ოქმი # 21

საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების

2013 წლის 28 მაისის სხდომის

ოქმი # 21

 

ქ. ქუთაისი 2013 წლის 28 მაისი

 

სხდომას ესწრებოდნენ: გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ცაგარეიშვილი - სხდომის თავმჯდომარე; ბიძინა გუჯაბიძე - კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე; კომიტეტის წევრები: გია გაჩეჩილაძე, ზურაბ ზვიადაური, გიორგი ჟვანიას ადგილმონაცვლე როსტომ ხალვაში, მალხაზ წერეთელი, სერგო ხაბულიანის ადგილმონაცვლე გიორგი გოზალიშვილი; ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნათია მიქელაძე; კომიტეტის აპარატის უფროსი ნანა თალაკვაძე, აპარატის წამყვანი სპეციალისტი ელისო შანავა, აპარატის უფროსი სპეციალისტი თინათინ ჩიქოვანი, აპარატის მთავარი სპეციალისტი ნანა გოგიტიძე - სხდომის მდივანი.

 

დღის წესრიგი: 1. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონის პროექტის „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ განხილვა.


მოისმინეს: გიორგი ცაგარეიშვილის - ინფორმაცია სხდომის დღის წესრიგის თაობაზე. სიტყვა გადაეცა ნათია მიქელაძეს.

 

მოისმინეს: ნათია მიქელაძის ინფორმაცია წარმოდგენილი კანონპროექტის თაობაზე. აღინიშნა, რომ მინერალურ წყლებზე - ბორჯომსა და ნაბეღლავზე, რომლებიც მაღალი კონკურენტუნარიანობით გამოირჩევიან, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებლის ოდენობა იზრდება 3-ჯერ და დგინდება: ბორჯომისთვის - 30 ლარი 1მ3-ზე და ნაბეღლავისთვის 18 ლარი 1მ3-ზე. მოსაკრებლის ოდენობის მატება მნიშვნელოვნად გაზრდის ბორჯომისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების საბიუჯეტო შემოსავლებს, რაც, თავის მხრივ, მოხმარდება პრიორიტეტული პროექტების განხორციელებას და რაიონების განვითარებას.

აზრი გამოთქვა: გიორგი გაჩეჩილაძემ – კანონპროექტს მხარს ვუჭერ, მაგრამ მაინც ვთვლი, რომ მოსაკრებლის ოდენობის გაზრდა არ არის ბიუჯეტის შემოსავლების ზრდის სწორი გზა. გაცილებით უკეთესია, როდესაც საშუალებას აძლევ წვრილ მეწარმეებს ისარგებლონ მინერალური წყლის იმ ნაწილით, რომელიც გამოუყენებელი რჩება და ტყუილად იღვრება. ასე შეიძლება ეფექტიანად დავასაქმოთ მოსახლეობა და გავზარდოთ ბიუჯეტის შემოსავლები.

აზრი გამოთქვა: გიორგი ცაგარეიშვილმა - სრულიად ვეთანხმები გიორგი გაჩეჩილაძეს და ეს საკითხი აუცილებლად სამათლებრივად უნდა მოგვარდეს, ისე, რომ არ დაზარალდნენ მსხვილი მეწარმეები და წვრილ მეწარმეებსაც მიეცეთ ამ სფეროში მუშაობის შანსი.

 

კითხვა დასვა: გიორგი გაჩეჩილაძემ – საინტერესოა, რატომ გადაწყდა მოსაკრებლის ოდენობის გაზრდა 3-ჯერ და არა მაგ: 2, 4, 5-ჯერ?

 

უპასუხა: ნათია მიქელაძემ - ჩვენ ჩავატარეთ წინასწარი კონსულტაციები მეწარმეებთან, ამ დარგის სპეციალისტებთან და ამავდროულად გავითვალისწინეთ საერთაშორისო გამოცდილება. უფრო მეტიც, ვთხოვეთ მეწარმეებს წარმოედგინათ მოსაკრებლის გაზრდის საწინააღმდეგო დასაბუთება, თუმცა დღემდე არცერთი ოფიცილაური დოკუმენტი არ მოგვიღია.

 

აზრი გამოთქვა: ბიძინა გუჯაბიძემ - ჩემი აზრით, სასურველი იქნება, რომ სამომავლოდ ვიმსჯელოთ ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის გადასახადის ოდენობაზე სხვა ბუნებრივ რესურსებთან მიმართებაშიც და კიდევ ერთხელ გადავამოწმოთ მათი ოდენობის ადექვატურობა და სამართლიანობა.


გადაწყვიტეს: ხმათა უმრავლესობით, 7 მომხრე, არცერთი წინააღმდეგი, მიზანშეწონილად განისაზღვრა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტის „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განსახილველად წარდგენა.



სხდომის თავმჯდომარე გიორგი ცაგარეიშვილი

სხდომის მდივანი ნანა გოგიტიძე