა მოსიძე და ელისო შანავა, აპარატის მთავარი სპეციალისტი ნანა გოგიტიძე - სხდომის მდივანი.

 

დღის წესრიგი: 1. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონის პროექტების „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“, „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „თბილისის ეროვნული პარკის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“, „ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს ტერიტორიაზე ნარჩენების ტრანზიტისა და იმპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „სამხედრო პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ტყის ფონდის მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ბორჯომ-ხარაგაულის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე,“ „ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ეკოლოგიური ექსპერტიზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „შეიარაღების, სამხედრო ტექნიკისა და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის საექსპორტო და საიმპორტო კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „კურორტებისა და საკურორტო ადგილების სანიტარიული დაცვის ზონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის ფონდის განსაკუთრებული დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „დაცული ტერიტორიების სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „რეგულირების საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (#07-2/25, 14.01.2013) პირველი მოსმენით განხილვა.


მოისმინეს: გიორგი ცაგარეიშვილის - ინფორმაცია სხდომის დღის წესრიგის თაობაზე. სიტყვა გადაეცა შალვა ამირეჯიბს.

 

მოისმინეს: შალვა ამირეჯიბის ინფორმაცია წარმოდგენილი კანონპროექტების თაობაზე. აღინიშნა, რომ საქართველოს კანონპროექტთა პაკეტის მიღების მიზეზს წარმოადგენს საქართველოს მთავრობაში განსახორციელებული სტრუქტურული ცვლილებები, რომლის შესაბამისად რეორგანიზებულ იქნება საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრო საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროდ, ხოლო ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო - ენერგეტიკის სამინისტროდ.

 

 

კითხვა დასვა: გიორგი ხაჩიძემ – აღნიშნული რეორგანიზაციით, როგორც ვხედავ, ვუბრუნდებით 2011 წლის მდგომარეობას. მაინტერესებს თუ რა განსხვავებას ექნება ადგილი? იგეგმება თუ არა გარემოს დაცვის ინსპექციის აღდგენა და სამინისტროს რომელ სტრუქტურაში?

 

უპასუხა: შალვა ამირეჯიბმა - სამინისტროში აღდგება გარემოს დაცვის ინსპექცია (გდი), მაგრამ არა პირვანდელი სახით. მისი ფუნქციები და კომპეტენცია ნათლად იქნება განსაზღვრული, ხოლო ადრე არსებული მთელი რიგი კომპეტენციებისა გადანაწილდება სხვადასხვა მაკონტროლებელ სტრუქტურებს შორის. მაგ.: პოლიციაზე და ჩვენი სამინისტროს თანამშრომლებს არ ექნებათ იარაღის ტარების უფლება. ანუ, გდი-ს აღარ ექნება პოლიციური ფუნქცია.

კითხვა დასვა: გია გაჩეჩილაძემ - რამდენი მუშაკი იქნება გდი-ში?

 

უპასუხა: შალვა ამირეჯიბმა - გდი-ში გვეყოლება 280 ინსპექტორი, რომლებიც შეამოწმებენ სამრეწველო ობიექტებს, ჩაატარებენ გეგმიურ ინსპექტირებას და შეასრულებენ სხვა ფუნქციებს.

 

კითხვა დასვა: გიორგი ხაჩიძემ – რეორგანიზაცია რთული პროცესია. მრავალი საკითხი საჭიროებს გააზრებას და დარეგულირებას. როგორი იქნება დაფინანსება? ან როგორ გაგრძელდება სამინისტროში ადრე დაწყებული პროგრამები? როგორ აპირებთ დაცული ტერიტორიების მართვას? მაგ.: ნადირობის პრობლემა. მოგეხსენებათ, რომ დაცული ტერიტორიების გარდა არსებობს ე.წ. „ბუფერული ზონები“ დაცულ ტერიტორიებს შორის, სადაც შეიძლება ყვავოდეს ბრაკონიერობა. როგორ აპირებთ ამის დარეგულირებას. გაგრძელდება თუ არა წითელ ნუსხაში შეტანილი ცხოველების აღრიცხვის პროგრამა და შესაბამისი ღონისძიებები? როგორ აპირებთ გადაბერებული ობიექტების გარემოდან ამოღებას ან ამ საკითხის დარეგულირებას?

 

აზრი გამოთქვა: გია გაჩეჩილაძემ - რაზე ლაპარაკობთ, გდი საერთოდ გააუქმეთ და კონტროლის გარეშე დატოვეთ მთელი სფერო. სჯობს პოლემიკაში ნუ შევალთ, თორემ არასწორი გადაწყვეტილებების მეტი რა გაქვთ. ჯერ თქვენი ინდულიგენციები, რომლებიც გარემოს დაცვის სფეროში გაფორმებული შეთანხმებებით გაეცით, გვეყოფა სალაპარაკოდ. ახლა რაც კეთდება იმაზე ვილაპარაკოთ.

 

კითხვა დასვა: გიორგი ხაჩიძემ – როგორ გაიზრდება სსიპ სატყეო სააგენტოს ბიუჯეტი?


უპასუხა: მაია ბითაძემ - რეორგანიზაციის პირველ წელს სატყეო სააგენტო იქნება დამოკიდებული ბიუჯეტიდან გამოყოფილ თანხებზე, მერე კი მოიზიდება ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის რეგულირების სახსრები, რაც საკმაო თანხას შეადგენს.

 

აზრი გამოთქვა: გიორგი ცაგარეიშვილმა - სამინისტროს დაფინანსება ბიუჯეტიდან იქნება 26 მლნ ლარი. ამას დაემატება სსიპ-ის შემოსავალი დაახლოებით 13 მლნ ლარი, პლუს კრედიტები და გრანტები. რეორგანიზაცია ახლა იწყება და ხსენებული დაფინანსება პრაქტიკულად შეთანხმებულია საქართველოს მთავრობასთან. მინდა გითხრათ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ გარემოს დაცვა პრიორიტეტად გამოაცხადა. პირობა მივიღე პრემიერ-მინისტრისგან, რომ დაფინანსება შემდგომში კიდევ უფრო გაიზრდება. გუშინდელ შეხვედრაზე ფინანსთა მინისტრთან მსჯელობა იყო სწორედ გარემოს დაცვის სფეროსთვის დამატებითი სახსრების მოზიდვის თაობაზე.

ავღნიშნავ, რომ გარემოს დაცვის სფეროში მრავალი პრობლემაა, რომელიც გადაწყვეტას მოითხოვს. დასაფიქრებელია ე.წ. ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის რეგულირების საფასური, დაცული ტერიტორიების მართვის მექანიზმები და მრავალი სხვ.

 

აზრი გამოთქვა: გიორგი ხაჩიძემ – მივესალმები სამინისტროსთვის ფუნქციების დაბრუნებას, მის გაძლიერებას და პოტენციალის ზრდას. მაგრამ, მეჩვენება, რომ პროცესი მძიმედ მიდის. მინდა გისურვოთ წარმატებები სამინისტროს გაძლიერების პროცესში.

 

კითხვა დასვა: ხვიჩა ვაშაყმაძემ – „მწვანე ალტერნატივას“ გააჩნდა შენიშვნები წარმოდგენილ კანონპროექტთა პაკეტთან დაკავშირებით, კერძოდ საუბარია კანონპროექტზე „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. აპირებთ თუ არა მათ გათვალისწინებას?

 

უპასუხა: მაია ბითაძემ - ნაწილი შენიშვნებისა გათვალისწინებულია, ნაწილზე ვიმსჯელებთ კანონპორექტთა პაკეტის მე-2 მოსმენით განხილვისას.

 

კითხვა დასვა: თემურ კეპულაძემ – ჩვენმა ორგანიზაციამ წარმოადგინა შენიშვნები კანონპროექტთა პაკეტთან დაკავშირებით. მე-2 მოსმენისათვის მოგაწვდით დამატებით შენიშვნებსა და წინადადებებს. აპირებთ თუ არა ჩვენი შენიშვნების გათვალისწინებას?

 

უპასუხა: მაია ბითაძემ - მოგესენებათ, რომ რეორგანიზაცია სწრაფი ტემპით მიმდინარეობს. ამასთან, გვქონდა გარკვეული შეფერხებები ბიუროკრატიული მოთხოვნებიდან გამომდინარე. ამდენად, ამ ეტაპზე, ჩვენ არ შეგვიცვლია შესაბამის კანონებში არსებული მუხლების ფორმულირება. ვინაიდან გარემოსდაცვითი კანონმდებლობა მნიშვნელოვან რევიზიას და, ხშირ შემთხვევაში, კანონების ხელახალ შემუშავებას მოითხოვს, მსგავსი საკითხები შემდგომი ეტაპისთვის გადავდეთ.

 

კითხვა დასვა: გია გაჩეჩილაძემ – მე მაწუხებს ისეთი საკითხი, როგორიცაა გარემოზე ზემოქმედების ფიზიკური ფაქტორები, კერძოდ ხმაური და ელექტრომაგნიტური გამოსხივება. სამინისტროს რომელი სტრუქტურა არეგულირებს ამ საკითხებს

 

უპასუხა: მაია ბითაძემ - უნდა ვაღიარო, რომ ეს საკითხი საკმაოდ მოიკოჭლებს. არსებობს ჯანდაცვის მინისტრის ნორმატიული აქტი, რომლის საფუძველზეც ხდება შენობებში ხმაურისა და სხვა ფიზიკური ფაქტორების გაზომვა, თუმცა ამ ჯგუფში სულ 8 მუშაკია, ერთი ხელსაწყო და შედეგად მათი საქმიანობის ეფექტურობა ძალიან დაბალია.

 

აზრი გამოთქვა: გია გაჩეჩილაძემ – მოკლედ, რაღაც სტრუქტურული ერთეულია შესაქმნელი და ეს საკითხი დასარეგულირებელი.

 

აზრი გამოთქვა: გია გაჩეჩილაძემ – კანონპროექტი „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ - პირველი მუხლის მე-3 პუნქტი (მოქმედი კანონის 35-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი)

მიწის კატეგორიის შეცვლა დასაშვებია მხოლოდ სახელმწიფო უწყებებს შორის ან სახელმწიფო უწყებებსა და ფიზიკურ ან/და იურიდიულ პირებს შორის შეთანხმების საფუძველზე. ამდენად გააუგებარია, როგორ უნდა აიღოს თავის თავზე ამგვარი ფუნქცია იუსტიციის სამინისტრომ, რა კრიტერიუმების საფუძველზე მოხდება მიწის კატეგორიის შეცვლა ან როგორია შესაბამისი პროცედურა.

ამასთან, გაუგებარია მიწის მართვის რა ტიპის სტრუქტურები შეიქმნება იუსტიციისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროებში (ორი მიწის მართვის დეპარტამენტი?)

მიმაჩნია, რომ მიწის კატეგორიის შეცვლაზე გადაწყვეტილებას უნდა იღებდეს საქართველოს მთავრობა. სხვაგვარად ეს არის და იქნება კორუფციის წყარო. სწორედ ამგვარად მიმდინარეობს ტყის ფონდის მიწების ფარული პრივატიზაცია.

 

უპასუხა: მაია ბითაძემ - თქვენი შენიშვნა სრულიად სამართლიანია. ჩვენ ხელი არ გვიხლია უკვე არსებული ჩანაწერისთვის, თუმცა ამ ეტაპზე, დროის სიმცირის გამო, უარი ვთქვით გვემსჯელა მთელ რიგ მტკივნეულ საკითხზე და მათთან დაკავშირებული კომპეტენციების გადანაწილებაზე. სამომავლოდ ეს პრობლემა აუცილებლად იქნება დასარეგულირებელი.

 

აზრი გამოთქვა: გიორგი ცაგარეიშვილმა – მე მაქვს წინადადება, ავიღოთ ჩვენს თავზე საკანონმდებლო ინიციატივა და მივმართოთ იუსტიციისა და გარემოს დაცვის სამინისტოს სამუშაო ჯგუფის შექმნასთან დაკავშირებით. მე მზად ვარ თანამშრომლობისთვის ყველასთან. ასევე, მეც მაქვს ზოგიერთი მოსაზრებები სხვა კანონპროექტებთან დაკავშირებით. მაგ.: „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, სადაც რეგულირების მიღმა დარჩენილია ბევრი საკითხი ან შესაბამისი მუხლების რედაქციას აკლია მოქნილობა და ეს მაშინ, როდესაც წინ მრავალი ინფრასტრუქტურული პროექტი გველის.

 

კითხვა დასვა: გია გაჩეჩილაძემ – კანონპროექტის „საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ პირველი მუხლის მე-2 პუქტი (მოქმედი კანონის 35-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები)

გაუგებარია ლიცენზიას საქართველოსა და უცხო ქვეყნის ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე რატომ გასცემს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო, როდესაც გარემოს დაცვის სამინისტროში არსებობს ბიომრავალფეროვნების დაცვის სამსახური, რომლის პირდაპირი ფუნქციაა „ბიოლოგიური რესურსების სარგებლობის რეგულირების პროცესში რესურსის მოპოვების კვოტებისა და მეთოდების განსაზღვრა“.

უპასუხა: მაია ბითაძემ - გარემოს ეროვნული სააგენტოში გადადის ყველა ის ფუნქცია, რომელიც ჰქონდა ბუნებრივი რესურსების სააგენტოს, როგორც ენერგეტიკის სამინისტროს სტრუქტურას. ამასთან გასაგებია, რომ რესურსის მოპოვების კვოტებსა და მეთოდებს განსაზღვრავენ სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურები.

 

აზრი გამოთქვა: გიორგი ცაგარეიშვილმა – გარემოს ეროვნული სააგენტოსთვის ლიცენზირების უფლების გადაცემა უკავშირდება ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის რეგულირების საფასურს, რომელიც ამ სტრუქტურაში აკუმულირდება და სანამ არ მოიძებნება გარემოს დაცვის სფეროს დაფინანსების ალტერნატიული წყაროები, ლიცენზირებაც მათ კომპეტენციაში დარჩება.

 

კითხვა დასვა: გია გაჩეჩილაძემ – კანონპროექტი ,,საქართველოს საზღვაო კოდექსში” ცვლილების შეტანის შესახებ“.

კონსტიტუცაში ცვლილებების შეტანისა და საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილების გარკვეულწილად შეზღუდვის ფონზე არამართებულად მიმაჩნია პრეზიდენტის უფლებამოსილება გასცეს ნებართვა ქვეყნის ნავსადგურებსა და ტერიტორიულ წყლებში ბირთვული გემების შემოსვლაზე. ეს უფლება უნდა გადაეცეს საქართველოს მთავრობას ან პრემიერ-მინისტრს.

 

უპასუხა: მაია ბითაძემ - ეს ასევე შესათანხმებელია მთავრობასთან და გარკვეულ დროს მოითხოვს.

 

აზრი გამოთქვა: გია გაჩეჩილაძემ – კანონპროექტის „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 1 მუხლის მე-3 პუქტი (მოქმედი კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტი) - აქ ისევ საქმე გვაქვს გარემოზე ზემოქმედების ფიზიკურ ფაქტორებთან და, როგორც ადრე ავღნიშნე, აუცილებელია შესაბამისი სტრუქტურის შექმნა, რომელიც განახორციელებს შესაბამის მონიტორინგს.

 

კითხვა დასვა: გია გაჩეჩილაძემ – კანონპროექტის „ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის ფონდის განსაკუთრებული დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” პირველი მუხლის მე-2 პუქტი (მოქმედი კანონის 21 მუხლის მე-2 პუნქტი)

რა შუაშია პრეზიდენტის ბრძანებულება განსაკუთრებული რეგულირების სარეკრეაციო ზონის შექმნასთან? ჩავწეროთ აქ ან საქართველოს მთავრობა, ან პრემიერ-მინისტრი.

უპასუხა: მაია ბითაძემ - აქაც პრობლემა უკავშირდება საკითხის განხილვის ვადებს, თუმცა შესაძლებელია მთავრობასთან შეთანხმების მიღწევა კპ-თა პაკეტის მე-2 მოსმენით განხილვისთვის.

 

კითხვა დასვა: გია გაჩეჩილაძემ – კანონპროექტი „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.

ჩემი აზრით, არსებულ კანონში კი არ უნდა შევიდეს ცვლილებები, არამედ კანონი თავიდან უნდა შემუშავდეს. ძველ კანონში „გარემოსდაცვითი ნებართვის შესახებ“, რომელიც მოგვიანებით ჩაანაცვლა არსებულმა კანონმა, საქმიანობები დაყოფილი იყო კატეგორიებად მათი მასშტაბისა და გარემოზე ზემოქმედების ეფექტის შესაბამისად და კატეგორიაზე დამოკიდებულებით განისაზღვრებოდა ნებართვის მისაღებად აუცილებელი პროცედურებიც. აპირებთ თუ არა ამ პრაქტიკის აღდგენას? ამასთან, თუ აპირებთ კატეგორიების აღდგენას, არ გამოგრჩეთ ინფრასტრუქტურული პროექტები.

 

უპასუხა: მაია ბითაძემ - სამინისტრო აპირებს ახალი კანონის შემუშავებას და საქმიანობების კატეგორიებად დაყოფის პრაქტიკის შემოტანას.

 

კითხვა დასვა: გია გაჩეჩილაძემ – კანონპროექტი „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

გაუგებარია, რატომ ამოვარდა ცვლილების საფუძველზე კანონიდან მიწების 10 წლით გაცემის იჯარა?

 

უპასუხა: მაია ბითაძემ - ეს გახლავთ წმინდა წყლის ტექნიკური შეცდომა, რომელიც გასწორდება კპ-თა პაკეტის მე-2 მოსმენით განხილვისათვის.

 

კითხვა დასვა: გია გაჩეჩილაძემ – კანონპროექტის “საქართველოს ტყის კოდექსში” ცვლილების შეტანის შესახებ“ პირველი მუხლის მე-3 პუნქტში ნახსენებია ადგილობრივი მნიშვნელობის ტყის ფონდი, რომელსაც მართავენ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები. მართალი გითხრათ, მე ბოლომდე არ ვიცი ის მიქანიზმები, რომლითაც იგი იმართება. მაგ.: გამოყოფილია ეს მიწები? დადგენილია მათი საზღვრები?

 

უპასუხა: მაია ბითაძემ - საზღვრები, სამწუხაროდ დადგენილი არ არის.

 

აზრი გამოთქვა: გია გაჩეჩილაძემ – ამ ტყის ფონდის პრობლემა იმაში გახლავთ, რომ ეს არის ყოფილი საკოლმეურნეო ტყეები, რომელთა გადაცემა სახელმწიფო სტრუქტურებისთვის ძალიან რთულად მიმდინარეობდა. ეს არის ქალაქებთან და სოფლებთან მიმდებარე საკმაოდ დიდი ტერიტორიები, რომლებიც პრაქტიკულად უკონტროლოა და ვისაც რაც უნდა იმას აკეთებს ამ ტყეებში. რას აპირებს სამინისტრო? სხვათაშორის მსგავსი ჩანაწერია კპ-ში „ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

 

უპასუხა: მაია ბითაძემ - დღევანდელი მდგომარეობით ტყე ენერგეტიკის სამინისტროს დაქვემდებარებაშია და ველოდებით სწორედ რეორგანიზაციის დასრულებას, რათა დავიწყოთ ზრუნვა დაგროვილი მწვავე პრობლემების მოგვარებაზე.

 

აზრი გამოთქვა: გია გაჩეჩილაძემ – ძალიან მაწუხებს კანონში „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ თავის დროზე შეტანილი ცვლილებები, რომლის საფუძველზეც, ერთის მხრივ, ამოღებულ იქნა დებულება, რომელიც კძალავდა ბირთვული ელექტროსადგურების მშენებლობას, ხოლო, მეორეს მხრივ, აკრძალული ქმედებების ჩამონათვალიდან გაქრა სახიფათო ნარჩენების რეექსპორტი. ეს არის ერთ-ერთი ხრიკი, რომ საქართველოს ტერიტორიაზე შესაძლებელი გახდეს ბირთვული ნარჩენების ფარულად შემოტანა.

 

გადაწყვიტეს: ხმათა უმრავლესობით, 9 მომხრე, ერთი წინააღმდეგი (გიორგი ხაჩიძე) მიზანშეწონილად განისაზღვრა საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტის „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მისგან გამომდინარე კანოპროექტთა პაკეტის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განსახილველად წარდგენა.


სხდომის თავმჯდომარე გიორგი ცაგარეიშვილი

სხდომის მდივანი ნანა გოგიტიძე