პარლამენტის რიგგარეშე სესიის სხდომა | ბეჭდვა |
სამშაბათი, 30 ივლისი 2013 20:40

დღეს პლენარულ სხდომაზე დეპუტატებმა სახალხო დამცველის, უჩა ნანუაშვილის „2012 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ ანგარიში მოისმინეს. ომბუდსმენის ანგარიში პარლამენტს ჯერ კიდევ მარტის ბოლოს წარედგინა, უჩა ნანუაშვილის განცხადებით, ანგარიშში ასახულია არჩევნებამდე და არჩევნების პერიოდში მთელ რიგ სფეროებში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები - პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ განხორციელებული სხვადასხვა ხასიათის ქმედებები. მასში დეტალურადაა აღწერილი სოფელ მერეთში, კარალეთში, ბეშუმსა და დიდგორში მომხდარი ინციდენტები.

ომბუდსმენის თქმით, ანგარიშში ასევე მოხვდა ოპოზიციურად განწყობილი პირების ადმინისტრაციული წესით დაკავების ფაქტები, რასაც ადგილი ჰქონდა ქუთაისში, კასპში, ხაშურში, რუსთავში, მესტიაში, საგარეჯოში, ქარელსა და სხვა ქალაქებში.
„დოკუმენტში დაფიქსირებულია პოლიციელთა მიერ პირთა დაკავებისას და დაკავების შემდგომ ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის ფაქტები; საგამოძიებო ორგანოების მიერ დანაშაულის ნიშნების შემცველი ფაქტების რეაგირების გარეშე დატოვების, სხვადასხვა უწყების საჯარო მოხელეთა მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შემთხვევები“,- აღნიშნა ნანუაშვილმა.
სახალხო დამცველის ანგარიშის გარკვეული ნაწილი ლაფანყურის სპეცოპერაციას უკავშირდება. მისი განცხადებით, საკითხის შესწავლისას გამოვლინდა გარემოებები, რომელიც წინა ხელისუფლების მიერ იმ დროს მოწოდებულ მოვლენათა ოფიციალურ ვერსიას ეწინააღმდეგება. ომბუდსმენის ანგარიშის მიხედვით, სახალხო დამცველის აპარატის მიერ ინციდენტის შესწავლამ გამოავლინა ფაქტები, რომელიც მიუთითებს, რომ შეტაკებაში მონაწილე შეიარაღებული დაჯგუფება შინაგან საქმეთა სამინისტროს მაშინდელმა ხელმძღვანელობამ შექმნა, აღჭურვა და გაწვრთნა.
„ანგარიშში ასევე საუბარია სისტემური დანაშაულების ჩადენაზე სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, პატიმართა მიმართ სასტიკი და არაადამიანური მოპყრობის კონკრეტულ შემთხვევებზე“,- განაცხადა უჩა ნანუაშვილმა. დოკუმენტში ადგილი ეთმობა საკუთრების უფლების ხელყოფის შემთხვევებს - კანონის დარღვევით და დასაბუთების გარეშე ქონების ჩამორთმევის ფაქტებს, სახელმწიფოსთვის კერძო ან იურიდიული პირების მიერ ჩუქების ფორმით საკუთრების გადაცემის შემთხვევებს.
ანგარიშში საუბარია ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების დარღვევის სხვა კონკრეტულ შემთხვევებზე. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ დეპუტატებს პარლამენტის დადგენილების პროექტი გააცნო, რომელშიც ომბუდსმენის ანგარიშზე დაყრდნობით, წარმოდგენილია კონკრეტული მითითებები და რეკომენდაციები აღმასრულებელი სტრუქტურების მისამართით.
დადგენილებაში პროკურატურის მიმართ რეკომენდაციაში მითითებულია, რომ ლაფანყურის სპეცოპერაციაზე წარმოებულ გამოძიებაში მონაწილეობა არ უნდა მიიღონ პირებმა, რომლებიც აღნიშნულ საქმესთან რაიმე ფორმით იყვნენ დაკავშირებული. დადგენილების პროექტში არის ასევე მიმართვა მთავარი პროკურორისადმი, უზრუნველყოს თავისუფლების აღკვეთის ადგილებში მომხდარი ყველა არასათანადო მოპყრობის ფაქტის სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება; დამნაშავე პირთა იდენტიფიცირება და სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემა; უზრუნველყოს, საჯარო მოხელის, პოლიციელის, გამომძიებლის, პროკურორის ქმედებათა კანონიერების შეფასება, საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის თითოეულ შემთხვევაში რეაგირება და მსგავსი ფაქტების პრევენცია.
დადგენილების პროექტის მიხედვით, პარლამენტი პროკურატურისგან ითხოვს, გამოიძიოს შეკრება-მანიფესტაციების დაშლის ყველა ფაქტი, რომლებზეც წლების განმავლობაში გაიცემოდა სახალხო დამცველის რეკომენდაციები. კერძოდ, საუბარია 2007 წლის 7 ნოემბრის, 2009 წლის 6 მაისის, 15 ივნისის და აქციათა დარბევის სხვა ფაქტებზე.
ეკა ბესელიას განმარტებით, პარლამენტი რეკომენდაციებით მიმართავს: შინაგან საქმეთა, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის, ჯანდაცვის, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროებსა და ადგილობრივ თვითმმართველობებს.
პარლამენტი ასევე მიმართავს მთავრობას – უზრუნველყოს სამინისტროების მიერ მითითებული რეკომენდაციების შესრულება.

პარლამენტი შსს-ს რელიგიის თავისუფლების შეზღუდვისა და რელიგიურ ნიადაგზე დისკრიმინაციის ნიშნების შემცველი მოპყრობის ფაქტებზე დაწყებული გამოძიების ბოლომდე მიყვანის რეკომენდაციით მიმართავს. ამის შესახებ ნათქვამია პარლამენტის დადგენილების პროექტში, რომელიც სახალხო დამცველის ანგარიშთან დაკავშირებით მომზადდა.
პარლამენტს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან სხვა რეკომენდაციებიც აქვს. კერძოდ, უწყებისადმი კანონმდებლების მითითებაა, რომ დაკავებისა და დაპატიმრების შემთხვევაში, განხორციელდეს ბრალდებულის საპროცესო უფლებების დაცვა და შესაბამისი გარანტიების გამოყენება.
ეკა ბესელიას განმარტებით, პარლამენტი შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავს, უზრუნველყოს 2012 წლის განმავლობაში, ასევე საარჩევნო პერიოდში ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტების ობიექტური და ეფექტური გამოძიება; უზრუნველყოს არასრულწლოვანთა დაცვა მშობლის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის მხრიდან უფლებათა ბოროტად გამოყენებისგან და კანონმდებლობით გათვალისწინებული სანქციების ამოქმედება ბავშვთა უფლებების დამრღვევ პირთა მიმართ; უზრუნველყოს ქალთა დაცვა ოჯახში ძალადობისაგან.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის ანგარიში პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, თინათინ ხიდაშელმა წარმოადგინა. თინა ხიდაშელმა კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარის, კარლო კვიტაიშვილის იმპიჩმენტის პროცედურის საკითხი დასვა. იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას, ხიდაშელი 6 აგვისტოს პლენარულ სხდომაზე გეგმავს. მისი თქმით, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონით კომისიას აქვს უფლება და ვალდებულება მონიტორინგი განახორციელოს ტელევიზიების მიერ საავტორო უფლებების დაცვაზე, რაც კომისიას არცერთხელ გამოუყენებია. „ეროვნული კომუნიკაციების შესახებ“ კანონით – საკაბელო ტელევიზიებთან მიმართებაში, მას ეს უფლება არ აქვს, მაგრამ ის ამ უფლებას იყენებდა. „ამის გამოყენება დაიწყო მას შემდეგ, რაც მისთვის აქტუალური გახდა GMG-ის ლობირება. პრაქტიკულად, ყველა პატარა საკაბელო კომპანიას ექმნებოდა პრობლემა და მათ 20-30 ათასი ლარის ოდენობის სანქციებს ადებდნენ, რათა ბაზრიდან გაეძევებინათ და GMG მთავარ მონოპოლიურ მდგომარეობაში ყოფილიყო. ასევე ჩვენ ვნახეთ ძალადობის ფაქტები, როცა კომპანიასთან მარტივი გასაუბრება არ იყო საკმარისი და ადამიანების სისხლის სამართლებრივი დევნა ხორციელდებოდა. შპს "მადის" ხელმძღვანელი იმის გამო დააპატიმრეს, რომ არ დათანხმდა ლიცენზიის GMG-სთვის გადაცემას და გაუშვეს მას შემდეგ, რაც მისგან ასეთი თანხმობა მიიღეს. მან საკმაოდ წარმატებული ბიზნესი GMG-ის უსასყიდლოდ გადასცა“,-აღნიშნა თინა ხიდაშელმა. მისივე თქმით, საკითხის სესწავლისას გამოიკვეთა პრობლემები, რომელიც წარმოეშვათ საკაბელო კომპანიებს, რათა ტელეკომპანია „მაესტრო“ ამოეღოთ პაკეტიდან. მისივე განცხადებით, 2008 წელს „მაესტრო“ ლიცენზიის მოდიფიკაციას ითხოვდა, ხოლო კომისიის დასკვნაში მითითებულია, რომ მას უნდა ეთქვას უარი იმ კვლევის უქონლობის გამო, რომელიც დაადასტურებდა, თუ რა ტიპის ინტერესები ჰქონდა მოსახლეობას. „შემდეგ კომისიამ შესაბამისი სოციოლოგიური კვლევის ჩატარებას მთელი სამი წელი მოანდომა. სამი წლის განმავლობაში, პრაქტიკულად, აკრძალული იყო ნებისმიერი ტიპის ლიცენზიის გაცემა, რითაც ხელოვნურად შეიზღუდა ამ მიმართულებით მეწარმეობის განვითარება და ამ სფეროში ახალი მოთამაშეების დაშვებას შეუშალა ხელი“, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.
საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის განმარტებით, არსებობს პრობლემები, რომელიც კომისიის წევრების ინტერესთა კონფლიქტის არსებობას უკავშირდება. „ირაკლი ჩიქოვანი სარეკლამო ბიზნესის პატრონი გახლდათ. სამართლებრივად ამას ჰქვია წილის მფლობელობა მთავარ სარეკლამო კომპანიაში, რომელსაც სარეკლამო ბაზრის 90% ეკუთვნოდა. ტელეკომპანია „რუსთავი 2“- სა და ტელეკომპანია „იმედის“ შემთხვევაში მუდმივად ხდებოდა სარეკლამო კანონების, დადგენილი ლიმიტების დარღვევა და ამაზე არავინ რეაგირებდა, რადგან ეს მისი ინტერესი იყო, რაც პროკურატურის სესწავლის საგანი უნდა გახდეს“, – აღნიშნა ხიდაშელმა.
პარლამენტის გადაწყვეტილებით, კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის საქმიანობის შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიას უფლებამოსილების ვადა კიდევ რამდენიმე თვით გაუგრძელდება.
პლენარულ სხდომაზე განიხილეს „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიზნით გამოყოფისას სანაცვლო მიწის ათვისების ღირებულებისა და მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“კანონპროექტი, წარმოდგენილი კანონის პროექტით 2014 წლის 31 დეკმებრამდე დასაშვები ხდება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებისათვის მიზნობრივი დანიშნულების შეცვლა, თუ იგი განპირობებულია სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი საჭიროებით, რაზეც გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა.
დღესვე მესამე მოსმენით განიხილეს „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს ბავშვობიდან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის, აგრეთვე მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული დასაბეგრი 6000 ლარამდე შემოსავლის, ასევე სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში დასაქმებულის ხელფასისა და სოფლის მეურნეობის პროდუქციის პირველადი მიწოდებით მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადისაგან განთავისუფლებას, ხოლო 2017 წლის 1 იანვრამდე სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში დასაქმებული პირის მიერ მიღებული მოგება, რომელიც წლის განმავლობაში არ აღემატება 200 000 ლარს - მოგების გადასახადისაგან გათავისუფლებას. ცვლილება ეხება ასევე ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტებისათვის აქციზის არსებული განაკვეთების გაზრდის საკითხს.
მესამე მოსმენით განიხილეს ასევე საქართველოს კანონის პროექტი „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ , რომელიც ფარმაცევტულ საქმიანობასთან დაკავშირებული დარღვევებისათვის დაწესებული სანქციების გაორმაგებას ითვალისწინებს.
დეპუტატებმა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ პირველი მოსმენით განიხილეს. საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, ირინე იმერლიშვილის განმარტებით, რეგლამენტის პროექტით ანგარიშვალდებული ორგანოს მიერ პარლამენტის წევრის კითხვაზე წერილობითი პასუხის წარდგენისათვის განისაზღვრება 15 დღიანი ვადა, ნაცვლად დღეს მოქმედი 7 დღიანი ვადისა.
რიგგარეშე პლენარული სხდომა , სავარაუდოდ, 6-7 აგვისტოს გაიმართება.

ბოლოს განახლდა სამშაბათი, 30 ივლისი 2013 20:47