|
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მესამე მოსმენისთვის განიხილა პარლამენტის წევრის, ზაქარია ქუცნაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“. ცვლილების მიხედვით, ზუსტდება სხვა სახელმწიფოში საარჩევნო უბნების შექმნისა და ამ საარჩევნო უბანზე გადასატანი საარჩევნო ყუთის სიის შედგენის წესი, ასევე იმ ამომრჩევლების კენჭისყრაში მონაწილეობის წესი, რომელებიც მოხსნილნი იქნენ საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციიდან ან რომელთა რეგისტრაცია ძალადაკარგულად იქნა ცნობილი.
კომიტეტმა ასევე მესამე მოსმენისთვის განიხილა პარლამენტის წევრის, ზაქარია ქუცნაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი ორგანული კანონის პროექტი ,,მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“. პროექტის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან პირდაპირ პარტიებზე გასანაწილებლად გამოყოფილ თანხას იღებს ის პარტია, რომელმაც ბოლო საპარლამენტო ან ბოლო ადგილობრივი თვითმმართველობის საერთო არჩევნებში მიიღო არჩევნებში მონაწილეთა ხმების 3% ან მეტი. აღნიშნული ცვლილებით ხდება 4%-იანი მაჩვენებლის 3%-მდე შემცირება. იურიდიული პირებისთვის პარტიების დაფინანსების უფლების აღდგენით მიზნით კანონპროექტით გარკვეული რეგულაციები შემოდის.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მესამე მოსმენისთვის განიხილა კანონპროექტი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“. კანონპროექტის თანახმად, „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებულ თანამდებობაზე პირი კონკურსის წესით დაინიშნება 2014 წლის 1 ივლისამდე, ხოლო კონკურსის წესით შესავსებ სხვა თანამდებობაზე - 2014 წლის 1 იანვრამდე. სხდომაზე მესამე მოსმენისთვის განიხილეს პარლამენტის წევრის, ეკა ბესელიას საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „ამნისტიის შესახებ“. კანონპროექტი ითვალისწინებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე (კერძო კომუნიკაციის საიდუმლოს დარღვევა) და 159-ე (პირადი მიმოწერის, ტელეფონით საუბრის ან სხვაგვარი ხერხით შეტყობინების საიდუმლოს დარღვევა) მუხლებით გათვალისწინებული, 2012 წლის 31 დეკემბრამდე ჩადენილი, დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლებას. იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის განიხილა კანონპროექტი: "დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მისი თანმდევი კანონპროექტები: ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიურო სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ . კანონპროექტი „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ითვალისწინებს ეროვნული პარკის ტრადიციული გამოყენების ზონაში და აღკვეთილის ცალკეულ უბნებზე კავშირგაბმულობის ანძების განთავსებას. ცვლილებები შეეხება დაცული ტერიტორიების სააგენტოს თანამშრომლების სოციალურ დაცვას და იარაღის გამოყენების შემთხვევებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს. კანონპროექტით ასევე ხდება სააგენტოს მიერ დამატებით შემოსავლის წყაროს დივერსიფიკაცია, აგრეთვე განისაზღვრება საქმიანობების ნაწილი, რომელთა საფასურსაც განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. ცვლილებებით განისაზღვრება უკვე არსებულ კავშირგაბმულობის ნაგებობებთან დაკავშირებული რეგულაციები. კომიტეტის წევრების აზრით, კანონპროექტის ნაწილი, სადაც დაცული ტერიტორიების სააგენტოს შემოსავლის წყაროს ჩამონათვალში გარკვეული ცვლილები შევიდა უნდა დაზუსტდეს, რადგან წარმოდგენილი რედაქციით საჯარო სამართლის იურიდიული პირი - დაცული ტერიტორიების სააგენტო უფლებრივ ნაწილში კერძო სამართლის იურიდიულ პირს უთანაბრდება, რაც არ არის მიზანშეწონილი. საკანონმდებლო ინიციატივის ავტორი, პარლამენტის წევრი გიორგი ცაგარეიშვილი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრების აღნიშნულ შენიშვნას დაეთანხმა. იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა განხილული კანონპროექტების პლენარულ სხდომაზე გატანას.
დღევანდელ სხდომაზე კომიტეტის წევრებმა განიხილეს და მხარი დაუჭირეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილი N530 საკონსტიტუციო სარჩელიდან გამომდინარე N3 „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტის კომიტეტის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენის საკითხს. პროექტის თანახმად, სასამართლოში საპროცესო მოვალეობათა შეუსრულებლობისა და წესრიგის დარღვევისათვის სასამართლოს მიერ განკარგულების გასაჩივრების უფლება მიეცემათ იმ პირებსაც, რომელთაც პასუხისმგებლობა დაეკისრათ ჯარიმის და გაძევების სახით. ცვლილებით, განკარგულების გამოტანა სასამართლოს კვლავ შეუძლია ზეპირი მოსმენის გარეშე, თუმცა გათვალისწინებულია მისი ერთჯერადი გასაჩივრების შესაძლებლობა და ამ საკითხთან დაკავშირებულ საჩივარს სასამართლო განიხილავს დაპატიმრების შესახებ განკარგულების გასაჩივრებისთვის გათვალისწინებული პროცედურით. |