ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა | Print |
Monday, 29 July 2013 17:48

დღეს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა განიხილა საქართველოს პარლამენტის წევრის კობა დავითაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტები: ,,მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ, ,,მაუწყებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე და ,,რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ.

მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონსა და ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებებისა და დამატებების შესახებ კანონპროექტების თანახმად, იკრძალება ბავშვთა და მოზარდთა ფიზიკურ, გონებრივ, ზნეობრივ, ინტელექტუალურ ან სულიერ განვითარებაზე მავნე ზეგავლენის მომხდენი პროგრამების განთავსება ან საჯარო ინფორმაციის მიწოდება იმ დროს, როდესაც ამ პროგრამების ნახვის ან მოსმენის დიდი ალბათობა არსებობს. ,,რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებებისა და დამატებების შესახებ კანონპროექტების თანახმად, ზუსტდება აკრძალვა სექსუალური ხასიათის ან/და რადიოსა და ტელევიზიის საშუალებით, გაზეთების, კაბადონებსა და ჟურნალების გარეკანზე ისეთი პროდუქციის რეკლამის გავრცელებაზე, რომელსაც მავნე ზეგავლენის მოხდენა შეუძლია არასრულწლოვანთა ფიზიკურ, გონებრივ, ზნეობრივ, ინტელექტუალურ ან სულიერ განვითარებაზე. 

კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განმარტებით, კომიტეტი მიესალმება კანონპროექტებით წარმოდგენილ პრინციპს - საქართველოს საკანონმდებლო ბაზაში გაიზარდოს არასრულწლოვნების მავნე ზეგავლენისაგან დაცვის სტანდარტები და გაფართოვდეს დაკავშირებული საკითხების წრე, რომელიც მოექცევა საკანონმდებლო რეგულირების სფეროში. კომიტეტი მთლიანად იზიარებს იმ პრინციპებს, რაც გამოხატულია ბავშვთა უფლებების დაცვის შესახებ გაეროს კონვენციაში, რომლის მონაწილეც არის საქართველო 1994 წლის 21 აპრილიდან. კერძოდ, „ბავშვს, მისი ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო, ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით“, - აღნიშნა ეკა ბესელიამ. მისივე თქმით, ბავშვი სრულყოფილად უნდა იყოს მომზადებული საზოგადოებაში დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის და აღიზარდოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებაში გაცხადებული იდეალების, განსაკუთრებით კი მშვიდობის, ადამიანის ღირსების პატივისცემის, შემწყნარებლობის, თავისუფლების, თანასწორობისა და სოლიდარობის სულისკვეთებით. ბავშვთა უფლებების დაცვის შესახებ გაეროს კონვენციის მე-17 მუხლის თანახმად, სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებაა, ,,მოახდინოს იმ სახის ინფორმაციისა და მასალებისაგან ბავშვის დაცვის სათანადო პრინციპების შემუშავების წახალისება, რომელიც საზიანოა მისი კეთილდღეობისათვის.“ თუმცა, ამავდროულად, კომიტეტი აღნიშნავს, რომ იმისთვის, რომ შესაბამისი სამართლებრივი ნორმების აღსრულება იყოს ეფექტური, საჭიროა მომზადების სტადიაზე მოხდეს იმ პრობლემების იდენტიფიცირება, რაც შეიძლება წარმოიშვას პრაქტიკაში ამ დებულებების გამოყენებისას და უზრუნველყოფილ იქნას მათი პრევენციის გზების გათვალისწინება კანონპროექტის საბოლოო სახით შემუშავებისას.
კომიტეტის წევრის, თამარ კორძაიას მოსაზრებით, კანონპროეტში მკაფიოდ არ არის განმარტებული, თუ რა იგულისხმება ტერმინში ,,მავნე ზეგავლენა“. მისივე თქმით, განსაზღვრა უნდა მოხდეს ზუსტად, რაც შესაძლებელს გახდის მის ერთგვაროვან გაგებასა და ფართო ინტერპრეტაციის შესაძლებლობას გამორიცხავს.
ეკა ბესელიას განცხადებით, მეორე მოსმენით, მუხლობრივი განხილვისას კომიტეტი კიდევ უფრო დეტალურად იმსჯელებს კანონპროექტის შესახებ.

Last Updated on Monday, 29 July 2013 17:51