სხდომის ოქმი N25

საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხტა კომიტეტის სხდომის ოქმი #25

 

2013 წლის 25 ივლისი

 

სხდომის თავმჯდომარე:      გიგლა აგულაშვილი   (კომიტეტის თავმჯდომარე)

სხდომას ესწრებოდნენ:

კომიტეტის წევრები: . აგულაშვილი - კომიტეტის თავმჯდომარე, გ. სამხარაული - კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თ. ყაჭეიშვილი - კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, გ. გელაშვილი, გ. გოზალიშვილი, ვ. ლემონჯავა, დ. ლორთქიფანიძე, თ. მაისურაძე, რ. შავლოხაშვილი - (ადგილმონაცვლე - პ. კვიჟინაძე), ვ. ჩიტაშვილი.

სხდომას საპატიო მიზეზით არ ესწრებოდა: გ. ღვინიაშვილი - კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ლ. ქარდავა, ი. შერვაშიძე, პ. ცისკარიშვილი, რ. ხალვაში, ნ. ჯანაშია.

აპარატის თანამშრომლები: . ახალბედაშვილი - კომიტეტის აპარატის უფროსი, რ. ქუთათელაძე, ე. კაპანაძე, ს. სვანიძე, ს. უროტაძე, ი. ქველაძე, . ქიტიაშვილი.

მოწვეული სტუმრები: ლ. დავითაშვილი - სსიპ „ღვინის ეროვნული სააგენტოს“ თავმჯდომარე, გ. მერებაშვილი - სსიპ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის დირექტორი. 

 

დღის წესრიგი

1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში (6 თვის შედეგები).

                                                   (მომხსენებელი: ლევან დავითაშვილი - სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე).

                                                                 2. საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში (6 თვის შედეგები).

                                                   (მომხსენებელი: გივი მერებაშვილი - სსიპ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის დირექტორი). 

     I. მოისმინეს:

ლ. დავითაშვილის ინფორმაცია ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ. სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ძირითად მიმართულებას ქართული ღვინის პოპულარიზაცია, მევენახეობა-მეღვინეობის პროდუქციის ხარისხის ამაღლება და საექსპორტო პოტენციალის ზრდის ხელშეწყობა წარმოადგენს.

საანგარიშო პერიოდში, სააგენტო საქმიანობას ახორციელებდა სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან მუდმივი კონტაქტისა და საქართველოს შესაბამის სახელმწიფო, თუ მეღვინეობის სფეროში მოქმედ კერძო კომპანიებთან თანამშრომლობის რეჟიმში. 2013 წლის იანვარში დასრულდა სსიპ ღვინის ეროვნულ სააგენტოს ფორმირება-რეორგანიზაციის პროცესი. 2013 წლის თებერვალში დამტკიცდა სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს ახალი დებულება, rac ძირითადად განპირობებული იყო იმ ახალი გამოწვევებითა და პრიორიტეტებით, რომელთა წინაშეც იდგა სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტო. გარდა ამისა, სააგენტო აგრძელებდა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე მუშაობას, როგორიცაა: ქართული საექსპორტო პოტენციალის ზრდის ხელშეწყობა, ქართული ღვინის პოპულარიზაცია, არაკეთილსინდისიერი კონკურენციის აღკვეთის მიზნით კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება, მევენახეობისა და მეღვინეობის საერთაშორისო და ეროვნულ ორგანიზაციებთან ურთიერთობების გაღრმავება და სხვ.

საანგარიშო პერიოდში დამატებითი ნაბიჯები იქნა გადადგმული ქართული ადგილწარმოშობის დასახელებების საერთაშორისო დაცვის კუთხითაც. ფართოვდება ორმხრივი და მრავალმხრივი კონტაქტები სხვადასხვა ქვეყნის შესაბამის ეროვნულ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან. მსოფლიოში ქართული ღვინოების პოპულარიზაციის მიზნით საანგარიშო პერიოდში სააგენტოს ხელშეწყობითა და მხარდაჭერით ქართული ღვინის მწარმოებელმა კომპანიებმა შეძლეს მონაწილეობა მიეღოთ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მოწყობილ ღვინის საერთაშორისო გამოფენებში, კონფერენციებში, კონკურსებსა და დეგუსტაციებში.

ქართული საექსპორტო ღვინოების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფისა და მისი სისტემატური კონტროლის მიზნით ღვინის ეროვნული სააგენტომ დაიწყო საექსპორტო ღვინოების, კერძოდ ადგილწარმოშობის ღვინოების სახელმწიფო კონტროლის განხორციელება.

საანგარიშო პერიოდში, ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული საქმიანობის ძირითადი შედეგი, შვიდწლიანი პაუზის შემდეგ ქართული ღვინის რუსეთის ბაზარზე დაბრუნება წარმოადგენს.

საქართველოს მთავრობის, სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ღვინის ეროვნული სააგენტოსა და სხვა უწყებების ერთობლივი მუშაობის შედეგად 2013 წლის ივნისის შუა რიცხვებში ღვინისა და სხვა ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელმა კომპანიებმა თავიანთი პროდუქციის პირველი პარტიები გადატვირთეს რუსეთის ფედერაციაში.

სააგენტოს მიერ ჩატარებული სამუშაოების ეფექტურობას ადასტურებს ის ფაქტი, რომ ქართული ღვინის მწარმოებელმა 65 კომპანიამ ინსპექტირების პროცესი წარმატებით გაიარა.

კომპანიების შემოწმების შედეგად რუსეთის მხარის მიერ მიღებული იქნა დადებითი დასკვნები და შემოწმებაგავლილ კომპანიებს მიეცათ უფლება რუსეთის ფედერაციაში თავიანთი პროდუქციის სახელმწიფო რეგისტრაციის, რაც ბოლო ეტაპი იყო ქართული ღვინის რუსულ ბაზარზე დაბრუნების საქმეში.

უნდა აღინიშნოს, რომ 2013 წლის იანვარ-ივნისში ღვინის ექსპორტმა შეადგინა 11,4 მლნ. ბოთლი, რაც 24%-ით მეტია წინა წლის შესაბამისი პერიოდის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

2013 წლის პირველ ნახევარში ქართული ღვინის ექსპორტით მიღებულმა შემოსავლებმა შეადგინეს 33 709 727 ლარი, რაც 3,5 მლნ ლარით აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის ანალოგიურ მაჩვენებელს.

დადებითი ტენდენციები შეიმჩნევა გასაღების ბაზრების დივერსიფიკაციის მხრივაც. კერძოდ, 2013 წლის პირველ ნახევარში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით დაფიქსირდა 96%-იანი ზრდა ბელორუსიის, 29%-იანი ყაზახეთის, 25%-იანი - ლატვიის, 32%-იანი ესტონეთის, 22%-იანი აშშ-, 137%-იანი დიდი ბრიტანეთის, 54%-იანი ჰონკონგის და სხვა ქვეყნების მიმართულებით. საანგარიშო პერიოდში დაფიქსირდა 2 ახალი ქვეყნის რუსეთისა (რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია) და ბრაზილიის ბაზარზე ქართული ღვინის ექსპორტი.

/სრული ინფორმაცია - ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ - ოქმს თან ერთვის/.

აზრი გამოთქვეს:
  1.  ვ. ჩიტაშვილი: მაინტერესებს, თუ გაქვთ სამომავლო გეგმა მესხური ვაზის ჯიშების მოძიების, ღვინის ჩამოსხმის, მათი პოპულარიზაციის, ზოგადად აბორიგენულ ვაზის ჯიშებთან დაკავშირებით?

 2. გ. სამხარაული: როგორც ვიცით, 65-მდე ღვინის კომპანიამ გაიარა რეგისტრაცია რუსეთის ბაზარზე საექსპორტოდ, აქედან 11 კომპანიას მიეცა რუსეთის ფედერაციაში თავიანთი პროდუქციის ქსპორტის უფლება. რა პროცედურებია გასავლელი ამისათვის, რა კრიტერიუმებით შეირჩა ეს 11 კომპანია, რა ელით დანარჩენ კომპანიებს?

 3.  თ. მაისურაძე: ვინ ახორციელებს ღვინის ხარისხის შემოწმებას? სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია?

4. გ. გელაშვილი: მაინტერესებს, რამდენად არის დაცული ღვინის ხარისხი, რამდენად არიან მზად ღვინის კომპანიები მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, რომ აწარმოონ ხარისხიანი პროდუქცია?

 5. პ. კვიჟინაძე: ღვინის ექსპორტის სტატისტიკა როგორია? თუ გაქვთ რაიმე შეზღუდვა, რა რაოდენობის ბოთლი უნდა გავიდეს?

 6 .თ. ყაჭეიშვილი: შამპანურზე არ გითქვამთ არაფერი. ქართული შამპანურის ხარისხმა დაიწია. ჩვენი ამოცანაა, შევინარჩუნოთ ქართული ელიტური ჯიშები. რა ფუნქცია აქვს სააგენტოს, ვინ აკეთებს კოორდინაციას რთველთან დაკავშირებულ სამუშაოებზე?

 7. გ. სამხარაული: მაინტერესებს ინფორმაცია ქვევრის ღვინოებთან დაკავშირებით.

 8. ლ. დავითაშვილი: მესხურ და აბორიგენულ ვაზის ჯიშებზე იყო კითხვა. ძალიან მნიშვნელოვანია ჯიშური მრავალფეროვნების დაცვა. ეს არის ჩვენი სტრატეგიის ნაწილი, დავიცვათ და დავარაიონოთ ქართული ადგილობრივი ჯიშები. ჩვენ ვცდილობთ, ვიყოთ კონკურენტუნარიანი ბაზარზე და ამავე დროს შევინარჩუნოთ ის დიდი მემკვიდრეობა, რაც გვაქვს. არსებობს საქართველოში რამდენიმე გაერთიანება. ჩემი პირადი რჩევა იქნებოდა, ამ საქმით დაინტერესებულმა პირებმა კოლეგებთან ურთიერთობა დაამყარონ. რაც შეეხება 65 კომპანიას, მხოლოდ 11 კომპანიაა, რომელიც რუსეთის ბაზარზე ექსპორტს ეწევა. ქართული ღვინის დაბრუნების პროცედურები შემდეგია: პირველ ეტაპზე ხდებოდა საწარმოების დათვალიერება, შემდეგ რისკის ფაქტორებს აფასებდნენ. შეიძლება საწარმო ტექნიკურად კარგად არის აღჭურვილი, მაგრამ მისი წარმოებული პროდუქტი რისკიანი იყოს მომხმარებლისთვის. შემდეგი კითხვა იყო, ვინ არჩევს ამ საწარმოებს. ჩვენს ვებ-გვერდზე დევს ინფორმაცია ამის თაობაზე, ეს არის სტანდარტული პროცედურა. საჭიროა პროდუქციის იმპორტისათვის სპეციალური განცხადების შევსება. განაცხადს რუსული მხარე ამუშავებს და შემდეგ ის კომპანია შედის სიაში, რომელიც უნდა დათვალიერდეს. ამის შემდეგ ჩამოდიან და ადგილზე ეცნობიან საწარმოს. ზაფხულის ბოლოს 30-მდე კომპანიის პროდუქტის ექსპორტი განხორციელდება რუსეთის ბაზარზე. რაც შეეხება მარკეტინგს, რუსეთის ბაზარი 5-10%-ით უფრო ძვირია, ვიდრე მაგ: უკრაინის. უფრო დიდია ფასი ჩინეთის მიმართულებით, პოლონეთის მხარეს ნაკლებია. თუ 2012 წელს გვქონდა 24 მლნ. ბოთლის ექსპორტი, 2013 წლის ბოლოს 30 მლნ.-ს გადავცდებით. რაც შეეხება, ხარისხის კონტროლს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია ღვინის ხარისხის კონტროლს არ ახორციელებს. არის 4 კერძო ლაბორატორია, რომელიც აკრედიტირებულია აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის მიერ. გამოცდის ოქმის საფუძველზე, ჩვენ ანალიტიკურ ინფორმაციას ვეყრდნობით და გავცემთ სერტიფიკატს. ჩვენი პრიორიტეტი უნდა იყოს ხარისხიანი ღვინის წარმოება, ჩვენი ამოცანაა მაღალფასიან სეგმენტში ვიმუშავოთ. კვოტირებას რუსეთში რაც შეეხება, არანაირი კვოტირება და ლიმიტები არ არის დაწესებული, ეს დამოკიდებულია ჩვენს მარკეტინგზე, წარმატებაზე, რამდენად ეფექტურები ვიქნებით რუსეთის ბაზარზე. რაც შეეხება, შამპანურის ხარისხს, დღეს შამპანურის წარმოება არის 3 მლნ. ბოთლი, მაგრამ ხარისხობრივად, ვფიქრობ, პროგრესი შეიმჩნევა 5 წლის წინანდელ შამპანურთან მიმართებაში. ქვევრის ღვინის საკითხი, ძალიან კარგი თემაა. არის უამრავი მასალა, რომ სასარგებლოა, ანტიოქსიდანტების შემცველია და ა.შ. ქართული ქვევრის ღვინის დარეგისტრირება მოხდება, როგორც კულტურული მემკვიდრეობისა. ეს გადაწყვეტილება მიღებული იქნება, სავარაუდოდ, ნოემბერში.  

 9. გ. აგულაშვილი: დღეს წარმოდგენილ მოხსენებაში არის პოზიტიური მაჩვენებლები. დამაიმედებელია, რომ ექსპორტის 24%-იანი ზრდა გვაქვს. ეს ტენდენცია გაგრძელდება. ის, რომ 25 მლნ. ლარი, რომელიც ბიუჯეტში გამოყოფილია რთველის პროგრამისთვის და რომელიც შეიძლება აღარ გაიხარჯოს კერძო ბიზნესის დაინტერესების გამო, ნიშნავს, რომ პროცესები სწორი მიმართულებით მიდის, მევენახეობის აღორძინების გზას ვადგავართ. ჩემთვის მთავარი კომპონენტია ხარისხი. ვფიქრობ, სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ღვინის სააგენტოს და ჩვენი უპირველესი და უმთავრესი ამოცანაა, არ მივცეთ საშუალება მეწარმეებს, ღვინის ხარისხი დაეცეს. საქართველოში არ შეიძლება უხარისხო სასმელი იწარმოებოდეს. ვინმე უნდა იყოს პასუხისმგებელი ამაზე. მოხსენება საინტერესოა, მაგრამ ინდიკატორები არ არის, რომ წლის ბოლომდე გავაკეთოთ დასკვნა, რა შესრულდა, ან არ შესრულდა. როგორ შევაფასო? 2 ციფრი გავიგე, რაც ითქვა. 2013 წლის ბოლომდე 30-35 მლნ. ბოთლი გავა ექსპორტზე, 2014 წლის ბოლომდე - 40 მლნ.-მდე. დანარჩენი ინფორმაცია, რაც თქვენს ანგარიშში დევს, არის ინფორმაცია. მომავალში, იქნებ, მოხსენება დატვირთული გახდეს. შთაბეჭდილება მრჩება, რომ ინდუსტრიულ მეღვინეობას უფრო მეტ ყურადღებას აქცევთ, ვიდრე მცირე მეწარმეებს. იქნებ, იყოს სააგენტოს საქმიანობაში ცალკე მიმართულება მცირე მეწარმეების დახმარებისათვის. მე ვხედავ პრობლემას შიდა ბაზარზე. ვიფიქროთ გატანაზე, მაგრამ უნდა ვიფიქროთ შიდა ბაზარზეც. ველოდები, რომ წყვილები შევქმნათ ღვინოსთან მიმართებაში. ქართული სამზარეულოც კარგი გვაქვს და ღვინოც. ასეთი წყვილები, (რომელ ქართულ კერძს, რომელი ღვინო უხდება), ღვინის პოპულარიზაციის ერთ-ერთი მეთოდია. დროა დავიწყოთ დიალოგი საკანონმდებლო ბაზაზე. კომიტეტი მზად არის, რა ფორმატშიც გაქვთ საკანონმდებლო ინიციატივები, იმ ფორმატში დავიწყოთ მუშაობა. მივიწყებული გარდამავალი დებულებებიც გავიხსენოთ და ჩავხედოთ. გთავაზობთ, დაინტერესებულ დეპუტატებს, ჩვენ და თქვენ, ერთად სამუშაო შეხვედრა მოვაწყოთ და ასეთ რეჟიმში გავაგრძელოთ მუშაობა. 

გადაწყვიტეს:

კომიტეტმა ცნობად მიიღო ინფორმაცია - საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშის თაობაზე (6 თვის შედეგების მიხედვით).

  II.მოისმინეს:

 

გ. მერებაშვილის ინფორმაცია სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშის თაობაზე. სსიპ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია შეიქმნა 2006 წელს საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 10 მასის #307 ბრძანებულებით.

ლაბორატორიის ძირითად ფუნქციებს განეკუთვნება:

ა) ცხოველთა (მ.შ. ფრინველი, თევზი, ფუტკარი) დაავადებებისა და გადამდები სნეულებების აღმძვრელების ლაბორატორიული კვლევა და დიაგნოსტიკა;

) ცხოველური და მცენარეული წარმოშობის საკვები პროდუქტებისა და ნედლეულის, ცხოველთა საკვებისა და ნედლეულის, უალკოჰოლო სასმელებისა და სასმელი წყლის ექსპერტიზა, ხარისხისა და საკვებად ვარგისიანობის განსაზღვრა;

) მცენარეთა საკარანტინო და სხვა საშიში მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკა.

ლაბორატორია მასზე დაკისრებული ფუნქციების შესრულებას უზრუნველყოფს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული ორგანოების მეშვეობით.

ტერიტორიული ორგანოებია: ქუთაისის და ახალციხის ზონალური დიაგნოსტიკის ლაბორატორიები და გურჯაანის, მარნეულის, დუშეთის, გორის, ოზურგეთის, ზუგდიდის, ამბროლაურის და ბათუმის საველე სადგურები.

აშშ თავდაცვის სამინისტროს საფრთხის შემცირების სააგენტო (DTRA), საქართველოში „ბიოლოგიური საფრთხის შემცირების“ პროგრამის ფარგლებში ახორციელებს პროგრამას რომელიც ითვალისწინებს განსაკუთრებით საშიშ პათოგენებზე მომუშავე ლაბორატორიების აღჭურვას თანამდეროვე აპარატურით და თანამშრომელთა მომზადებას. ამ პროგრამის ფარგლებში გარემონტდა და აღიჭურვა ლაბორატორიის კუთვნილი შენობა-ნაგებობები, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში, ხოლო ახალციხეში, ამბროლაურსა და ოზურგეთში აშენებული იქნა ლაბორატორიის ახალი შენობები.

აღნიშნული პროგრამის განხორციელების შედეგად, ჩვენ დღეს გაგვაჩნია თბილისში, ქუთაისში და ახალციხეში ზონალური დიაგნოსტიკის ლაბორატორიები, რომლებიც არიან ბიოუსაფრთხოების მეორე დონის (BSL 2), მთლიანად აღჭურვილია ლაბორატორიული დიაგნოსტიკის თანამედროვე აპარატურით, დანერგილია დიაკნოსტიკის უახლესი მეთოდები (ELISA, PCR და სხვა) და დაკომპლექტებულია კვალიფიციური კადრებით, ხოლო საველე სადგურები, სადაც ხორციელდება ნიმუშების (პათმასალის) ლაბორატორიული დამუშავება და პირველადი დიაგნოსტიკა, ასევე აღჭურვილია   საჭირო აპარატურით და დაკომპლექტებულია კვალიფიციური კადრებით.

დღეისათვის ლაბორატორია მზად არის მთლიანად დააკმაყოფილოს ყველა ის მოთხოვნა რაც შეიძლება ქვეყანაში არსებობდეს ცხოველთა დაავადებებისა და გადამდები სნეულებების აღმძვრელთა გამოკვლევებისა და ლაბორატორიული დიაგნოსტიკის კუთხით.

/სრული ინფორმაცია - სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის მიერ გაწეული საქმიანობის თაობაზე - ოქმს თან ერთვის/ 

გადაწყვიტეს: 

კომიტეტმა ცნობად მიიღო ინფორმაცია - საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშის თაობაზე (6 თვის შედეგების მიხედვით).

 

   

სხდომის თავმჯდომარე:                                                                   . აგულაშვილი

 

 სხდომის მდივანი:                                                                             . ქიტიაშვილი