პარლამენტის პლენარული სხდომა | ბეჭდვა |
შაბათი, 27 ივლისი 2013 20:10

პარლამენტის რიგგარეშე სესიის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე „საქართველოს საგადასახადო კოდექსთან“ დაკავშირებით ინიცირებული პროექტი პირველი მოსმენით განიხილეს და მიიღეს. ფინანსთა სამინისტროს მიერ ინიცირებული კანონპროექტი ითვალისწინებს ბავშვობიდან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის, აგრეთვე მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული დასაბეგრი 6000 ლარამდე შემოსავლის, საშემოსავლო გადასახადისაგან გათავისუფლებას. ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის, გიორგი თაბუაშვილის განმარტებით, ასეთი ტიპის საგადასახდო შეღავათი ასევე გავრცელდება სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში დასაქმებულის ხელფასისა და სოფლის მეურნეობის პროდუქციის პირველადი მიწოდებით მიღებულ შემოსავალზე, ხოლო 2017 წლის 1 იანვრამდე სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში დასაქმებული პირის მიერ მიღებული მოგება, რომელიც წლის განმავლობაში არ აღემატება 200 000 ლარს - მოგების გადასახადისაგან გათავისუფლებაზე. მისივე თქმით, ცვლილება ასევე ფილტრიან და უფილტრო სიგარეტებზე აქციზის არსებული განაკვეთების ზრდას ითვალისწინებს. დეპუტატმა კობა დავითაშვილმა პარლამენტს „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებები გააცნო, რომელმაც დეპუტატების მხრიდან არაერთგვაროვანი მოსაზრებები გამოიწვია. დეპუტატის განმარტებით, კანონპროექტი ფარმაცევტულ საქმიანობასთან დაკავშირებული დარღვევებისთვის გაორმაგებულ სანქციებს აწესებს. ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, კანონპროექტი ზოგადი პრინციპებისა და დებულებების მხრივ მისაღებია, თუმცა სანქციების გაორმაგებულ ოდენობას ის არ ეთანხმება. სხდომაზე მეორე მოსმენით  განიხილეს და მიიღეს ,,მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ ორგანულ კანონში შესატანი ცვლილებები. პროექტის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან პირდაპირ პარტიებზე გასანაწილებლად გამოყოფილ თანხას იღებს ის პარტია, რომელმაც ბოლო საპარლამენტო ან ბოლო ადგილობრივი თვითმმართველობის საერთო არჩევნებში მიიღო არჩევნებში მონაწილეთა ხმების 3% ან მეტი. წარმოდგენილი ცვლილებით ხდება 4%-იანი მაჩვენებლის 3%-მდე შემცირება. კანონპროექტით იურიდიული პირებისთვის პარტიების დაფინანსების უფლების აღდგენით მიზნით, გარკვეული რეგულაციები შემოდის. დღესვე განიხილეს და მიიღეს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი. მთავრობის საპარლამენტო მდივნის, შალვა თადუმაძის განცხადებით, კანონპროექტი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - გამოცდების ეროვნული ცენტრის რეორგანიზებას და საჯარო სამართლის იურიდიულ პირად - შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრად გარდაქმნას ითვალისწინებს. „შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდების ჩატარებასთან ერთად ეროვნულ შეფასებებს და საერთაშორისო კვლევებს განახორციელებს“,- აღნიშნა შალვა თადუმაძემ. პარლამენტმა განიხილა და მეორე მოსმენით მიიღო „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე და 159-ე მუხლებით გათვალისწინებული, 2012 წლის 31 დეკემბრამდე ჩადენილი დანაშაულისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებას ითვალისწინებს. ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განმარტებით, 158-ე მუხლი კერძო კომუნიკაციის საიდუმლოს დარღვევას, ხოლო 159-ე მუხლი - პირადი მიმოწერის, ტელეფონით საუბრის ან სხვაგვარი ხერხით შეტყობინების საიდუმლოს დარღვევას ეხება. პარლამენტის წევრმა, გედევან ფოფხაძემ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონპორექტის განხილვის გაგრძელება ორშაბათს, 29 ივლისს დაგეგმილ პლენარულ სხდომაზე მოითხოვა, რასაც დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს. „ეს ის საკითხია, რომელზეც მოლაპარაკებების გაგრძელება უფრო მეტი ზიანის მომტანია, ვიდრე სწრაფად გადაწყვეტილების მიღება“, - განაცხადა კობა დავითაშვილმა. როგორც სხდომის თავმჯდომარემ, მანანა კობახიძემ განმარტა, რიგგარეშე სესიის პლენარული სხდომა ორშაბათს, 29 ივლისს გაიმართება.

ბოლოს განახლდა ორშაბათი, 29 ივლისი 2013 15:35