|
"ვაზისა და ღვინის შესახებ“ კანონში და ,,საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს დღეს აგრარულ საკითხთა კომიტეტის სამუშაო შეხვედრაზე, რომელიც თბილისში, სასტუმრო "ბეტსიში“ გაიმართა. შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო ორი კანონპროექტი. ერთი პროექტის ავტორია კვების მრეწველობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი ნუგზარ ბაღათურია, ხოლო მეორე პროექტის ავტორი აიპ საქართველოს ენოლოგთა ეროვნული კავშირის თავმჯდომარე მურმან ქურიძე. ნუგზარ ბაღათურიას განცხადებით, საქართველოს კანონი ,,ვაზისა და ღვინის შესახებ“ აიძულებს მეწარმეს აწარმოოს მაღალხარისხოვანი პროდუქტი(კონიაკი) და მისცეს მას დაბალხარისხიანი პროდუქტის - ბრენდის დასახელება. ასევე, კანონი უკრძალავს მეწარმეს აწარმოოს ბრენდი იმ ტექნოლოგიით, რომელიც აღიარებულია ევროსაბჭოს მიერ და ამით ხელს უშლის საქართველოში ალკოჰოლიანი სასმელების წარმოების სფეროში თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარებას. მისივე თქმით, კანონიდან ამოღებული უნდა იყოს ის პუნქტები, რომელიც მისი აზრით, საქართველოში ფალსიფიცირებული ალკოჰოლიანი პროდუქციის წარმოებას აკანონებს. როგორც ნუგზარ ბაღათურიამ აღნიშნა, კანონი უკრძალავს მეწარმეს უცხოური წარმოშობის ბრენდის, ყურძნის არყისა და ლიქიორების იმპორტირებას, რითაც ხელი ეშლება თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარებას და ამით წინააღმდეგობაში მოდის კოსტიტუციის 30-ე მუხლთან. კვების მრეწველობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის განცხადებით, სწორედ ამ ხარვეზების გამოსწორებას ისახავს მიზნად მის მიერ შემუშავებული კანონპროექტი. საქართველოს ენოლოგთა ეროვნული კავშირის თავმჯდომარის, მურმან ქურიძის კანონპროექტი შეეხებოდა ისეთ საკითხებს, როგორიცაა: ტერმინების განმარტება, მევენახეობა-მეღვინეობის დარგში საქმიანობის მარეგულირებელი ორგანოს და მეცნიერულ-პრაქტიკული უზრუნველყოფის საკითხებს და ყურძნის წარმოშობის პროდუქტების სერტიფიცირებას. მან აღნიშნა, რომ ერთ-ერთი მთავარი საკითხი კანონში ტერმინის - ,,ქართული კონიაკის“ შეტანაა.
შეხვედრაზე წარმოდგენილ კანონპროექტებთან დაკავშირებით გაიმართა დისკუსია, რომელშიც მონაწილეობდნენ როგორც აგრარულ საკითხთა კომიტეტის წევრები, ასევე დარგის სპეციალისტები, აკადემიკოსები და ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები. ცვლილებებთან დაკავშირებით გამოითქვა განსხვავებული მოსაზრებები. ,,დღევანდელი განხილვა სამუშაო შეხვედრების საწყისი ეტაპია. გვინდა, რომ ეს საკითხები ფართო განხილვის საგანი ვაქციოთ. ჩვენი მთავარი მიზანია, რომ მკაცრად დავდგეთ ქართული ღვინის ხარისხისა სადარაჯოზე და ამავე დროს მოვაწესრიგოთ ის სამართლებრივი ურთიერთობები, რაც ამ სფეროში ჯერ კიდევ მოსაწესრიგებელია“,-განაცხადა აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გიგლა აგულაშვილმა. შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნე, რომ აღნიშნილ საკითხებთან დაკავშირებით შეხვედრები და დისკუსიები გაგრძელდება.
|