პარლამენტის ბიუროს სხდომა | Print |
Monday, 29 July 2013 14:39

უახლოეს პერიოდში საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისთვის შექმნილი ინტერფრაქციული ჯგუფის ფორმატში პოლიტიკური პარტიების საბიუჯეტო დაფინანსების ახალი მოდელი იქნება შემუშავებული, რომელსაც პარლამენტი საპრეზიდენტო არჩევნებამდე განიხილავს. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ინტერფრაქციული ჯგუფის ფორმატში შემუშავებული კანონპროექტების უდიდესი ნაწილი უკვე განხილვის პროცესშია. ერთადერთი საკითხი, რომლის განხილვაც საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომი პერიოდისთვის გადაიდო შეეხებოდა პოლიტიკური პარტიების საბიუჯეტო დაფინანსების ახალ მოდელს, რამაც აღნიშნული საკითხი სპეკულირების საგანი გახადა და შეიქმნა სრულიად არასასურველი აჟიოტაჟი სააარჩევნო კამპანიის მსვლელობისას. ,,ინტერფრაქციული ჯგუფის ხელმძღვანელი ზაქარია ქუცნაშვილი პოლიტიკურ სუბიექტებს ესაუბრა, კონსულტაციები გაიმართა მთავრობასთან და მიღწეულია პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ საკითხის განხილვას ახლავე დავუბრუნდეთ. თემა, რომელიც პარტიებისთვის ესოდენ მნიშვნელოვანია წინასაარჩევნოდ, საკანონმდებლო ინიციატივის სახით იქნება წარმოდგენილი უახლოეს პერიოდში და მას პარლამენტი უახლოეს შესაძლო ვადებში განიხილავს. ასე რომ, პარტიების დაფინანსების შესახებ ინტერფრაქციული ფორმატში შეთანხმებული მოდელი განხილული იქნება პარლამენტში და მიღებული იქნება არჩევნებმდე", – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა.
ბიუროს სხდომაზე 29-30 ივლისის პლენარული სხდომების დღის წესრიგზე და ახალ საკანონმდებლო ინიციატივებზე იმსჯელა.

Last Updated on Monday, 29 July 2013 14:44