პარლამენტის პლენარული სხდომა | Print |
Friday, 26 July 2013 20:47

პარლამენტის რიგგარეშე სესიის დღევანდელ სხდომაზე „ნორმატიული აქტების შესახებ“ კანონპროექტის შესახებ იმსჯელეს, რომელიც პრეზიდენტის მიერ მოტივირებული შენიშვნებით დაბრუნდა. შენიშვნები პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, დიმიტრი ძაგნიძემ წარმოადგინა. პარლამენტმა მიიღო კანონპროექტი, რომელიც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო აქტების მიღებისა და ხელმოწერის წესს განსაზღვრავს.

კერძოდ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული კანონპროექტი 7 დღის ვადაში გადაეცემა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს, რომელიც ათი დღის ვადაში ხელს აწერს და აქვეყნებს კანონს ან კანონპროექტს მოტივირებული შენიშვნებით უბრუნებს უმაღლეს საბჭოს. თუ ამ ვადაში მთავრობის თავმჯდომარემ ხელი არ მოაწერა და კანონი არ გამოაქვეყნა და არც უმაღლეს საბჭოს დაუბრუნა კანონპროექტი, მომდევნო ხუთი დღის ვადაში კანონს ხელს აწერს და აქვეყნებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე. ამასთან, პარლამენტის მიერ მიღებული კანონპროექტის გათვალისწინებით, თუ მთავრობის თავმჯდომარე დააბრუნებს კანონპროექტს, უმაღლესი საბჭო კენჭს უყრის მთავრობის თავმჯდომარის შენიშვნებს ერთიანად, რომელთა მისაღებად საკმარისია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მიღებისათვის დადგენილი ხმათა რაოდენობა. თუ უმაღლესმა საბჭომ მიიღო შენიშვნები, კანონპროექტის საბოლოო რედაქცია 5 დღის ვადაში გადაეცემა მთავრობის თავმჯდომარეს, რომელიც მისი მიღებიდან ხუთი დღის ვადაში ხელს აწერს და აქვეყნებს კანონს. თუ უმაღლესმა საბჭომ არ მიიღო მთავრობის თავმჯდომარის შენიშვნები, კენჭი ეყრება კანონპროექტის პირვანდელ რედაქციას. კანონის პროექტი მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს უმაღლესი საბჭოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი. კონსტიტუციური კანონის პროექტი მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს უმაღლესი საბჭოს სიითი შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედისა. კანონპროექტის მიღების შემთხვევაში იგი ხუთი დღის ვადაში გადაეცემა მთავრობის თავმჯდომარეს, რომელიც მისი მიღებიდან ხუთი დღის ვადაში ხელს აწერს და აქვეყნებს კანონს. თუ განსაზღვრულ ვადებში მთავრობის თავმჯდომარემ ხელი არ მოაწერა და არ გამოაქვეყნა კანონი, ან შეუძლებელია კანონზე ხელმოწერისა და მისი გამოქვეყნების ვალდებულების შესრულება, შესაბამისი ვადის ამოწურვიდან ხუთი დღის ვადაში კანონს ხელს აწერს და აქვეყნებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე. როგორც საპარლამენტო მდივანმა, დიმიტრი ძაგნიძემ აღნიშნა, პრეზიდენტს მიაჩნია, რომ კანონპროექტით გათვალისწინებული დებულებები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციით რეგულირებად საკითხებში ჩარევას იწვევს და უმაღლეს საბჭოში წარმოდგენილ პოლიტიკურ ძალებს შორის თანამშრომლობასა და კონსენსუსის მიღწევას ხელს შეუშლის. პრეზიდენტის შეფასებით, კანონპროექტი აკნინებს ავტონომიური რესპუბლიკის ლეგიტიმური ორგანოების სტატუსს. „კანონპროექტის მიმართ კრიტიკული მოსაზრებები გამოითქვა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრთა მხრიდანაც. ვეტოს თხოვნით პრეზიდენტს მიმართა ასევე დევნილთა საინიციატივო ჯგუფმა“,- აღნიშნა დიმიტრი ძაგნიძემ. მისივე განმარტებით, საკანონმდებლო ცვლილებების ნაცვლად, მიზანშეწონილია, შესაბამისმა უფლებამოსილმა ორგანოებმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციითა და სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრული წესით იმოქმედონ. „ აღნიშნული ნორმატიული აქტები უფრო ნათლად განსაზღვრავენ, როგორც შესაბამისი თანამდებობის პირის თანამდებობაზე დანიშვნის პროცედურებს, ისე ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო აქტების მიღებისა და გამოცემის წესს. ასეთია პრეზიდენტის პოზიცია პარლამენტის მიერ მიღებულ საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებით“, აღნიშნა დიმიტრი ძაგნიძემ. როგორც სხდომაზე გახდა ცნობილი, საპარლამენტო უმრავლესობა არ გაითვალისწინებს პრეზიდენტის შენიშვნებს და ვეტოს დასაძლევად მოემზადება. პლენარულ სხდომაზე გამოცხადებული შესვენების დროს პარლამენტის დაცვას ნაღმის არსებობის შესახებ ინფორმაცია ეცნობა, რომლის საფუძველზეც შენობის ევაკუაცია მოხდა. პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის გადაწყვეტილებით, დღეს პლენარული სხდომა აღარ განახლებულა, რადგან შესაბამისი სამუშაოების ჩატარებას რამდენიმე საათი დასჭირდა. რიგგარეშე სესიის მომდევნო პლენარული სხდომა ხვალ, 27 ივლისს 16 საათზე გაიმართება.

Last Updated on Friday, 26 July 2013 21:04