ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა | ბეჭდვა |
სამშაბათი, 30 ივლისი 2013 17:48

ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე დღეს ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ ორგანიზებით გამართულ ყრილობაზე მიღებულ რეზოლუციაზე იმსჯელეს, რომლის მთავარი მოთხოვნა წინა ხელისუფლების გასამართლებაა. 

რეზოლუციაში დაფიქსირებულია პარლამენტისადმი მიმართვა - შეიქმნას სპეციალური საგამოძიებო კომისია, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებებს შეისწავლის და შესაბამის პოლიტიკურ, სამართლებრივ და მორალურ შეფასებას მისცემს მას.
მიღებულ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 1 ოქტომბერს ქართველი ხალხისა და საზოგადოების არჩევანი იყო ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენა და არა წინა რეჟიმთან თანამშრომლობა. სამართლიანობის აღდგენა კი, რეზოლუციის მიმღებთა განცხადებით, პირველ რიგში, დამნაშავე რეჟიმის კანონის ძალით გასამართლებას მოითხოვს.
როგორც კომიტეტის სხდომაზე აღინიშნა, რეზოლუციას 12 ათასამდე ხელმოწერა ახლავს თან.
კომიტეტის სხდომაზე უმცირესობის წევრების არყოფნის მიზეზებით ოთარ ჩრდილელი დაინტერესდა, რომელსაც „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ წარმომადგენელი, ნანა კაკაბაძე გამოეხმაურა. ეკა ბესელიას განმარტებით, უმცირესობა დღევანდელი სხდომისა და განსახილველი საკითხის თაობაზე ინფორმირებული იყო, თუმცა, მისივე თქმით, ხშირად ხდება, როცა მსგავსი საკითხების განხილვაში ოპოზიცია არ მონაწილეობს და კომიტეტის სხდომებს არ ესწრება.
კომიტეტის სხდომაზე განიხილეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის ყოფილი მოსამართლეების: მერაბ ტურავას, ნინო გვენეტაძის, თამარ ლალიაშვილის და მურმან ისაევის განცხადება მათთვის უზენაესი სასამართლოს წევრის უფლებამოსილების ვადაზე ადრე უკანონოდ შეწყვეტის თაობაზე. განცხადებაში ყოფილი მოსამართლეები მიუთითებენ, რომ წინა ხელისუფლების პირობებში პოლიტიკური მოტივით, უკანონოდ და თვითნებურად განხორციელდა დისციპლინური დევნა, რის შედეგადაც უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდა უზენაესი სასამართლოს წევრს მერაბ ტურავას - საქართველოს პარლამენტის 2006 წლის 10 ნოემბრის დადგენილებით, ნინო გვენეტაძეს - საქართველოს პარლამენტის 2006 წლის 24 ნოემბრის დადგენილებით, თამარ ლალიაშვილს - საქართველოს პარლამენტის 2006 წლის 10 ნოემბრის დადგენილებით, ხოლო მურმან ისაევს - საქართველოს პარლამენტის 2006 წლის 10 ნოემბრის დადგენილებით.
ყოფილი მოსამართლის, მურმან ისაევის განცხადებით, ვენეციის კომისიამ 2007 წლის 19 მარტის №408/2006 მოსაზრებაში მიიჩნია, რომ ადგილი ჰქონდა მოსამართლეთა დამოუკიდებლობის ხელყოფას. მათ მიმართ განხორციელებული დისციპლინარული დევნა კრიტიკულად შეაფასეს გერმანელმა პროფესორმა გერდ ვინტერმა და პროფესორმა ოთარ გამყრელიძემ, ხოლო ორგანიზაციამ „ევროპის მოსამართლეები და პროკურორები დემოკრატიისა და ფუნდამენტალური უფლებებისათვის“ (MEDEL), ისაევის მითითებით, 2006 წლის 16-17 ივნისს მიიღო რეზოლუცია, რომლითაც უარყოფითად შეაფასა მათი ვადაზე ადრე გათავისუფლება მოსამართლის თანამდებობიდან და მიიჩნია, რომ იგი განხორციელდა განმცხადებელთა მთავრობისადმი დაუმორჩილებლობის გამო. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ყოფილმა მოსამართლეებმა მიმართეს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს, თუმცა გადაწყვეტილება ჯერ არ არის გამოტანილი.
„კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღებაში უკანონო ჩარევების გარდა, არაერთგზის ადგილი ჰქონდა მოსამართლეებზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას, რის გამოც ბევრი მათგანი იძულებული გახდა დაეტოვებინა თანამდებობა. არაერთმა მოსამართლემ დაწერა განცხადება გადადგომის თაობაზე იმის შიშით, რომ არ გამხდარიყო პოლიტიკურად მანიპულირებული დისციპლინური დევნის ობიექტი, რაც აუცილებლად დამთავრდებოდა მისი სასამართლო ხელისუფლებიდან გაძევებით და დარჩებოდა სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული ფულადი ანაზღაურების გარეშე“,- აღნიშნა ისაევმა. ყოფილმა მოსამართლემ მათ მიმართ წარმოებული უკანონო დევნის პოლიტიკურ-სამართლებრივ შეფასება და საქართველოს კონსტიტუციისა და კანონის დარღვევებზე სათანადო რეაგირება მოსთხოვა კომიტეტს. 

ბოლოს განახლდა ოთხშაბათი, 31 ივლისი 2013 12:24