პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარული სხდომა | ბეჭდვა |
ხუთშაბათი, 25 ივლისი 2013 22:04

პლენარულ სხდომაზე დღის წესრიგის დამტკიცების შემდეგ, პარლამენტის წევრებმა კანონშემოქმედებითი საქმიანობა განაგრძეს.
კანონმდებლებმა III მოსმენით განიხილეს და ერთხმად მიიღეს „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“; „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“; „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ; „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზოუკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონპროექტები. 

პარლამენტის წევრის, ზაქარია ქუცნაშვილის საკანონმდებლო ინიციატივა „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი I მოსმენით განიხილა და 80 ხმით, ერთხმად, მიიღო პარლამენტმა. წარმოდგენილი პროექტით, ზუსტდება სხვა სახელმწიფოში საარჩევნო უბნების შექმნისა და ამ საარჩევნო უბანზე გადასატანი საარჩევნო ყუთის სიის შედგენის წესი, ასევე იმ ამომრჩევლების კენჭისყრაში მონაწილეობის წესი, რომლებიც მოხსნილნი იქნენ საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციიდან ან რომელთა რეგისტრაციას ძალადაკარგულად იქნა ცნობილი.
პარლამენტის წევრებმა „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი I მოსმენით განიხილეს და მხარი 79ხმით, 1 წინააღმდეგ დაუჭირეს. პარლამენტის წევრის ზაქარია ქუცნაშვილის ინიციატივით, შემომწირველი არ შეიძლება იყოს ის იურიდიული პირი, რომელსაც წინა კალენდარული წლის ან საარჩევნო წლის კენჭისყრის დღემდე, ფაქტობრივი შემოსავლების 15 %-ზე მეტი მიღებული აქვს გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვებით. ასევე, შემომწირველი არ შეიძლება იყოს ის იურიდიული პირი, რომლის პარტნიორი სახელმწიფო ან ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოა. (თუნდაც 1 % წილობრივი მონაწილეობით). პროექტის თანახმად, მოქალაქისგან მიღებული შემოწირულობების საერთო ოდენობა წელიწადში არ უნდა აღემატებოდეს 60 000 ლარს, ხოლო იურიდიული პირისგან 120 000 ლარს. 4-დან 3%-მდე მცირდება საპარლამენტო არჩევნებში პარტიების დაფინანსების ბარიერი. ბიუჯეტიდან პარტიებზე გასანაწილებლად გამოყოფილ თანხას აიღებს ის პარტია, რომელმაც უკანასკნელ საპარლამენტო ან უკანასკნელ ადგილობრივი თვითმართველობის საერთო არჩევნებში გადალახავს 3%-იან ბარიერს.
ქალების საჯარო პოლიტიკაში მონაწილეობის ხელშეწყობის მიზნით, პარტია მიიღებს დაფინანსებაზე დანამატს 30%-ის ოდენობით, თუ მის მიერ წარდგენილ პარტიულ სიაში კანდიდატთა ყოველ ათეულში განსხვავებული სქესი წარმოდგენილი იქნება სულ მცირე 30%-ით.
გარკვეული ცვლილებები შეეხება აუდიტის სამსახურის საქმიანობასაც. კერძოდ, პარტიისთვის რიგგარეშე ფინანსური აუდიტის ჩატარებისთვის აუდიტის სამსახური ვალდებული ხდება ნებართვის მისაღებად მიმართოს სასამართლოს. ასევე, შემოწირულობის განმახორციელებელი ფიზიკური ან იურიდიული პირის ფინანსების შესახებ ინფორმაციის გამოთხოვისათვის აუდიტის სამსახური ვალდებული ხდება მოიპოვოს სასამართლოს თანხმობა. ზუსტდება სასამართლო მექანიზმები აუდიტის სამსახურის მიერ უკანონო შემოწირულობის თუ ქონებაზე ყადაღის დადების თაობაზე მიღებული ადმინისტრაციული სამართლდარღვევის ოქმის დადასტურების საკითხებზე. პარტიების შემოსავლებისა და ხარჯების გამჭვირვალობის მიზნით, სახელმწიფო აუდიტის სამსახური ვალდებული ხდება პარტიის/საარჩევნო სუბიექტის საფინანსო დეკლარაცია თავის ვებ-გვერდზე გამოაქვეყნოს მისი მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში. პარტიის მიერ დადებული გარიგების ბათილად ცნობის უფლება კვლავ უბრუნდება სასამართლოს კომპეტენციას. მცირდება სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის მის მიერ მოთხოვნილი და კანონით განსაზღვრული ინფორმაციის მიუწოდებლობისათვის დადგენილი 5000 ლარიანი ჯარიმის ოდენობა - ფიზიკური პირისათვის 1000 ლარით, ხოლო იურიდიული პირისთვის 2000 ლარით. ორჯერ მცირდება პარტიის საარჩევნო სუბიექტის მიერ წლის განმავლობაში დასაშვები ხარჯის საერთო ოდენობა. ის აღარ უნდა აღემატებოდეს საქართველოს წლის მთლიანი შიდა პროდუქტის 0,1 პროცენტს.
სხდომაზე პარლამენტის 49 წევრის საკანონმდებლო ინიციატივა; „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“კანონპროექტს კანონმდებლებმა მხარი 69 ხმით, 1 წინააღმდეგ დაუჭირეს მხარი.
კანონპროექტი ითვალისწინებს 2014 წლის 1 თებერვლამდე იმ უძრავ ქონებასთან დაკავშრებული საქმეების აღსრულების შეჩერებას, რომლებზეც საკუთრება მოპოვებულია სესხის ან/და იპოთეკის ხელშეკრულებების საფუძველზე
პარლამენტმა „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონპროექტებს II მოსმენით მხარი ერთხმად დაუჭირა.
კანონმდებლებმა II მოსმენით განიხილეს „საქართველოს ტერიტორიაზე ნარჩენების ტრანზიტისა და იმპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი. საქართველოს მთავრობის ინიციატივის თანახმად, ნარჩენების ჩამონათვალს, საქართველოს ტერიტორიაზე თბოელექტროსადგურებიდან წარმოქმნილი აქროლადი ნაცარის იმპორტის დასაშვება ხდება.
პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარული სხდომა ხვალ, 26 ივლისს 13 საათზე გაიმართება.

ბოლოს განახლდა ორშაბათი, 29 ივლისი 2013 15:39