პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარული სხდომა | ბეჭდვა |
ორშაბათი, 29 ივლისი 2013 21:11

პარლამენტმა რიგგარეშე სესიის დღევანდელ სხდომაზე 92 ხმით, ერთხმად პრეზიდენტის ვეტო დაძლია კანონზე „ნორმატიული აქტების შესახებ“. თავდაპირველად, კენჭი ეყარა აღნიშნულ კანონზე პრეზიდენტის შენიშვნებს, რომელსაც მხარი მხოლოდ სამმა დაპუტატმა დაუჭირა, ხოლო 84 დეპუტატმა ხმა წინაამდეგი მისცა. 
პარლამენტმა მესამე მოსმენით განიხილა და 93 ხმით, ერთხმად მიიღო ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილებების შეტანის შესახებ“. წარმოდგენილი ორგანული კანონის პროექტით ზუსტდება სხვა სახელმწიფოში საარჩევნო უბნების შექმნისა და ამ საარჩევნო უბანზე გადასატანი საარჩევნო ყუთის სიის შედგენის წესი, ასევე იმ ამომრჩევლების კენჭისყრაში მონაწილეობის წესი, რომლებიც მოხსნილნი იქნენ საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციიდან ან რომელთა რეგისტრაციას ძალადაკარგულად იქნა ცნობილი.
სხდომაზე მესამე მოსმენით 93 ხმით ერთის წინაარმდეგ მიღებული იქნა ორგანული კანონის პროექტი „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. კანონპროექტით ზუსტდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან პოლიტიკურ პარტიების დაფინანსების წესი, დაფინანსების მისაღებად კანონმდებლობით დადგენილი 4%-იანი ბარიერის ნაცვლად დგინდება 3%-იანი ბარიერი. კანონპროექტითვე ზუსტდება პარტიების, იურიდიულ პირთა მიერ დაფინანსების, შემოწირულობების მიღების წესი.
ასევე მესამე მოსმენით, 87 ხმით ერთის წინააღმდეგ პარლამენტმა მიიღო კანონპროექტი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“. კანონპროექტის თანახმად, „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებულ თანამდებობაზე პირი კონკურსის წესით დაინიშნება 2014 წლის 1 ივლისამდე, ხოლო კონკურსის წესით შესავსებ სხვა თანამდებობაზე - 2014 წლის 1 იანვრამდე.
პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განხილული და 90 ხმით ერთხმად მიღებული იქნა კანონპროექტი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“. წარმოდგენილი კანონპროექტი ითვალისწინებს ბავშვობიდან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის, აგრეთვე მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული დასაბეგრი 6000 ლარამდე შემოსავლის, ასევე სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში დასაქმებულის ხელფასისა და სოფლის მეურნეობის პროდუქციის პირველადი მიწოდებით მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადისაგან განთავისუფლებას, ხოლო 2017 წლის 1 იანვრამდე სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში დასაქმებული პირის მიერ მიღებული მოგება, რომელიც წლის განმავლობაში არ აღემატება 200 000 ლარს - მოგების გადასახადისაგან განთავისუფლებას. ცვლილება ეხება ასევე ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტებისათვის აქციზის არსებული განაკვეთების გაზრდის საკითხს. საპარლამენტო უმცირესობის წევრებმა განაცხადეს, რომ ისინი ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტებისათვის აქციზის არსებული განაკვეთების გაზრდას ზოგადად არ ეწინააღდეგებიან, თუმცა არსებულმა ცვლილებამ შეიძლება სიგარეტის კონტრაბანდას შეუწყოს ხელი. საპარლამენტო უმცირესობის წევრმა, ზურაბ მელიქიშვილმა გამოთქვა მოსაზრება, რომ წარმოდგენილი ცვლილება განპირობებულია იმ ფაქტორით, რომ ბიუჯეტში შემცირებულია საგადასახადო შემოსავლები და მთავრობა ცდილობს ამ გზით არსებული დეფიციტის ნაწილობრივ აღმოფხვრას. საპარლამეტო უმრავლესობის წევრება არ გაიზიარეს უმცირესობის მოსაზრებები და აღნიშნეს, რომ კანონპროექტის მიღება კანტრაბანდის საფრთხეს არ ქმნის.
დეპუტატებმა პირველი მოსმენით განიხილეს და 92 ხმით, ერთხმად მიიღეს პარლამენტის წევრების ზურაბ ტყემალაძისა და გიგლა აგულაშვილის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის არასასოფლო-სამეურნეო მიზნით გამოყოფისას სანაცვლო მიწის ათვისების ღირებულებისა და მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“. კანონის პროექტით 2014 წლის 31 დეკმებრამდე დასაშვები ხდება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებისათვის მიზნობრივი დანიშნულების შეცვლა, თუ იგი განპირობებულია სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი საჭიროებით, რაზეც გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა. საპარლამენტო უმცირესობამ კანონპროექტი უარყოფითად შეაფასა. უმცირესობის წევრის, პავლე კუბლაშვილის განცხადებით, აღნიშნული ცვლილებები ხელს შეუშლის უცხოური ინვესტიციების მოზიდვას და ქართულ ეკონომიკაზე უარყოფითად იმოქმედებს. მისი შეფასებით, წარმოდგენილი ცვლილებები შეიძლება ჩაითვალოს უკან გადადგმულ ნაბიჯად ეკონომიკის თვალსაზრისით. კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორის, ზურაბ ტყემალაძის განცხადებით, კანონპროექტის შემუშავება საზოგადოებრივი დაკვეთა იყო. მისივე განმარტებით, მას შემდეგ, რაც ძალაში შევიდა კანონი, რომლის საფუძველზეც, უცხოელებისა და უცხოური ფირმების მიერ მიწის საკუთრების უფლების მოპოვების პროცესი 2014 წლის 31 დეკემბრამდე შეჩერდა, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებისთვის სტატუსის შეცვლას და მის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების კატეგორიაში გადაყვანას მასობრივი სახე მიეცა. ზურაბ ტყემალაძის თქმით, სოფლები საძოვრების გარეშე დარჩა, აღარ დარჩა არც სარეზერვო მიწები, ასევე გაყიდულია მიწები სასაზღვრო ზონებში. აქედან გამომდინარე, კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორის განცხადებით, მიწის ნაკვეთებისთვის მიზნობრივი დანიშნულების შეცვლის მექანიზმების შეჩერება საჭირო გახდა.
დეპუტატებმა მეორე მოსმენით განიხილეს და 92 ხმით, ერთხმად მიიღეს კანონპროექტი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მისი თანმდევი კანონპროექტები. კანონპროექტი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ითვალისწინებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - გამოცდების ეროვნული ცენტრის რეორგანიზებას საჯარო სამართლის იურიდიულ პირად - შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრად. ამასთან, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდების ჩატარებასთან ერთად განახორციელებს ეროვნულ შეფასებებს და საერთაშორისო კვლევებს.
პარლამენტის რიგგარეშე სესიის მორიგი პლენარული სხდომა გაიმართება ხვალ, 30 ივლისს 13:00 საათზე.

ბოლოს განახლდა ორშაბათი, 29 ივლისი 2013 21:13