|
საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების ოქმი # 27
ქ. თბილისი 20013 წლის 4 ივლისი გარემოსა და ბუნებრივი
სხდომას ესწრებოდნენ: გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ცაგარეიშვილი - სხდომის თავმჯდომარე; კომიტეტის წევრები – ბიძინა გუჯაბიძე, გიორგი ჟვანია, ვიქტორ ჯაფარიძე, გია გაჩეჩილაძე, მალხაზ წერეთელი, ზურაბ ზვიადაური, სერგო ხაბულიანი; ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ირაკლი ხმალაძე; გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე ვახტანგ მჭედლიშვილი, იურიდიული დეპარტამენტის უფროსი მაია ბითაძე, ნარჩენების მართვის სამსახურის უფროსი ალვერდ ჩანქსელიანი; ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი ვაჟა სხვიტარიძე; თამაზ ვაშაკიძე – ჰიდროლოგ-ინჟინერი; არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივის“ წევრი ირაკლი მაჭარაშვილი; არასამთავრობო ორგანიზაცია „დედამიწის მეგობრების“ წევრი ნინო ჩხობაძე; შპს „ჰაიდელბერგცემენტის“ გენერალური დირექტორი მიხაელ ჰამპელი, ამავე კომპანიის ტექნიკური დირექტორი ზაზა სადუნიშვილი; შპს „აჭარ ენერჯის“ წარმომადგენლები ვოლიქამ ბილიჯი და სოფიო ვარშალომიძე; კომიტეტის აპარატის უფროსი ნანა თალაკვაძე, აპარატის წამყვანი სპეციალისტები ფიქრია რობაქიძე და ელისო შანავა, აპარატის მთავარი სპეციალისტი ნანა გოგიტიძე – სხდომის მდივანი.
დღის წესრიგი: 1. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონის პროექტის „საქართველოს ტერიტორიაზე ნარჩენების ტრანზიტისა და იმპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” განხილვა.
მოისმინეს: გიორგი ცაგარეიშვილის ინფორმაცია სხდომის დღის წესრიგის თაობაზე. აღინიშნა, რომ პირველ სხდომაზე კანონპროექტის განხილვისას გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული შესაბამისი ინფორმაციის ნაკლებობის გამო. მიმდინარე სხდომა დაინიშნა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში, რათა მოსმენილ იქნას ყველა გარემოს დაცვის სპეციალისტის, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების და სამეცნიერო წრეების წარმომადგენელთა და მეწარმეების აზრი.
მოისმინეს: ირაკლი ხმალაძის ინფორმაცია წარმოდგენილი კანონპროექტის თაობაზე. აღინიშნა, რომ პირველ სხდომაზე გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით გარკვეული შესწორებები შევიდა კანონის პროექტში, რომელთა საფუძველზეც საქართველოს ტერიტორიაზე ნარჩენების შემოტანა შესაძლებელი იქნება მხოლოდ მთავრობის მკაცრი კონტროლის ფარგლებში, ანუ ყოველი კონკრეტული შემთხვევისათვის და მკაცრად განსაზღვრული რაოდენობით.
კითხვა დასვა: მალხაზ წერეთელმა – როგორც მოგეხსენებათ საქართველოში გვაქვს საკმაო რაოდენობით მსგავსი ნარჩენები, რომლებიც, სპეციალისტების აზრით, კარგი დანამატია ბეტონის მისაღებად და რატომ არ შეიძლება მათი გამოყენება იგივე მიზნებისათვის? რატონ შემოვიტანოთ ის, რაც ადგილზე გაგვაჩნია?
უპასუხა: ირაკლი ხმალაძემ – მსგავსი ნარჩენები განსხვავდება თავისი შემადგენლობითა და ხარისხით. სწორედ ამიტომ გვინდა თქვენთან ერთად შევიმუშავოთ ისეთი მექანიზმი, რომელიც საშუალებას მოგვცემს თავიდან ავიცილოთ საქართველოს ტერიტორიაზე ისეთი ნარჩენების შემოტანა, რომელიც ადგილზე გვაქვს, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში, კონკრეტული მიზნებისათვის, შემოვიტანოთ ისინი ნედლეულის სახით შეზღუდული რაოდენობით.
უპასუხა: ირაკლი ხმალაძემ – მსგვასი ნარჩენები, კერძოდ მძიმე ნაცარი გაგვაძნია, მაგრამ არა იმ ხარისხისა, რომელსაც მოიXოვს ბეტონის წარმოება. ჩვენ კი რამდენიმე ჰესს ვაშენებთ, რომელიც მოითხოვს მაღალი ხარისხის ბეტონს.
აზრი გამოთქვა: გია გაჩეჩილაძემ – მრჩება ისეთი შთაბეჭდილება, რომ ვცდილობთ მივიღოთ გადაწყვეტილება იმ საკითხზე, რომელიც ბოლომდე შესწავლილი არ არის. ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ არსებობს კითხვებზე: რა განსხვავებაა საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ და შემოსატანად გამიზნულ ნარჩენებს შორის? დაცული იქნება თუ არა ეკოლოგიური უსაფრთხოება, ათვისებული იქნება თუ არა სრულად შემოტანილი ნარჩენები?
აზრი გამოთქვა: ირაკლი მაჭარაშვილმა – მძიმე ნაცართან დაკავშირებით არსებობს კითხვები. დღემდე მიმდინარეობს მსჯელობა მის ეკოლოგიურ უსაფრთხოებაზე. მე სხვა საკითხზე მინდა გავამახვილო ყურადღება, ჯერძოდ აჭარის წყალზე მიმდინარე ჰესების მშენებლობაზე, რომლებზედაც დღემდე არ არის გაცემული გარემოზე ზემოქმედების ნებართვა. ანუ კვლავაც გრძელდება ძველი მანკიერი პრაქტიკა, როდესაც ცალკეული ოფიციალური პირები ლობირებენ ცალკეულ მეწარმეებს
აზრი გამოთქვა: გიორგი ცაგარეიშვილმა – რა თქმა უნდა თქვენ უფლება გაქვთ გქონდეთ თქვენი აზრი, თუმცა ამ შემთხვევაში გთხოვთ დავუბრუნდეთ განსახილველ თემას.
აზრი გამოთქვა: ირაკლი ხმალაძემ – ხსენებული ნარჩენების შემოტანა არ ეხება აჭარის წყალზე მიმდინარე ჰესების მშენებლობას. მათ თავიანთი პრობლემები აქვთ და ჯერ კიდევ გარემოზე ზემოქმედების ნებართვის მიღების პროცესში არიან. ღაც შეეხება ნარჩენების შემოტანას, მე დაინტერესებული ვარ ერთობლივი მუშაობით, რათა მივიღოთ ისეთი რეგულაციები, რომლებიც მკაცრად გააკონტროლებენ ნარჩენების შემოტანას და მათ ეკოლოგიურად უსაფრთხო წესით გადამუშავებას.
აზრი გამოთქვა: ზაზა სადუნიშვილმა – მე მაინც ვთვლი რომ, ამ კონკრეტულ შემთვევაში არ არსებობს მძიმე ნაცრის შემოტანის აუცილებლობა და ჩვენ საწარმოს შეუძლია ნებისმიერი ხარისხის ცემენტის დამზადება. მე მზად ვარ ნებისმიერ დონეზე და ნებისმიერ დროს დავიწყო პოლემიკა ამ საკითხზე.
აზრი გამოთქვა: ნინო ჩხობაძემ – მძიმე ნაცარი საქართველოშიც გვაქვს და საკმაოდ მაღალი ხარისხის. იგი გაიყენება ბეტონის მისაღებად, მაგრამ არა ჰიდროტექნიკურ კონსტრუქციებში.
აზრი გამოთქვა: ვოლქამ ბილიჯმა – მიკვირს ასეთი მტრული დამოკიდებულება. მე ვამტკიცებ, რომ იქ სადაც ჩვენ ჰიდროელექტროსადგურს ვაშენებთ, წყალ მომატებული მჟავიანობა ახასითებს და თუ ბეტონის მისაღებად მძიმე ნაცარს არ გამოვიყენებთ, ჰიდროტექნიკური ნაგებობა 10-15 წელიწადში მწყობრიდან გამოვა. ჩვენ ავიღეთ „ჰაიდელბერგცემენტის“ ნიმუშები და მათი ხარისხი სანახევროდაც არ აკმაყოფილებენ მოთხოვნილ სტანდარტებს.
აზრი გამოთქვა: ვაჟა სხვიტარიძემ – მძიმე ნაცრის ნარჩენები არის რუსთავში (3 მლნ. ტ), ქუთაისსა და ზესტაფონში. თუ მაინდამაინც გჭირდებათ გამოიყენეთ და ჩვენც დაგეხმარებით. ჩატარებულია სინჯების ანალიზები და ისინი თურქულს სჯობს. ჩვენთვის ცნობილია ბეტონში მძიმე ნაცრის დამატების ტექნოლოგია, თუმცა ასეთი ბეტონის გამოყენება ჰიდროტექნიკურ ნაგებობებში დაუშვებელია.
აზრი გამოთქვა: ბიძინა გუჟაბიძემ – მესმის, რომ ყველა მეწარმეს და კომპანიას თავისი ინტერესი გააჩნია, მაგრამ მე როგორც პარლამენტის წევრს და |მოქალაქეს მაინტერესებს ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობისთვის გამოყენებული ბეტონის ხარისხი.
აზრი გამოთქვა: ნინო ჩხობაძემ – ჩვენი ჰიდროტექნიკოსების აზრით, ნაცრის გამოყენებით დამზადებული ბეტონის გამოყენება ჰიდროტექნიკური ნაგებობებისათვის დაუშვებელია.
აზრი გამოთქვა: ბიძინა გუჯაბიძემ – მძიმე ნაცარი სახიფათოა ეკოლოგიური თვალსაზრისით და იწვევს ჰაერისა და წყლის დაბინძურებას.
აზრი გამოთქვა: ნინო ჩხობაძემ – მძიმე ნაცარი გამოყენებამდე სადღაც უნდა დასაწყობდეს და ცხადია მისი მტვერი აუარესებს ჰაერის დაბინძურების მდგომარეობას.
აზრი გამოთქვა: გია გაჩეჩილაძემ – მძიმე ნაცარი არის მეტალურგიული ნარჩენი, რომელიც რადიოაქტიურია. მართალია მცირედ რადიოაქტიურია და ალფა გამოსხივებით ხასიათდება, მაგრამ თანახმად საქართველოს კანონისა „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ ასეთი მასალების შემოტანა საქართველოს ტერიტორიაზე აკრძალულია.
აზრი გამოთქვა: ალვერდ ჩანქსელიანმა – განსახილველი საკითხი ორ ნაწილად უდა გაიყოს. პირველი – ბეტონის ხარისხი, მეორე – ეკოლოგიური უსაფრთხოება. საჭიროა სერიოზული არგუმენტები საქართველოს ტერიტორიაზე ნარჩენების შემოსატანის დაშვებისათვის და მხოლოდ ამ საკითხის გადაწყვეტის შემდეგ დგება ეკოლოგიური უსაფრთხოების საკითხი. სამწუხაროდ, თუ საბედნიეროდ, დღევანდელმა სხდომამ ვერ დამარწმუნა ნარჩენების შემოტანის აუცილებლობაში.
აზრი გამოთქვა: გოგლა ჟვანიამ – ჩემი აზრით საკითხი სათანადოდ არ არის მომზადებული. იმუშაოს ენერგეტიკის სამინისტრომ, მოგვაწოდოს სარწმუნო ინფორმაცია და არგუმენტები, რათა უფრო მომზადებულებმა მივიღოთ სათანადო გადაწყვეტილება.
აზრი გამოთქვა: გიორგი ცაგარეიშვილმა – შეთანხმების მიღეწვა ამა თუ იმ საკითხზე ცოცხალი პროცესია და მსგავსი განხილვები მომავალშიც გვექნება. მე მინდა მოგმართოთ თურქ კოლეგებს, ჩვენს კარგ მეგობრებსა და მეზობლებს, რომლებმაც ბევრჯერ გამოგვიწოდეს დახმარების ხელი, რომ ამგვარი განხილვები სულაც არ ნიშნავს მტრულ დამოკიდებულებას. ჩვენ უბრალოდ გვინდა, რომ ევროპის მსგავსად ეკონომიკა და ეკოლოგია პარალელურად ვითარდებოდეს და გვქონდეს როგორც სუფთა გარემო, ასევე მაღალხარისხიანი სამშებელო კულტურა.
გადაწყვიტეს: ხმათა უმრავლესობით, 8 მომხრე, მიზანშეწონილად განისაზღვრა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონის პროექტის „საქართველოს ტერიტორიაზე ნარჩენების ტრანზიტისა და იმპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” განხილვა გადაიდოს დამატებითი ინფორმაციის წარმოდგენამდე.
სხდომის მდივანი ნანა გოგიტიძე |






