პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა | Print |
Wednesday, 24 July 2013 00:09

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა სხდომაზე განიხილა და მხარი არ დაუჭირა საქართველოს პრეზიდენტის შენიშვნებით დაბრუნებულ კანონპროექტს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. კანონპროექტი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო აქტების მიღებისა და ხელმოწერის წესს განსაზღვრავს. პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილ შენიშვნებში ნათქვამია: "კანონპროექტის მიღების საფუძველი, როგორც ჩანს, გახდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ლეგიტიმურ წარმომადგენლობით და აღმასრულებელ ორგანოებში შექმნილი პოლიტიკური კრიზისი. თუმცა, კანონპროექტით გათვალისწინებული დებულებები იწვევს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციით რეგულირებად საკითხებში ჩარევას და მეტიც, რეალურად ხელს უშლის უმაღლეს საბჭოში წარმოდგენილ პოლიტიკურ ძალებს შორის თანამშრომლობასა და კონსენსუსის მიღწევას. საბოლოო ჯამში, კანონპროექტი ავტონომიური რესპუბლიკის ლეგიტიმური ორგანოების სტატუსს აკნინებს. ამგვარი საკანონმდებლო ცვლილებების ნაცვლად, მიზანშეწონილია კანონპროექტით გათვალისწინებული საკითხების დეტალური რეგლამენტირება მოხდეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით“. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ვახტანგ ხმალაძემ განაცხადა, რომ პრეზიდენტის შენიშვნების გათვალისწინების შემთხვევაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის წარმომადგენლობითი ორგანო დარჩება პარალიზებული და მხოლოდ პარლამენტის მიერ კანონში შეტანილი ცვლილებები მისცემს მას საშუალებას მიიღოს საჭირო კანონპროექტები. 

კომიტეტმა მეორე მოსმენისთვის განიხილა „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების პროექტი, რომლის თანახმად ახლებურად განისაზღვრება ამომრჩეველთა ერთიანი სიის დაზუსტების ფორმირების წესი. კერძოდ, 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს -სეკრებულოს და საქართველოს დედაქალაქის თბილისის მერის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა ერთიანი სია დაეფუძვნება ბიომეტრიულ პარამეტრებს. კანონპროექტით ხდება წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილე პირთა დაზუსტება. ზუსტდება პარტიების მიერ დანიშნული და ცესკოს მიერ დროებით არჩეული საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების დაკისრების წესი და პირობები. ახლებურად განისაზღვრება საუბნო საარჩევნო კომისიის მდივნის არჩევის წესი, ასევე ზუსტდება საარჩევნო კომისიებში საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლების გამოწვევისა და შეცვლის წესი. როგორც პროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა, ზაქარია ქუცნაშვილმა განაცხადა, აღნიშნულ საკითხებზე შეჯერება საარჩევნო კოდექსზე მომუშავე ინტერფრაქციულ ჯგუფში მოხდა.

კომიტეტის წევრებმა პირველი მოსმენისთვის განიხილეს ,,სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ შესატანი ცვლილებები, რომლის თანახმად 2013 წლის 31 დეკემბრამდე გამოძიებისას დაკითხვა იწარმოებს საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. აღნიშნული ცვლილებით ხდება ახალი ნორმის ამოქმედების ვადის გადაწევა ოთხი თვით. ახალი წესის თანახმად, პირი მოწმის სახით არ შეიძლება დაიკითხოს წინასასამართლო ეტაპზე, არამედ მას შეიძლება მხოლოდ მხარეებმა ჩამოართვან ახსნა-განმარტება. ახსნა-განმარტების მიცემა იქნება ნებაყოფლობითი და უარი არ გამოიწვევს არავითარ პასუხისმგებლობას. გადავადების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არის ის ფაქტორი, რომ სრულყოფილად მოხდეს გამომძიებლებისთვის ტრენინგის ჩატარება წინასასამართლო ეტაპზე გამოკითხვის წარმოებასა და პოტენციურ მოწმეებთან ეფექტური კომუნიკაციის უნარ-ჩვევებში.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის განიხილა პარლამენტის 49 წევრის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. კანონპროექტით 2014 წლის 1 თებერვლამდე შეჩერდება აღსრულება იმ უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ საქმეებზე, რომლებზეც საკუთრება მოპოვებულია სესხის ან/და იპოთეკის ხელშეკრულებიდან და ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე აუქციონზე შეძენიდან. კანონპროექტის მიზანია მოსახლეობის იმ ნაწილის უფლებების დაცვა, რომელთაც ქვეყანაში შექმნილი მძიმე სოციალური პირობებიდან გამომდინარე ვერ შეძლეს ოპოთეკური სესხის დაფარვა. არსებულმა ვითარებამ კი შესაძლოა ათასობით ადამიანის უსახლკაროდ დარჩენა გამოიწვიოს. აღნიშნულ ცვლილებებთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრებები გამოითქვა. სხდომის ზოგიერთი მონაწილის აზრით ცვლილებები მესამე პირებზეც ვრცელდება და კანონის მიზნის შეუსაბამოდ ზღუდავს მესაკუთრის უფლებებს. აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებით კანონპროექტი უარყოფით გავლენას იქონიებს ბანკებზე და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებზე. კომიტეტმა ხმათა უმრავლესიბით მხარი დაუჭირა კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე გატანას.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის განიხილა ,,საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების სამი კანონპროექტი. ცვლილებების თანახმად: დაფინანსების მქონე პოლიტიკური პარტია, აგრეთვე საარჩევნო ბლოკი, რომელშიც ასეთი პარტიაა გაერთიანებული არჩევნების დღეს საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში წარმომადგენლობის უზრუნველყოფის მიზნით დაფინანსებას მიიღებეს ყოველ საარჩევნო უბანზე 100 ლარის ოდენობით, ხოლო ყოველ საარჩევნო ოლქზე-150 ლარის ოდენობით; საარჩევნო სუბიქტი რომელიც, რომლიც საპარლამენტო არჩევნებისას გადალახავს 5%-იან საარჩევნო ბარიერს, ხოლო საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში მიიღებს არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა 10%-ს და მეტს , ბიუჯეტიდან ერთჯერადად მიიღებს არა უმეტეს 1 000 000 ლარს საარჩევნო კამპანიის ხარჯებსი დასაფარავად; აკრძალულია საქართველოს შეიარარებული ძალების სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პერსონალის სტატუსით წარგზავნილ პირთა სიების გასაჯაროება. ერთ-ერთი კანონპროექტი განისაზღვრავს საპრეზიდენტო არჩევნებისას პრეზიდენტობის კანდიდატის წარმომადგებლის დანიშვნის თაობაზე წარდგენილ განცხადებაზე ხელის მომწერ უფლებამოსილ პირებს. ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების შესაზღუდად ხდება რამდენიმე საკითხის მოწესრიგება. კერძოდ: წინასაარჩევნო პერიოდში შეზღუდვა იმ პირებზე გავრცელდება, ვინც არ არიან სუბიექტებად რეგისტრირებული, თუმცა აქვთ საჯაროდ გამოთქმული პასიური საარჩევნო უფლების რეალიზების სურვილი; ზოგიერთი საჯარო მოხელის მონაწილეობა წინასაარჩევნო პერიოდში იზღუდება იმგვარად, რომ არ დარჩეს ნორმის განსხვავებული ინტერპრეტირების საშუალება; გარკვეული თანამდებობის პირებს საერთოდ აეკრძალებათ კამპანიაში მონაწილეობა; წინასაარჩევნო პერიოდში შემოდის სუბიექტების მიერ შენობა-ნაგებობის გამოყენების ზუსტი რეგულირება. წარმოდგენილი ცვლილების მიხედვით, საზღვარგარეთ შექმნილ საარჩევნო უბნებში ხმის მიცემის შესაძლებლობა ერთდროულად 20–დან 3000–მდე ამომრჩეველს მიეცემა. ასევე ზუსტდება საკითხი, რომელიც საზღვარგარეთ მცხოვრები ამომრჩევლის ე.წ. გადასატანი ყუთით სარგებლობას შეეხება. ერთ-ერთი კანონპროექტის მიხედვით, 90 000–ზე მეტ ამომრჩეველს, რომლებიც საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაციიდან მოხსნილნი არიან, ან რომელთა რეგისტრაციაც ძალადაკარგულადაა გამოცხადებული, საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა მიეცემათ. კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს ,,საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების თაობაზე განხილული კანონპროექტების პლენარულ სხდომაზე გატანას.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ,,მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ ორგანულ კანონში შესატან ცვლილებებზეც იმსჯელა. პროექტის თანახმად, ადმინისტრაციული რესურსის და პოლიტიკური კორუფციის საწინააღმდეგოდ ახალი შეზღუდვები შემოდის. კერძოდ: შემომწირველი არ შეიძლება იყოს ის იურიდიული პირი, რომელსაც წინა კალენდარული წლის ან საარჩევნო წლის კენჭისყრის დღემდე, ფაქტობრივი შემოსავლების 15 %-ზე მეტი მიღებული აქვს გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვებით. ასევე, შემომწირველი არ შეიძლება იყოს ის იურიდიული პირი, რომლის პარტნიორი სახელმწიფო ან ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოა. (თუნდაც 1 % წილობრივი მონაწილეობით). პროექტის თანახმად, მოქალაქისგან მიღებული შემოწირულობების საერთო ოდენობა წელიწადში არ უნდა აღემატებოდეს 60 000 ლარს, ხოლო იურიდიული პირისგან 120 000 ლარს. 4-დან 3%-მდე მცირდება საპარლამენტო არჩევნებში პარტიების დაფინანსების ბარიერი. ბიუჯეტიდან პარტიებზე გასანაწილებლად გამოყოფილ თანხას აიღებს ის პარტია, რომელმაც უკანასკნელ საპარლამენტო ან უკანასკნელ ადგილობრივი თვითმართველობის საერთო არჩევნებში გადალახავს 3%-იან ბარიერს.
ქალების საჯარო პოლიტიკაში მონაწილეობის ხელშეწყობის მიზნით პარტია მიიღებს დაფინანსებაზე დანამატს 30%-ის ოდენობით, თუ მის მიერ წარდგენილ პარტიულ სიაში კანდიდატთა ყოველ ათეულში განსხვავებული სქესი წარმოდგენილი იქნება სულ მცირე 30%-ით.
გარკვეული ცვლილებები შეეხება აუდიტის სამსახურის საქმიანობასაც. კერძოდ, პარტიისთვის რიგგარეშე ფინანსური აუდიტის ჩატარებისთვის აუდიტის სამსახური ვალდებული ხდება ნებართვის მისაღებად მიმართოს სასამართლოს. ასევე, შემოწირულობის განმახორციელებელი ფიზიკური ან იურიდიული პირის ფინანსების შესახებ ინფორმაციის გამოთხოვისათვის აუდიტის სამსახური ვალდებული ხდება მოიპოვოს სასამართლოს თანხმობა. ზუსტდება სასამართლო მექანიზმები აუდიტის სამსახურის მიერ უკანონო შემოწირულობის თუ ქონებაზე ყადაღის დადების თაობაზე მიღებული ადმინისტრაციული სამართლდარღვევის ოქმის დადასტურების საკითხებზე. პარტიების შემოსავლებისა და ხარჯების გამჭვირვალობის მიზნით, სახელმწიფო აუდიტის სამსახური ვალდებული ხდება პარტიის/საარჩევნო სუბიექტის საფინანსო დეკლარაცია თავის ვებ-გვერდზე გამოაქვეყნოს მისი მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში. პარტიის მიერ დადებული გარიგების ბათილად ცნობის უფლება კვლავ უბრუნდება სასამართლოს კომპეტენციას. მცირდება სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის მის მიერ მოთხოვნილი და კანონით განსაზღვრული ინფორმაციის მიუწოდებლობისათვის დადგენილი 5000 ლარიანი ჯარიმის ოდენობა - ფიზიკური პირისათვის 1000 ლარით, ხოლო იურიდიული პირისთვის 2000 ლარით. ორჯერ მცირდება პარტიის საარჩევნო სუბიექტის მიერ წლის განმავლობაში დასაშვები ხარჯის საერთო ოდენობა. ის აღარ უნდა აღემატებოდეს საქართველოს წლის მთლიანი შიდა პროდუქტის 0,1 პროცენტს. იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე გატანას.

კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის განიხილა პარლამენტის წევრის კობა დავითაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი ,,წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“. კანონპროექტით, უკანონო ფარმაცევტული საქმიანობისთვის, ფარმაცევტული საქმიანობის წესების დარღვევისთვის არსებული ჯარიმები ორმაგდება, ხოლო ამ კანონის მიხედვით პირველ და მეორე ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქციის რეალიზაციის წესის დარღვევაზე გათვალისწინებული ჯარიმები სამმაგდება. კანონპროექტის მიზანია თავიდან იქნას აცილებული ე.წ. ,,სააფთიაქო“ ნარკოტიკების ინგრედიენტების უკონტროლო გაყიდვა და მიღებული იქნას მკაცრი ზომები შესაბამის კანონდარღვევთა მიმართ. კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს ჯარიმების გაზრდას,თუმცა აღნიშნეს, რომ სანქციები უნდა იყო ადეკვატური, რისთვისაც აუცილებელია სტატისტიკური მონაცემის გაცნობა. კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე გატანას იმ დათქმით, რომ პროექტის ავტორი მეორე მოსმენისთვის წარმოადგენს შესაბამის სტატისტიკას და სათანადო არგუმენტაციას სანქციათა მკვეთრი ზრდის დასასაბუთებლად.

Last Updated on Wednesday, 24 July 2013 14:25