|
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა |
|
Tuesday, 23 July 2013 19:14 |
|
 საქართველოს იუსტიციის სამინისტრო საჯარო სექტორში დროებით მოვალეობის შემსრულებელად დასაქმებულთა ვადის გახანგრძლივებას ითხოვს. აღნიშნულიდან გამომდინარე, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი მომზადდა, რომელიც საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე განიხილეს. საკითხი დეპუტატებს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ბარამიძემ გააცნო, რომლის ინფორმაციითაც, გარკვეული ობიექტური გარემოებების გამო, ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებში და რიგ საჯარო დაწესებულებებში ვერ მოხერხდა კონკურსის ორგანიზება. შესაბამისად, მომზადდა კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებულ იმ თანამდებობაზე, რომელიც კონკურსის წესით უნდა შეივსოს და რომელზედაც დანიშნულია დროებით მოვალეობის შემსრულებელი, პირი კონკურსის წესით 2014 წლის 1 ივლისამდე, ხოლო კონკურსის წესით შესავსებ სხვა თანამდებობაზე 2014 წლის 1 იანვრამდე უნდა დაინიშნოს. წარმოდგენილ ცვლილებებთან დაკავშირებით, კომიტეტის წევრებმა სხვადასხვა მოსაზრება გამოთქვეს. საკანონმდებლო ინიციატივაზე უარყოფითი დამოკიდებულება კომიტეტის თავმჯდომარემ, ირინე იმერლიშვილმა გამოთქვა. თავისი პოზიცია მან კენჭისყრის დროსაც დააფიქსირა და ერთადერთი დეპუტატი იყო, რომელმაც კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა.
კომიტეტის სხდომაზე პარლამენტის რეგლამენტში შესატანი ორი ცვლილებაც განიხილეს. კერძოდ კი, პარლამენტის წევრის წერილობით მოთხოვნილ საჯარო ინფორმაციის მიწოდების ვადებთან დაკავშირებული და პარლამენტის წევრის არანაკლებ 1 კომიტეტის შემადგენლობაში გაწევრიანების საკითხები. კომიტეტის სხდომაზე წარმოდგენილი საკითხები შემდგომი განხილვისთვის პარლამენტის რიგგარეშე სხდომას გადაეგზავნა.
|