ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი საპარლამენტო კომისიისა და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომა | Print |
Thursday, 25 July 2013 12:13

ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი საპარლამენტო კომისიის და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის ერთობლივ სხდომაზე დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციისა და ანალიზის დეპარტამენტის უფროსმა, დავით სუჯაშვილმა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ტერიტორიების შემოსაზღვრის პროცესი და ამასთან დაკავშირებით შექმნილი ვითარება გააცნო დეპუტატებს.

სუჯაშვილმა, როგორც ცხინვალის რეგიონის საზღვარზე არსებული მავთულხლართების, ასევე აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიების საზღვარზე არსებული მიწათხრილების დოკუმენტური ფოტო და ვიდეომასალა წარმოადგინა. მისი ვარაუდით, საზღვრების გავლებისასას რუსეთის მხარე 2006 წლის რუკით ხელმძღვანელობს. სუჯაშვილის განმარტებით, მავთულხლართების არსებობა ხელს უშლის სტაბილურობას, მოსახლეობის თავისუფალ გადაადგილებას, სასმელი და სარწყავი წყლის მოძრაობას და იძულებულს ხდის მოსახლეობას, დატოვონ საცხოვრებელი სახლები. დეპარტამენტის უფროსის განცხადებით, მავთულხლართების საერთო სიგრძე 30კმ-ია. 
კომიტეტის თავმჯდომარის, გუბაზ სანიკიძის განცხადებით, წინა ხელისუფლებას მოსვლის დღიდან არცერთხელ უხსენებია და არცერთი საერთაშორისო ორგანიზაციის წინაშე არ გამოუყენებია საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, ზვიად გამსახურდიასა და რუსეთის ფედერაციის ყოფილ პრეზიდენტს, ბორის ელცინს შორის გაფორმებული ყაზბეგის ხელშეკრულება, რომლითაც ბორის ელცინს აღიარებული აქვს სამხრეთ ოსეთის ავტონომიური რესპუბლიკის გაუქმება. მისივე თქმით, სააკაშვილმა სანაკოევის ადმინისტრაციის შექმნით აღადგინა სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა. „ახალგორი, რომელიც არასდროს შედიოდა კონფლიქტის ზონაში და სადაც რუსეთის სამშვიდობო ჯარები არასდროს მდგარა, სააკაშვილის პოლიტიკის შედეგად სასაზღვრო ტერიტორიად იქცაა“,- განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.
როგორც სხდომაზე დავით სუჯაშვილმა განაცხადა, ოკუპირებული ტერიტორიების საზღვრებზე მცხოვრები ეთნიკურად განსხვავებული მოსახლეობის ურთიერთობების დარეგულირების პერსპექტივებზე შინაგან საქმეთა სამინისტრო მუშაობს. მისივე თქმით, დეპარტამენტის წარმომადგენლები საკმაოდ ხშირად ხვდებიან მოსახლეობას და ადგილზე ეცნობიან არსებულ სიტუაციას.

Last Updated on Thursday, 25 July 2013 16:03