საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი საქართველოში აშშ-ის საელჩოს პოლიტიკურ-ეკონომიკური განყოფილების უფროსს, ვიქტორია ტეილორს შეხვდა | ბეჭდვა |
სამშაბათი, 30 ივლისი 2013 14:23

პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა საქართველოში აშშ-ის საელჩოს პოლიტიკურ-ეკონომიკური განყოფილების უფროსი ვიქტორია ტეილორი მიიღო. მხარეებმა ისაუბრეს საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე, სამომავლო გეგმებზე როგორც პარლამენტის განვითარების თვალსაზრისით, ისე ზოგადად იმ ცვლილებების აუცილებლობაზე, რომელიც ქვეყანაშია განსახორციელებელი.

შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო ოქტომბერში გასამართი საპრეზიდენტო არჩევნები. დავით უსუფაშვილმა სტუმარს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საპრეზიდენტო არჩევნებისთვის საარჩევნო კოდექსში განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე.

ვიქტორია ტეილორი დაინტერესდა სალომე ზურაბიშვილის არჩევნებში მონაწილეობის საკითხით. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მას განუცხადა, რომ კონსტიტუციიდან სწორედ იმ პუნქტის ამოღებაა ინიცირებული, რომელიც ხელს უშლის ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირს დაიკავოს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის და პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა, თუმცა ამ პროექტის პარლამენტში მიღებას სრული შემადგენლობის 2/3 სჭირდება. ,,ჩვენ დაინტერესებული ვართ, რომ რაც შეიძლება მეტმა კანდიდატმა შეძლოს არჩევნებში მონაწილეობის მიღება. თუკი რაიმე სამართლებრივი საშუალებები არსებობს, რომელიც კონსტიტუციის და კანონის ჩარჩოებში ჯდება და რომელიც არ დაარღვევს სხვა კანდიდატების უფლებებს, ჩვენ რა თქმა უნდა მზად ვართ ვიმსჯელოთ ამ საკითხებზე, მათ შორის სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით შექმნილ მდგომარეობაზე“, - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა. მისივე თქმით, მსგავსი ცვლილება განხორციელდა ნინო ბურჯანაძესთან დაკავშირებით. ,,მოქმედი კანონმდებლობა ნინო ბურჯანაძეს არ აძლევდა საშუალებას საკუთარი პარტიიდან ყოფილიყო დასახელებული პრეზიდენტობის კანდიდატად, თუმცა შეიძლებოდა საინიციატივო ჯგუფიდან ყოფილიყო დასახელებული. ჩვენ ეს წესი საკუთარი ინიციატივით შევცვალეთ და პარტიას უკვე შეძლია დაასახელოს მისი კანდიდატურა. ეს არის ელემენტარული აუცილებლობა, რომ საარჩევნო გარემო არ ქმნიდეს ხელოვნურ ბარიერებს, თუმცა, გადაულახავი კონსტიტუციური პრობლემის არსებობის შემთხვევაში ჩვენ უძლური ვართ“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ. 
საქართველოში აშშ-ის საელჩოს პოლიტიკურ-ეკონომიკური განყოფილების უფროსი ვიქტორია ტეილორი დღესვე პარლამენტში გამართავს შეხვედრებს პოლიტიკური პარტიების, ფრაქციების და კომიტეტების წარმომადგენლებთან.

ბოლოს განახლდა სამშაბათი, 30 ივლისი 2013 18:02