აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომა | Print |
Thursday, 25 July 2013 20:56

საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული საქმიანობის 6 თვის ანგარიში მოისმინეს დღეს აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე.

სააგენტოს თავმჯდომარის, ლევან დავითაშვილის განმარტებით, ღვინის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ძირითად მიმართულებას ქართული ღვინის პოპულარიზაცია, მევენახეობა-მეღვინეობის პროდუქციის ხარისხის ამაღლება და საექსპორტო პოტენციალის ზრდის ხელშეწყობა წარმოადგენდს. „საანგარიშო პერიოდის განმავლობაში სააგენტო მუშაობდა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე როგორიცაა: ქართული საექსპორტო პოტენციალის ზრდის ხელშეწყობა, ქართული ღვინის პოპულარიზაცია არაკეთილსინდისიერი კონკურენციის აღკვეთის მიზნით კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება, მევენახეობისა და მეღვინეობის საერთაშორისო და ეროვნულ ორგანიზაციებთან ურთიერთობების გაღრმავება“, - აღნიშნა სააგენტოს ხელმძღვანელმა.
მისივე თქმით, ფართოვდება ორმხრივი და მრავალმხრივი კონტაქტები სხვადასხვა ქვეყნის შესაბამის ეროვნულ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის ინფორმაციით, ქართული საექსპორტო ღვინოების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფისა და მისი სისტემატური კონტროლის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტომ საექსპორტო ღვინოების, კერძოდ ადგილწარმოშობის ღვინოების სახელმწიფო კონტროლის განხორციელება დაიწყო.
„ამ მიზნით, მიმდინარეობდა ინტენსიური მუშაობა ღვინის აკრედიტებულ ლაბორატორიებთან, რომლის მიზანია ქართული საექსპორტო ღვინოების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა. საანგარიშო პერიოდში, ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული საქმიანობის ძირითადი შედეგი, შვიდწლიანი პაუზის შემდეგ ქართული ღვინის რუსეთის ბაზარზე დაბრუნება წარმოადგენს“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა. მისივე ინფორმაციით, სააგენტოს მიერ ჩატარებული სამუშაოების ეფექტურობას ადასტურებს ის ფაქტი, რომ ქართული ღვინის მწარმოებელმა 65 კომპანიამ ინსპექტირების პროცესი წარმატებით გაიარა.
2013 წლის იანვარ-ივნისში ღვინის ექსპორტმა 11,4 მლნ. ბოთლი შეადგინა, რაც 24%-ით მეტია წინა წლის შესაბამისი პერიოდის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
კომიტეტის წევრებს დღესვე, საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის მიერ გაწეული საქმიანობის 6 თვის შედეგები ლაბორატორიის დირექტორმა, გივი მერებაშვილმა გააცნო.

Last Updated on Friday, 26 July 2013 15:00