|
პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარული სხდომა დღის წესრიგის დამტკიცებით დაიწყო. სხდომის დასაწყისში პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა დეპუტატებს რიგგარეშე სესიის მუშაობის განრიგი გააცნო. მისი ინფორმაციით, აღნიშნულ რეჟიმში მუშაობა დეპუტატებს ივლისის ბოლომდე მოუწევთ და სხდომები 24, 26, 29 და 30 ივლისს გაიმართება. თავმჯდომარის განცხადებით, შესაძლოა რიგგარეშე სხდომა ხვალ დღის მეორე ნახევარში და 31 ივლისსაც გაიმართოს. ამ საკითხთან დაკავშირებით კონკრეტული გადაწყვეტილებები სხდომის მსვლელობის პარალელურად მიიღება და იგი დამოკიდებული იქნება თუ რა დრო დასჭირდებათ კანონმდებლებს ამა თუ იმ კანონპროექტის განსახილველად. პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, ცალკეულ დეპუტატებს განცხადებებისთვის 30 წუთით საპარლამენტო ტრიბუნა დაეთმოთ. უმცირესობის წარმომადგენელმა, ვახტანგ ლემონჯავა 20-21 ივლისს ზუგდიდში და ბათუმში ნაციონალური მოძრაობის საპრეზიდენტო კანდიდატის გამოსავლენად მოწყობილი პრაიმერის დროს მომხდარ ფაქტებს შეეხო და იგი გარკვეული პოლიტიკური ჯგუფის მიერ ორგანიზებულად შეაფასა. მისივე განცხადებით, აუცილებელია ამ აღმაშფოთებელი ფაქტების დროული და სათანადო რეაგირება. აღნიშნულ ფაქტებს ასევე უმცირესობის წევრი, გიორგი წერეთელიც გამოეხმაურა და მსგავსი მოვლენების თავიდან ასაცილებლად ხელისუფლებას და ოპოზიციას მეტი კონსტრუქციულობისკენ მოუწოდა. მანვე განცხადება რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების საზღვრებთან შექმნილ ვითარებაზე გააკეთა და აღნიშნა, რომ იმის მაგივრად, რომ რუსეთმა მის მიერ ხელმოწერილი შეთანხმება შეასრულოს, რუსი სამხედროები ქართულ მხარეს ოკუპირებული საზღვრის დემარკაციის პროცესის არ დახმარებაში ადანაშაულებენ. უმრავლესობის წევრის, გუგული მაღრაძის განცხადებით, ხელისუფლება დაინტერესებულია წინასაარჩევნო პროცესების დემოკრატიულად ჩატარებაში და ამიტომ ზუგდიდში და ბათუმში მომხდარ ფაქტებთან დაკავშირებით ოპოზიციის „ქართული ოცნებისკენ“ ხელის გაშვერა სრულიად უსაფუძვლოა. დეპუტატმა თავის გამოსვლაში თბილისში მწვანე ნარგავების განადგურების ფატქებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბევრად მნიშვნელოვანია გარემოს დაცვა ვიდრე კორპუსების მშენებლობები. მანვე თბილისში არსებული მწვანე ნარგავების გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს კონტროლზე აყვანა და ჯერ არ დაწყებული მშენებლობების მონიტორინგი მოითხოვა. გურჯაანის რაიონში ატმის სეზონის ჩავარდნაზე ისაუბრა მაჟორიტარმა დეპუტატმა, გიორგი ღვინიაშვილმა. მისი ინფორმაციით, გლეხების უმრავლესობას არ ჰქონდათ ხილის გასაღების საშუალება და მოსავლის დიდი ნაწილი დაუკრეფავი დარჩა. მან ერთი მხრივ მადლობა გადაიხადა საგაზაფხულო ხვნა-თესვებისთვის, მეორე მხრივ კი, ხელისუფლებას მოსავლის გასაღებაში დახმარება, ადგილზე ჩასვლა და ვითარების გაცნობა სთხოვა. ნაციონალური მოძრაობის პრაიმერის დროს მომხდარ ფაქტებს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე მანანა კობახიძეც გამოეხმაურა. მისი განცხადებით, „ქართული ოცნების“ ინტერესში არ შედის წინასაარჩევნო კამპანიის ასეთ ფონზე წარმართვა და ხელისუფლება ყოველგვარ აგრესიას ემიჯნება. პარლამენტის წევრმა შეფასება საქართველოს პრეზიდენტის მიერ ბოლო დროს გაკეთებულ განცხადებაზეც გააკეთა და 26 მაისის მოვლენებზე მიხეილ სააკაშვილის და ივანე მერაბიშვილის განმეორებით დაკითხვა მოითხოვა. „ძალიან უპასუხისმგებლო იყო ის განცხადება, რომ თურმე 26 მაისის აქციის დარბევის თუ დაშლის მთელი ეს ორგანიზება განხორციელებული იყო ამერიკის ფედერალური საგამოძიებო ბიუროს თანამშრომლების თვალწინ, თურმე ისინი ისხდნენ შსს-ში, გეგმავდნენ ამ დარბევას და ყველაფრის საქმის კურსში იყვნენ. იქნებ თქვენს პრეზიდენტს პასუხი მოთხოვოთ, რატომ აკეთებს ასეთ შემაშფოთებელ, სკანდალურ განცხადებას და ხელს იშვერს აშშ-სკენ. რა თქმა უნდა, სამართალდამცველები უნდა დაინტერესდნენ ამ განცხადებით. საქმე აღძრულია, ვანო მერაბიშვილს ბრალი წაყენებული აქვს და მე ვფიქრობ, პრეზიდენტის ეს ბოლო განცხადება არის სერიოზული საფუძველი, დამატებით დაიკითხოს მერაბიშვილი და რა თქმა უნდა, თავად მიხეილ სააკაშვილიც“, - განაცხადა მანანა კობახიძემ. რუსეთის მხრიდან „მცოცავი აგრესიის“ შესახებ ისაუბრა თავის გამოსვლაში პარლამენტის წევრმა, მიხეილ მაჭავარიანმა და ხელისუფლებას სპეციალური ჯგუფის შექმნა შესთავაზა. მისი განცხადებით, „ოკუპაციის შესახებ“ კანონპროექტის განხილვისას იყო შეთანხმება, რომ შეიქმნებოდა სამუშაო ჯგუფი და რადგან რუსეთი აგრძელებს მცოცავ ოკუპაციას კვლავაც მნიშვნელოვანია ამ ჯგუფის შექმნა. მიხეილ მაჭავარიანის განცხადებაზე კომენტარი პარლამენტის თავმჯდომარემ გააკეთა. "უმცირესობას მინდა კიდევ ერთხელ შევახსენო - "ოკუპაციის შესახებ კანონთან" დაკავშირებით დღემდე ველი თქვენგან კონკრეტულ წინადადებას. ნუ წარმოაჩენთ ისე, თითქოს თქვენ ამ თემაზე კონკრეტული წინადადებები გქონდათ და არ მოგისმინეთ. როცა ისეთ სერიოზულ თემებზეა საუბარი, როგორიცაა ოკუპაცია, არაფერი გამოგვივა, თუ ოკუპანტ ქვეყანას ერთიანად არ შევერკინეთ. "ნაციონალური მოძრაობა" რომ ვერ გაუმკლავდა, არ ნიშნავს იმას, რომ "ქართული ოცნება" გაუმკლავდება ან რომელიმე სხვა პოლიტიკური ძალა, სახელმწიფო უნდა გაუმკლავდეს მას და ამიტომაც საჭიროა სახელმწიფოებრივი პოზიციები ყველა კანონთან დაკავშირებით", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
განცხადებებისთვის საპარლამენტო ტრიბუნა ბოლოს პარლამენტის წევრებმა ვიქტორ დოლიძემ და ზურაბ აბაშიძემ გამოიყენეს. მათ ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი ხელშეკრულების მოლაპარაკებების დასრულებაზე ისაუბრეს და აღინიშნა, რომ ევროკავშირთან ეკონომიკური ინტეგრაცია ქართულ წარმოებას ევრობაზარზე ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს და ასევე ევროინვესტიციების მოზიდვასაც შეუწყობს ხელს. განცხადებების დასრულების შემდეგ პლენარულ სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს. დეპუტატებმა III მოსმენით, „საინვესტიციო ფონდების შესახებ“, „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტები მოისმინეს. გამარტივებული წესით, ერთი მოსმენით განიხილეს „ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი. ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ I მოსმენით „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი წარმოადგინა. პროექტის თანახმად, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან თავისუფლდებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომლებიც კანონის ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში საგამოძიებო ორგანოებში გამოცხადდებიან და ნებაყოფლობით ჩააბარებენ სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე, 158-ე და 159-ე მუხლებით გათვალისწინებულ პირადი ან ოჯახური საიდუმლოს შემცველ ინფორმაციას, კერძო კომუნიკაციის ჩანაწერს, ტექნიკური საშუალებით მოპოვებულ ინფორმაციას, კომპიუტერულ მონაცემს, პირადი მიმოწერის ამსახველ მასალას, საფოსტო გზავნილს, ტელეფონით ან სხვა ტექნიკური საშუალებით საუბრის ჩანაწერს, ასევე ტელეგრაფით, ფაქსით ან სხვა ტექნიკური საშუალებით მიღებულ ან გადაცემულ ინფორმაციას. წარმოდგენილ ცვლილებებთან დაკავშირებით უარყოფითი პოზიცია უმცირესობის მხრიდან პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი ბარამიძემ დააფიქსირა. მისი განცხადებით, საპარლამენტო უმცირესობა კანონპროექტს მხარს არ დაუჭერს და მიიჩნევს, რომ ნებისმიერი პიროვნება ვინც დაკავშირებულია ამ დანაშაულებებთან უმკაცრესად უნდა დაისაჯონ. "ნაციონალური მოძრაობა" აცხადებს, რომ ამნისტირების ინიციატივას ხმას არ მისცემს, რადგან ყველა, ვინც დაკავშირებული იყო ასეთი საქმეების ჩადენაში, შესაბამისი დავალებების მიცემაში, მასალების შენახვაში უმკაცრესად უნდა დაისაჯონ. რამდენი ათასიც არ უნდა იყოს ეს მასალა და რამდენი პირიც არ უნდა იყოს გარეული, ყველა უნდა დაისაჯოს. უფლებას არ მოგცემთ, ის ადამიანები, რომლებიც ახლა ამ დარბაზში ვსხედვართ და არაფერ შუაში არ ვართ, რადგან არავისთვის მიგვიცია მანდატი, ასეთი ჩანაწერები ეკეთებინა, ამ სიბინძურესთან დაგვაკავშიროთ“, - განაცხადა გიორგი ბარამიძემ. კანონპროექტთან დაკავშირებით მოსაზრებები შალვა შავგულიძემ, გიგა ბუკიამ და ალექსანდრე ქანთარიამაც გამოთქვეს. შესვენების შემდეგ ეკა ბესელიამ მეორე კანონპროექტიც - „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ წარმოადგინა. კანონმდებლებმა II მოსმენით, მუხლობრივად „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი და მისგან გამომდინარე კანონპროექტთა პაკეტიც განიხილეს, რომელიც პარლამენტის წევრმა, გიგა ბუკიამ წარმოადგინა. კანონპროექტით „საქართველოს შეიარაღებული ძალების სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ საერთაშორისო ოპერაციებში ან სხვა სახის სამშვიდობო საქმიანობის განხორციელებისას გარდაცვლილი ან მიყენებული დაზიანების გამო გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურეთა ოჯახის წევრებისათვის ერთჯერად ფულად დახმარებად 100 000 ლარი დგინდება. რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე მთავრობის მიერ ინიციატივის წესით მომზადებული „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი განიხილეს. საღამოს სხდომაზე პრეზიდენტის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი საერთაშორისო ხელსეკრულებები განიხილეს. კერძოდ კი, „საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ევროპაში მეკავშირე ძალების უმაღლეს შტაბბინას შორის ავღანეთში NATO-ს ეგიდით მიმდინარე საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდამჭერი ძალების (ISAF) ოპერაციებში საქართველოს შეიარაღებული ძალების მონაწილეობის შესახებ“, „საქართველოსა და პორტუგალიის რესპუბლიკას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“, „პერსონალური მონაცემების ავტომატური დამუშავებისას ფიზიკური პირების დაცვის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციის დამატებითი ოქმი და „კორუფციის შესახებ სისხლის სამართლის კონვენციის“ დამატებითი ოქმი. კენჭისყრის დაწყებამდე პარლამენტის წევრებმა I და II მოსმენით „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილებების შეტანის თაობაზე“ სამი სხვადასხვა ორგანული კანონპროექტი განიხილეს. საკითხები მომხსენებელმა, პარლამენტის წევრმა, ზაქარია ქუცნაშვილმა წარმოადგინა. შემოთავაზებული ცვლილებები ამომრჩეველთა ერთიანი სიის დაზუსტების რეგულირებას, წინასაარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსების არგამოყენებას და საპრეზიდენტო არჩევნებისას პრეზიდენტის კანდიდატის წარმომადგენლის დანიშვნას შეეხებოდა. საკითხების განხილვის დასრულების შემდეგ პარლამენტის წევრებმა კენჭი უყარეს და მიიღეს დღევანდელ პლენარულ სხდომაზე წარმოდგენილ კანონპროექტებს, რაც შეეხება საერთაშორისო ხელშეკრულებებს მათი კენჭისყრა ხვალინდელ რიგგარეშე სხდომისთვის გადაიდო. რიგგარეშე სესიის მორიგი პლენარული სხდომა 25 ივლისს, 16 საათზე გაიმართება. |