საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ტაილანდის სამეფოს საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა | ბეჭდვა |
პარასკევი, 19 ივლისი 2013 13:00

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა ტაილანდის სამეფოს საპარლამენტო დელეგაცია მიიღო. შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო. მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებზე.

ტაილანდის სამეფოს საპარლამენტო დელეგაციის წევრებმა მნიშვნელოვანი დაინტერესება გამოხატეს ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის განვითარების საკითხებით. სტუმრებმა პარლამენტებს შორის ურთიერთობების გარღმავების მიზნით დავით უსუფაშვილი და საქართველოს პარლამენტის წევრები ტაილანდში მიიპატიჟეს. ,,ძალიან სასიამოვნოა, რომ საქართველოთი დაინტერესება მთელ მსოფლიოში იზრდება. ტაილანდი აზიაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და წამყვანი ქვეყანაა.

ჩვენს ინტერესშია გავაღრმავოთ ურთიერთობა მსოფლიოს ყველა ქვეყანასთან. ტაილანდთან პოლიტიკური და სავაჭრო ურთიერთობები ჯერ საწყის ეტაპზეა, მაგრამ პოტენციალი არის სერიოზული. დაგეგმილია შემდგომი კონტაქტები უკვე ბიზნეს წრეების წარმომადგენლებთან“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს ტაილანდთან ურთიერთგაგების ატმოსფერო აქვს.

,,ჩვენ ვთანამშრომლობთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების დროს, რომელიც გაეროში თუ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში მიიღება. ყოველთვის ვერ ხერხდება, რომ ტაილანდს ჰქონდეს საქართველოსთვის სასურველი პოზიცია, მაგრამ არასდროს აქვს საქართველოს საწინააღმდეგო პოზიცია. დღევანდელ ვითარებაში ძალიან მნიშვნელოვანია არაღიარების პოლიტიკა და სხვა მიმართულებები“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა.

ბოლოს განახლდა პარასკევი, 19 ივლისი 2013 14:39