| სხდომის ოქმი N24 |
|
საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხტა კომიტეტის სხდომის ოქმი #24
2013 წლის 11 ივლისი
სხდომას თავმჯდომარეობდა: გიგლა აგულაშვილი (კომიტეტის თავმჯდომარე) სხდომას ესწრებოდნენ: კომიტეტის წევრები: გ. აგულაშვილი - კომიტეტის თავმჯდომარე, თ. ყაჭეიშვილი, გ. გელაშვილი, გ. გოზალიშვილი, დ. ლორთქიფანიძე, თ. მაისურაძე, რ. შავლოხაშვილი, ი. შერვაშიძე, ვ. ჩიტაშვილი, რ. ხალვაში. სხდომას საპატიო მიზეზით არ ესწრებოდა: გ. სამხარაული - კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გ. ღვინიაშვილი - კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ვ. ლემონჯავა, ლ. ქარდავა, პ. ცისკარიშვილი. აპარატის თანამშრომლები: ი. ახალბედაშვილი - კომიტეტის აპარატის უფროსი, რ. ქუთათელაძე, ე. კაპანაძე, ს. უროტაძე, ი. ქველაძე, ი. ქიტიაშვილი. მოწვეული სტუმრები: ზ. ჩეკურაშვილი - სსიპ „სურსათის ეროვნული სააგენტოს“ უფროსი, მ. შუბლაძე, გ. ქურდოვანიძე - „სურსათის ეროვნული სააგენტოს“ წარმომადგენლები, მ. ბარათაშვილი - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელი, ა. ტურძილაძე, მ. თოხაძე - ჯანდაცვის სისტემის განმტკიცების პროგრამა, მ. წერეთელი, თ მეჭიაური - საქართველოს პარლამენტის წევრები, რ. კობახიძე - არასამთავრობო ორგანიზაცია, დ. ძირკვაძე - აშშ სოფლის მეურნეობის სააგენტოს წარმომადგენელი.
დღის წესრიგი (მომხსენებელი: გიორგი თაბუაშვილი - საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე). ა. ქვეყანაში სურსათის უვნებლობის უზრუნველყოფისათვის გაწეული საქმიანობისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ; ბ. „ქვეყანაში შექმნილი ეპიზოოტიური მდგომარეობის შესახებ“; გ. „ვეტერინარიაში მიმდინარე რეფორმების შესახებ; დ. „მცენარეთა მავნებლების წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებების შესახებ“. (მომხსენებელი: ზურაბ ჩეკურაშვილი - სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი). 3 „ელექტრონული ჯანდაცვის პროექტის“ პრეზენტაცია. (მომხსენებელი: ალეკო ტურძილაძე - პროექტის ხელმძღვანელი). I. მოისმინეს: ა. ტურძილაძის ინფორმაცია „ელექტრონული ჯანდაცვის პროექტის“ თაობაზე. მან დეტალურად ისაუბრა საინფორმაციო სისტემებსა და მათ როლზე სექტორის ეფექტური მართვისათვის და განვითარებისათვის. პროექტის პრეზენტაციის დროს აქცენტი გაკეთდა: - ჯანდაცვის სექტორში დაგროვილი გამოცდილების თაობაზე; - მოხდა სხვადასხვა მოდულების განხილვა და პარალელები სურსათის და ვეტერინარიის საკითხებში; - საერთაშორისო გამოცდილება; - ქვეყანაში დაგროვილი გამოცდილების გამოყენება; - სისტემის აუცილებელი მოთხოვნები (კერძოდ; ინფორმაციის გაცვლა ქვეყანაში არსებულ სხვადასხვა სისტემებთან, საბაჟო, საჯარო რეესტრი, EIDSS და ა.შ, სისტემის მუდმივად განახლების შესაძლებობა და მოდიფიცირება საჭიროებებიდან გამომდინარე და ა.შ); - საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინება (ინფორმაციის გაცვლა საერთაშორის სტანდარტით და ექსპორტის ხელშეწყობა). მოდულების ჩამონათვალი: - სერთიფიცირება - პარალელები ვეტერინარების რეესტრებზე; - ლიცენზირება - პარალელები კოოპერატივებზე ( სერთიფიკატების ბეჭდვა და ა.შ), სასაკლაოებზე; - იმუნიზაცია - პარალელები მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონლის იმუნიზაციებზე; - ზოგადი ამბულატორის რეესტრი - პარალელები, სხვადასხვა რეესტრი (მსხვილფეხა, წვრილფეხა ღორი, ცხვარი); - სასაწყობო მარაგების მართვა და მონიტორინგი; - სხვადასხვა ანალიტიკური ინსტრუმენტები; - საინფორმაციო პორტალები მოქალაქეებისა და ბიზნესისათვის; - სიტემაში არსებული ინსპექტირების და მონიტორინგის ინსტრუმენტები - პარალელები სურსათის უვნელობაზე (ერთიანი ლაბორატორიული ქსელი). აზრი გამოთქვეს: გ. გოზალიშვილმა, რ. ხალვაშმა, თ. მაისურაძემ და სხვებმა. 2. გ. აგულაშვილი: გთავაზობთ, მივცეთ რეკომენდაცია სოფლის მეურნეობის სამინისტროს, დაინტერესდეს წარმოდგენილი საკითხებით. ამ ტიპის პროექტებს, მზად ვარ, ხელი შევუწყო, დავეხმარო, რომ დაინერგოს მსგავსი მეთოდები სოფლის მეურნეობის სფეროში. მზად ვარ თანამშრომლობისათვის. ვთხოვოთ, სოფლის მეურნეობის მინისტრს, უფრო ღრმა, შინაარსიანი განხილვა, პრეზენტაცია მოხდეს სპეციალისტების მონაწილეობით სოფლის მეურნეობის სამინისტროში. გადაწყვიტეს: კომიტეტმა ცნობად მიიღო ინფორმაცია - „ელექტრონული ჯანდაცვის პროექტის“ თაობაზე. II.მოისმინეს: გ. თაბუაშვილის ინფორმაცია „საქართველოს საგადასახადო კოდექსში“ ცვლილების შეტანის თაობაზე“. მან აღნიშნა, რომ პროექტის შემუშავების მიზეზია სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში დასაქმებულ და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის დამატებითი საგადასახადო შეღავათების დაწესება, თამბაქოს მოხმარების შემცირების აუცილებლობა, ქველმოქმედების ხელშეწყობა. აგრეთვე, მეწარმეთა მხრიდან განხორციელებული ქველმოქმედების წახალისება და თამბაქოს მოხმარების შემცირების მიზნით სიგარეტებისათვის (ადგილობრივი და იმპორტირებული) აქციზის არსებული განაკვეთის გაზრდა. 2017 წლის 1 იანვრამდე საშემოსავლო გადასახადისგან თავისუფლდება: ა) სასოფლო-სამეურნეო წარმობაში დასაქმებული პირის მიერ საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის პირველადი მიწოდებით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი, თუ კალენდარული წლის განმავლობაში ასეთი მიწოდებით მიღებული ერთობლივი შემოსავალი არ აღემატება 200000 ლარს. ბ) სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში დასაქმებული პირის მიერ ამ საქმიანობის ფარგლებში გაცემული ხელფასი, თუ დამქირავებლის ამ საქმიანობიდან მიღებული ერთობლივი შემოსავალი არ აღემატება 200000 ლარს. ცვლილებები შედის საგადასახადო კოდექსის მე-8, 82-ე, 99-ე მე-100, 117-ე, 168-ე, 188-ე მუხლებში. /კანონპროექტის სრული ტექსტი - ოქმს თან ერთვის/. გადაწყვიტეს: (ერთხმად) კომიტეტმა მხარი დაუჭირა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ კანონის პროექტს - „საქართველოს საგადასახადო კოდექსში“ ცვლილების შეტანის თაობაზე და მიზანშეწონილად ჩათვალა მისი გატანა პარლამენტის სხდომაზე პირველი მოსმენით განსახილველად. III. მოისმინეს: ზ. ჩეკურაშვილის ინფორმაცია საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშის (6 თვის შედეგები) თაობაზე. ა. ქვეყანაში სურსათის უვნებლობის უზრუნველყოფისათვის გაწეული საქმიანობისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ; ბ. „ქვეყანაში შექმნილი ეპიზოოტიური მდგომარეობის შესახებ“; გ. „ვეტერინარიაში მიმდინარე რეფორმების შესახებ; დ. „მცენარეთა მავნებლების წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებების შესახებ“.
რაც შეეხება, სასაკლაოების თემას: 2013 წლის პირველი ექვსი თვის მონაცემებით, ცხოველთა დაკვლა ვეტერინარული ზედამხედველობით განხორციელდა ცხოველთა 72 სასაკლაოზე: 2012 წელს საქართველოში მოქმედებდა ცხოველთა 38 სასაკლაო. გასული წლის განმავლობაში ქვეყანაში მოქმედ სასაკლაოებზე სულ დაიკლა 83 073 ცხოველი, აქედან წლის პირველ ნახევარში დაიკლა 35 877 სული. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით სასაკლაოებზე დაკვლების რაოდენობა გაიზარდა 1,5-ჯერ. /ინფორმაციების სრული ტექსტი - ოქმს თან ერთვის/. აზრი გამოთქვეს: თ. მაისურაძემ, თ. ყაჭეიშვილმა, დ. ლორთქიფანიძემ, რ. კობახიძემ, დ. ძირკვაძემ და სხვებმა. 3. გ. აგულაშვილი: რამდენადაც ვიცი, კონტროლი არის ორმაგი. ერთი - თქვენ ამოწმებთ და მეორე - საზღვარი (ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური) ამოწმებს. მაინტერესებს, თუ არის შემთხვევები, როდესაც საზღვარზე არ აღიარებენ თქვენს მიერ გაცემულ სერტიფიკატს? მოაქვთ პროდუქტი ინსპექტირებული საწარმოდან და საბაჟო ამბობს, რომ პროდუქტმა ეს პროცედურა უნდა გაიაროს თავიდან. ან პირიქით, თქვენ თვლით, რომ იმპორტირებული პროდუქტი არ აკმაყოფილებს რამე პირობას? არ ენდობით ერთმანეთს? რამდენად ჰარმონიზებულია თქვენი თანამშრომლობა? 4. ზ. ჩეკურაშვილი: როდესაც რთული სიტუაციაა, საბაჟო სამსახურიდან მოდის წერილები, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროა ამ სფეროში პოლიტიკის განმსაზღვრელი და გვთხოვენ, მივაწოდოთ ჩვენი გადაწყვეტილება, თუმცა, კარგად არის გაწერილი, რომ ფიტოსანიტარულ და ვეტერინარულ სასაზღვრო კონტროლს ახორციელებს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური. რაც შეეხება ტვირთებს, აქ იწყება უკვე ჩვენი კომპეტენცია. ჩვენ არასოდეს გაგვიშვერია ხელი საზღვრისკენ, თუმცა, ყოფილა შემთხვევა, რომ ჩვენს მიერ ინსპექტირებული საწარმოდან წასული პროდუქტი საზღვარს გაუჩერებია, აუღია ნიმუში და იქიდან მოვიდა უარყოფითი დასკვნა. შესაძლებელია, ტრანსპორტირების პერიოდში ტემპერატურული რეჟიმი, შეფუთვა დაირღვეს და ა.შ. ჩვენ ჩვენი მოსაზრება დაფიქსირებული გვაქვს, რომ ეს ორი სამსახური უნდა იყოს გაერთიანებული ერთი უწყების ქვეშ. 6. ზ. ჩეკურაშვილი: გენმოდიფიცირებულ პროდუქციასთან დაკავშირებით გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი იქნება კანონი. ჩვენ არ ვართ ტექნიკურად აღჭურვილი ასეთი სახის პროდუქციის კონტროლისათვის, მაგრამ კანონის მიღების შემდეგ იქნება ლაბორატორია, ხოლო ეტიკეტირება აუცილებელი პირობა იქნება. 7. გ. აგულაშვილი: კრიტიკული ვითარების შეფასებისას და ამ პრობლემების აღმოფხვრაში აუცილებელია ერთობლივად სწრაფ და მდგრად შედეგებს მივაღწიოთ. სასაკლაოების თემა ძალიან მნიშვნელოვანია. დღეს წარმოდგენილი სტატისტიკა ქმნის მოტივაციას იმ ტიპის საკანონმდებლო ინიციატივებისთვის, როგორიც გუშინ იყო წარმოდგენილი. რა ღონისძიებები ტარდება საიმისოდ, რომ არ არის საკმარისი რაოდენობით სასაკლაოები? სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს ამ ტიპის ინფრასტრუქტურის განვითარებას, ჩვენ უნდა წავახალისოთ, გარკვეული ღონისძიებები გავატაროთ. ჩვენი ბოლო შეხვედრის შემდეგ, რა კონკრეტულ პროგრამას, წინადადებებს გვთავაზობთ, რომ მივიღოთ გადაწყვეტილება? 9. გ. აგულაშვილი: ჩვენი დამოკიდებულება ერთგვაროვანია. ვხედავთ, რა მემკვიდრეობა მიიღო სააგენტომ, როგორც საკანონმდებლო ბაზის, ასევე, ქვეყანაში შექმნილი ვითარების მხრივ. ჩვენ გვჭირდება ხშირად არაორდინალური გადაწყვეტილებების მიღება, კრეატიული მიდგომები, გვჭირდება კონსოლიდირება. საკანონმდებლო ორგანოს, აღმასრულებელ ხელისუფლებას, დონორ ორგანიზაციებს, არასამთავრობო სექტორს, ჩვენ ყველას შეგვიძლია დადებითი როლი შევასრულოთ არსებული მდგომარეობის გამოსწორებაში. მე გთავაზობთ, ინტენსიურ სამუშაო ვითარებაში გავაგრძელოთ ურთიერთობა, რომ სწრაფი, ეფექტური შედეგი მივიღოთ. გადაწყვიტეს: (ერთხმად) კომიტეტმა ცნობად მიიღო ინფორმაცია - საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშის თაობაზე (6 თვის შედეგები): (ა. ქვეყანაში სურსათის უვნებლობის უზრუნველყოფისათვის გაწეული საქმიანობისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ; ბ. „ქვეყანაში შექმნილი ეპიზოოტიური მდგომარეობის შესახებ“; გ. „ვეტერინარიაში მიმდინარე რეფორმების შესახებ; დ. „მცენარეთა მავნებლების წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებების შესახებ“).
სხდომის თავმჯდომარე: გ. აგულაშვილი
სხდომის მდივანი: ი. ქიტიაშვილი
|






